• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ბერ–მონაზვნებს მოუწოდა წმინდა იოსებს მიჰბაძონ



ვატიკანში,პაპმა ფრანცისკემ პირად აუდიენციაზე ავგუსტინელ–რეკოლექტელთა ორდენის რიგით 56–ე გენერალური შეხვედრის მონაწილეები მიიღო. აღნიშნული შეხვედრისმთავარი თემა იყო: ჩვენ მივდივართ ერთად: “მე მოვედი, რათა სიცოცხლე გქონდეთ” (იოან. 10,10).


სახარების ამ ციტატაზე დაყრდნობით, რომელიც კაპიტულის უმთავრესი მამოძრავებელია, პაპმა ფრაცნისკემ აღნიშნა, რომ ავგუსტინელების საერთო გზა მთელს ეკლესიასთან თანაზიარებაზე გადის, სინოდური სულისკვეთებით, რომელიც თვალებითა და გულით მიისწრაფვის იესოსაკენ. რომის ეპისკოპოსმა შესთავაზა სტუმრებს ეფიქრათ მათი ორდენის ზეციურ მფარველზე – წმინდა იოსებზე.


„ყოველი ბერ–მონაზონი, ღვთისადმი შეწირული ყოველი ადამიანი, ყოველი მღვდელი, მოწოდებულია წმინდა იოსების მსგავსად ჰქონდეს მამობრივი გული, ანუ გული, რომელიც ისწრაფვის შეიყვაროს და ზრუნვით მოიცვას მისდამი მინდობილი შვილები.განსაკუთრებით, ყველაზე ჩაგრულნი, ტანჯულნი, მამობრივ ზრუნვას მოკლებულნი. იგი ვერ მოისვენებს, სანამ ყოველ მათგანს არ მიიყვანს ღმერთამდე, მასთან შესახვედრად, რათა ყველას ჰქონდეს სიცოცხლე და ის უხვად მიეცეს, როგორც ნათქვამია ჩვენი კაპიტულეს უმთავრეს გზამკვლევში, სახარებაში.


თუმცაღა, ჩვენ ვერ შევძლებთ ვიყოთ ნამდვილი მამები, თუ არ ვიგრძნობთ თავს ზეციერი მამის შვილებად, რომელსაც ვუყვარვართ და ისმენს ჩვენსას, იცის ჩვენი საჭიროებები და გვიჩვენებს წინ სავალ გზას. ყოველდღე მივმართოთ მას დარწმუნებულებმა და სასოებით აღსავსეებმა, მაშინაც კი, თუ ყველაზე ნაკლებად მოწოდებულნი ვიქნებით“, – განაცხადა რომის ეპისკოპოსმა და ამ გზით გამოხატა თავისი სიახლოვე ბერ–მონაზვნებისადმი.


წმინდა მამის სიტყვების თანახმად, წმინდა იოსების კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა შემოქმედებითი გამბედაობა.

„წმინდა იოსებისთვის, ისევე როგორც ახლა ჩვენთვის, არ ყოფილა ადვილი, მაგრამ იგი სრულად მიენდო ღმერთს და მიუძღვნა მთელი თავის შესაძლებლობები, ნიჭები და უნარები ღმერთის მსახურებას. უფალი კი თავის მხრივ მიენდო წმინდა იოსებს და მიანდო თავისი მადლი მისდამი დაკისრებული ურთულესი მისიის შესრულებისათვის“.

პაპმა მოუწოდა ბერ–მონაზვნებს, თავი ისევე მიუძღვნან ღმერთს, როგორც ეს თავიანთი პირველი აღთქმისას გააკეთეს, რათა გახდნენ ღმერთისათვის სასურველ წმინდა მსხვერპლად (რომ. 12.1) და გაემართონ მისიაზე რწმენით, გამბედაობითა და შემოქმედებითი მიდგომებით.


„უფალი ჩვენთან არის, ის მიგვიძღვის და გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში“, – ხაზი გაუსვა პაპმა თავისი მიმართვის ბოლოს და მისცა მათ სამოციქულო კურთხევა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი