გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO–ს დაარსებიდან 75–ე წლისთავთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ დაწესებულების გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის და მის თანამშრომლებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

წმინდა მამამ ხაზი გაუსვა ეკლესიისა და UNESCO–ს მჭიდრო კავშირს:
“ეკლესია სახარების მსახურებაში დგას, სახარება კი ყველაზე ჰუმანური გზავნილია კაცობრიობის ისტორიაში. ცხოვრების თავისუფლებისა და იმედის ამ გზავნილმა შთააგონა უთვალავი საგანმანათლებლო ინიციატივა, ყველა ეპოქასა და ადგილზე, რაც აცოცხლებს ადამიანური ოჯახის მეცნიერულ და კულტურულ ზრდას.
სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში არის წმინდა საყდრის პრივილეგირებული პარტნიორი. იგი ემსახურება ხალხთაშორის მშვიდობასა და სოლიდარულობასადამიანის ყოველმხრივი განათლების საქმეში, ასევე კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას”.
ვიდეომიმართვის ბოლოს, რომის ეპისკოპოსმა გამოხატა მადლიერება და იუნესკოს უსურვა ყოველივე საუკეთესო, მათი საქმიანობის კურთხევა.
UNESCO გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.
ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. .
წყარო: https://www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი