• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე ერაყში „ადამიანთა ძმობის“ სახელით


პაპი ფრანცისკეს 5-8 მარტის ვიზიტს ომით გატანჯულ ერაყში, ისტორიული მნიშვნელობა აქვს.


იგი მართლაც ისტორიული, უპრეცედენტო, შორსმჭვრეტელური და წინასწარმეტყველურია! ამავე დროს, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი გზავნილი სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვისაც.


ერაყში პაპი ფრანცისკე ეწვევა ბაღდადს, ნაჯაფს, ურს, ერბილს, მოსულს და ყარაყოშს - ადგილებს, რომლებიც უამრავ მოგონებას, გრძნობასა და ტკივილს აღძრავს. იგი შეხვდება სამოქალაქო ხელისუფალთ და ყველა რელიგიური ტრადიციის ლიდერებს, ილოცებს კონფლიქტებისა და ომების გამომწვევი იდეოლოგიებით დაზარალებულთათვის, ესტუმრება წამებულ ქრისტიან მორწმუნეებს.


ვიზიტი ისტორიულია, რადგან ეს რომის პონტიფექსის პირველი ვიზიტია ერაყში, აბრამისეული ტრადიციების კერაში, „პირველი აღთქმის“ (ძველი აღთქმის) და წინასწარმეტყველთა მიწაზე.


პაპი ფრანცისკე ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მსოფლიო ლიდერთაგანია, ვინც ამგვარ ვიზიტს ახორციელებს და ერთადერთი თანამედროვე მსოფლიო ლიდერი, რომელიც ამას მშვიდობის სახელით აკეთებს. ვიზიტი უპრეცენდენტოა, რადგან ეწინააღმდეგება ექსპერტთა რჩევებს, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სტრატეგიულ მოსაზრებებს. იგი არც თვით პაპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშს უწევს ანგარიშს, არ უშინდება ძალადობის საფრთხეს, არც კოვიდ-19-ის მსოფლიო პანდემიურ კრიზისს და არც ბოლოდროინდელ დაულაგებელ ისტორიულ-რელიგიურ ფონს.


ვიზიტი მართლაც შორსმჭვრეტელურია რადგან, პეტრე მოციქულის 85 წლის მემკვიდრე სწორედ მაშინ ჩნდება „სცენაზე“, როცა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ, პანდემიური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებით გატანჯულ მსოფლიოს სხვა რამისთვის უბრალოდ აღარ სცხელა. ამით პაპი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოს არცერთ წერტილში, არავითარი კონფლიქტი თუ კრიზისი არ არსებობს ცალკეული ადამიანის პირადი არსებობიდან განყენებულად.


ვიზიტი წინასწარმეტყველურია, რადგან, პაპი ეხმიანება იმ ჭეშმარიტებებს, რომელსაც ყოველი რელიგია თავის თავში მოიცავს. ღმერთისეული მშვიდობა მხოლოდ ადამიანთა ძმობით თუ მიიღწევა. ამგვარი ძმობა კი ნებისმიერ განსხვავებულობაზე, კატეგორიასა და კერძო ინტერსებზე მაღლა დგას.


ჩვენ, სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებთ კი პაპის ვიზიტი ერაყში მიგვანიშნებს, რომ მოუწესრიგებელი საერთო ვითარება სულ უფრო და უფრო გაუსაძლისს ხდის ადამიანის არსებობას. მშვიდობისა და ადამიანთა ძმობის პაპისეული გზავნილი წინასწარმეტყველურია. იგი მოგვიწოდებს გულწრფელი და ფართო ადამიანური დიალოგისკენ, რაც დღევანდელ „საერთო სოფელში“ წინსვლის ერთადერთი გზაა.


ვატიკანის საელჩო საქართველოში