top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიებს პატრიარქის გადაყენების უფლება მისცა

Sep 1
3 min read

პაპმა ლეონ XIV-მ 29 აგვისტოს გამოაქვეყნა დოკუმენტი Motu Proprio, რომლითაც აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების ეპისკოპოსთა სინოდს შეუძლია საკუთარი პატრიარქის თანამდებობიდან გადაყენება იმ შემთხვევაში, თუ „სერიოზული მიზეზის გამო“ მათ შორის კავშირი „გამოუსწორებლად დაზიანებულია“ და აუცილებელია „დარღვეული ერთობის აღდგენა, მათ შორის, პატრიარქის თანამდებობიდან გათავისუფლების გზით“. თუმცა სინოდის გადაწყვეტილებას საბოლოოდ პაპის თანხმობა დასჭირდება.



დოკუმენტით ცვლილებები შედის აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსის 106-ე და 126-ე კანონებში და ეპისკოპოსთა სინოდს ენიჭება უფლებამოსილება, „დადგენილი პროცედურის“ შესაბამისად, პატრიარქი თანამდებობიდან გადააყენოს იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული მიზეზების გამო მათ შორის ურთიერთობა გამოუსწორებლად არის დაზიანებული. ახალი დებულებები „დაუყოვნებლივ შედის ძალაში“.


კანონიკური კოდექსის თანახმად, აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების ეპისკოპოსთა სინოდის უფლებამოსილებაში შედის პატრიარქის არჩევა, მისი დანიშვნის გამოცხადება, ინტრონიზაციის (აღსაყდრების) განხორციელება და ასევე, პაპთან კონსულტაციის შემდეგ, გადადგომის შესახებ განცხადების მიღება.


ახლა კი, Motu Proprio-ს საფუძველზე, სამოციქულო საყდრის პრეროგატივების შენარჩუნებით, ეპისკოპოსთა სინოდებს დაეკისრათ მოვალეობა, „აღადგინონ დარღვეული ერთობა, მათ შორის, სერიოზული მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი პატრიარქის თანამდებობიდან გადაყენების გზით“. ამასთან, პროცედურა უნდა წარიმართოს ისე, რომ პატრიარქს „სინოდის წინაშე სრული დაცვის უფლება“ ჰქონდეს.


სინოდის გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემა პაპის უფლებამოსილებაა. ამით, როგორც დოკუმენტშია განმარტებული, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ აღმოსავლელი ეპისკოპოსები გადაწყვეტილების მიღებისას „სრული თავისუფლებით“ სარგებლობდნენ და დაცული იყვნენ „ნებისმიერი შესაძლო არასათანადო შიდა თუ გარე ზეწოლისგან“.


აღმოსავლეთის ეკლესიების კანონთა კოდექსში მანამდე არ არსებობდა კონკრეტული დებულება, რომელიც განსაზღვრავდა, როგორ უნდა ემოქმედათ იმ შემთხვევაში, თუ ეპისკოპოსთა სინოდსა და პატრიარქს შორის „ერთობა სერიოზულად და გამოუსწორებლად დაირღვეოდა“.


ეპისკოპოსთა სინოდის მოწვევა პატრიარქის მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო


წმინდა მამის დადგენილების მიხედვით, 106-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის უნდა დაემატოს ახალი, მე-3 პარაგრაფი (§3), რომელშიც დაზუსტებულია: „თუ პატრიარქი არ ასრულებს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ მოვალეობებს, საპატრიარქო ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდი კანონიერად შეიძლება მოიწვიოს საეპისკოპოსო კურთხევით ყველაზე უფროსმა ხმის უფლების მქონე ეპისკოპოსმა; ხოლო თუ ისიც არ განახორციელებს მოწვევას, ეს უფლებამოსილება გადადის საეპისკოპოსო კურთხევით მომდევნო უფროს ხმის უფლების მქონე ეპისკოპოსებზე, რომლებიც ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ“.


პატრიარქის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა


Motu Proprio-ს მიხედვით, 126-ე მუხლში ემატება მე-4 პარაგრაფი (§4), რომელიც ადგენს, რომ „სერიოზული მიზეზის გამო, რომელსაც ასეთად ცნობს საპატრიარქო ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდი, ამავე სინოდს, რომელიც მოწვეულია 106-ე მუხლის პირველი პარაგრაფის მე-3 პუნქტისა და 108-ე მუხლის მე-3 პარაგრაფის შესაბამისად, შეუძლია სთხოვოს პატრიარქს თანამდებობიდან გადადგომა“. მომდევნო, მე-4 პარაგრაფით (§4) კი განისაზღვრება, რომ თუ ასეთი თხოვნის შემდეგ „პატრიარქი არ გადადგება თანამდებობიდან, საეპისკოპოსო კურთხევით ყველაზე უფროსი ხმის უფლების მქონე ეპისკოპოსი უზრუნველყოფს სინოდის მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევას, რომელიც პატრიარქის გადაყენების საკითხს ფარულ კენჭისყრაზე დააყენებს სინოდის ხმის უფლების მქონე წევრთა სულ მცირე ორ მესამედს შორის, თავად სინოდის წინაშე პატრიარქის დაცვის უფლებით“. თავმჯდომარეს ასევე ევალება პაპის ინფორმირება, რომელმაც უნდა მისცეს „თანხმობა გადაყენებაზე, რაც საპატრიარქო ტახტს ვაკანტურს გახდის“.


„წმინდა კავშირი“ პატრიარქსა და ეპისკოპოსთა სინოდს შორის


ვინაიდან აღმოსავლურ ეკლესიებში არსებობს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც აერთიანებს პატრიარქს, რომელიც თავის საპატრიარქო ეკლესიას უძღვება, როგორც მამა და წინამძღოლი (მუხლი 55) და ეპისკოპოსთა სინოდს, რომელსაც თავად იწვევს და უძღვება, ნაყოფიერი საეკლესიო ცხოვრების, სულის ერთობისა და ეკლესიის ერთადერთი ინტერესის წინაპირობა მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობის არსებობაა. თუმცა აღმოსავლურ ეკლესიათა კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს ეპისკოპოსთა სინოდების ფუნქციონირებასა და ამოცანებს, არაფერს ადგენდა იმ შემთხვევისთვის, თუ პატრიარქსა და სხვა ეპისკოპოსებს შორის წმინდა კავშირი უიმედოდ დაირღვეოდა“, რაც წარმოქმნიდა „სერიოზულ უფსკრულს, რომლის გამოსწორებაც აუცილებელი გახდებოდა, როგორც ამას აღმოსავლური ეკლესიის ეპისკოპოსები მოითხოვდნენ“.


ეკლესიური ერთობის აღდგენა


ამრიგად, Motu Proprio-თი ძალაში შედის ახალი წესი, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული პატრიარქსა და სინოდს შორის გამოუსწორებელი განხეთქილების შემთხვევაში, თუკი პატრიარქი თანამდებობიდან ნებაყოფლობით არ გადადგება.


როგორც ლეონ XIV განმარტავს, თუ „ეკლესიური ჰარმონია სერიოზულად არის დარღვეული“, აუცილებელია მისი აღდგენა „ეკლესიური ერთობის კონტექსტში“. სწორედ ამიტომ, სინოდურ კრებას, განსაკუთრებით საგანგებო ვითარებაში, როდესაც ერთობა „სერიოზულად და გამოუსწორებლად არის დაზიანებული“, ახლა შეუძლია პატრიარქს საკუთარი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების გამო პასუხი მოსთხოვოს.


ახალი ნორმები განსაზღვრავს, რომ სინოდმა უნდა ჩამოაყალიბოს ის სერიოზული მიზეზები, რომლებმაც ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვია; უნდა დადგინდეს, ვინ და როგორ მოიწვევს სინოდს; განისაზღვროს, რა უმრავლესობაა საჭირო პატრიარქის უფლებამოსილების შესაწყვეტად და უზრუნველყოფილი იყოს პატრიარქის დაცვისა და საკუთარი პოზიციის წარდგენის უფლება.


რომელ ეკლესიებზე ვრცელდება ახალი ნორმები?


პაპის ახალი დებულებები მიზნად ისახავს აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების ეპისკოპოსთა სინოდების უფლებამოსილების გაძლიერებას. მათ ენიჭებათ ახალი შესაძლებლობა, რომელიც შეესაბამება ამ ეკლესიების, როგორც sui iuris ეკლესიების, ბუნებას.


ამით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება იმ საკითხზე, რომელიც თავად ამ ეკლესიებში წარმოიშობა, უფრო მეტად მათ უბრუნდებათ, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ შექმნილი ვითარების უკეთ გაგება და შეფასება. ამავე დროს, რომის პაპი გარანტის როლს ინარჩუნებს.


Motu Proprio-ში განსაზღვრული ახალი წესები, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვრცელდება ასევე მთავარეპისკოპოსურ ეკლესიებზე (Chiese arcivescovili maggiori; იხ. კანონი 152).


შოთა გიქოშვილი




Comments


bottom of page