• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ყაზახეთში მშვიდობისათვის ლოცულობს

პაპმა ფრანცისკემ ყაზახეთში შეტაკებებისას დაღუპულთა სულებისათვის პარაკლისი აღავლინა და ყაზახეთში მცხოვრები ადამიანები ღვთისმშობელს შეავედრა.



“ძვირფასო ძმებოდა დებო. დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ ყაზახეთში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობებს მსხვერპლი მოჰყვა. მე ვლოცულობ დაღუპულთა სულებისა და მათი ახლობლებისათვის. იმედს გამოვთქვამ, რომ დიალოგის, სამართლიანობისა და საერთო სიკეთეების ძიების წყალობით,მალევე აღდგება სოციალური ჰარმონია. ვავედრებ ყაზახ ხალხს ოზიორის სამლოცველოს, სამყაროს დედუფალ მარიამის მფარველობას”, – განაცხადა წმინდა მამამ.


ცნობისთვის, ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.


ყაზახეთში დაახლოებით 250 000 კათოლიკეა, რომელთაგან ბევრი ეთნიკური პოლონელი, გერმანელი და ლიეტუელია. კათოლიკე მოსახლეობა აქ მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა დეპორტაცია განახორციელა.


ყაზახეთის კათოლიკეების უმეტესობა ლათინური წესის მიმდევარია, თუმცა ასევე არიან აღმოსავლური რიტის წარმომადგენლები, დაახლოებით 3 000 ადამიანი, რომლებიც უმცირესობას შეადგენენ.


იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც 2001 წელს ყაზახეთს ეწვია. პაპი ფრანცისკე ამ ქვეყანაში მოგზაურობას პანდემიის გავრცელებამდე გეგმავდა.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი