top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა მართლმადიდებლებს ხილული საეკლესიო ერთობისკენ მოუწოდა

28 ივნისს, პაპმა ლეონ XIV– მ მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც წმიდა პეტრესა და პავლე მოციქულთა დღესასწაულის აღსანიშნავად ტრადიციულად ვატიკანს ეწვია.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი, რომელიც ასევე არის სინოდალური კომისიის თავმჯდომარე კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობის საკითხებში.

 

სიტყვით გამოსვლისას, პაპმა აღნიშნა, რომ პონტიფიკატის დაწყების შემდეგ, ეს იყო მისი პირველი შეხვედრა კონსტანტინოპოლის დელეგაციასთან. მან ხაზი გაუსვა, რომ რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ყოველწლიური ურთიერთობა ძმური ერთობის ნიშნად უნდა იქნეს აღქმული და სიმბოლურად ასახავს წმიდა მოციქულ პეტრესა და ანდრიას – ამ ორი ეკლესიის მფარველის – ურთიერთობას.


ლეონ XIV-მ გაიხსენა წმიდა პავლე VI-სა და პატრიარქ ათინაგორას მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიალოგის განახლება. მან ასევე მადლიერება გამოხატა პატრიარქ ბართლომეს მიმართ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაში  მონაწილეობისა და პაპის პირველ ლიტურგიულ მსახურებაზე დასწრებისთვის.

ლეონ XIV-მ ხაზი გაუსვა თავის სურვილს – „აღდგეს სრულად ხილული ერთობა ჩვენს ეკლესიებს შორის“. მისივე თქმით, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის დახმარებით, მუდმივი ძმური დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ყურადღების გზით:


„ღია ვარ ყოველთვის ამ მიმართულებით ნებისმიერ შეთავაზებაზე, კათოლიკე  ეკლესიის ეპისკოპოსების რჩევით, რომელთაც ჩემთან ერთად აკისრიათ პასუხისმგებლობა ეკლესიის სრულ, ხილულ ერთობაზე.“


სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ლეონე XIV-მ მიმართა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მოციქულებს – პეტრეს, პავლესა და ანდრიას – და სთხოვა მათ რომ მფარველობდნენ ეკლესიის სახარებისეულ მისიას.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page