10 მაისს, ვატიკანში საჯარო აუდიენციაზე პაპი ფრანცისკე ალექსანდრიის პაპსა და წმინდა მარკოზის ტახტის მემკვიდრეს, კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, თეოდორიუს II –ს მიესალმა.
მისალმებისას, პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მართლმადიდებელმა იერარქმა სიხარულით მიიღო მისი მიწვევა ჩასულიყო მარადიულ ქალაქში, რათა ერთობლივად ეზეიმათ პაპ პავლე VI -სა და ალექსანდრიის პაპის, შენუდ III - ის ისტორიული შეხვედრის 50 წლისთავი, რომელიც ვატიკანში, 1973 წელს შედგა.
“ეს იყო რომის ეპისკოპოსსა და კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც 10 მაისს საერთო ქრისტოლოგიური დეკლარაციის სამახსოვრო ხელმოწერით დასრულდა. ამის სამახსოვროდ, მისი უწმინდესობა, თეოდორიუსი ათი წლის წინ, 10 მაისს, თავისი და ჩემი არჩევიდან მალევე პირველად ჩამობრძანდა ჩემთან და შემომთავაზა ყოველ 10 მაისს აღგვენიშნა კოპტურ-კათოლიკური მეგობრობა, რომელსაც მას შემდეგ ყოველ წელს ვზეიმობთ”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ.
წმინდა მამამ სულიერ ძმას კეთილი სურვილები მიუძღვნა:
“დაე, თქვენი ვიზიტი რომში და ყოველი შეხვედრა, რომელსაც აქ აღასრულებთ, განსაკუთრებით კი ჩვენი პირადი საუბრები, იყოს სულიწმინდით განსხივოსნებული. მე მთელი გულით გამოვხატავ მადლიერებას თქვენ მიმართ კათოლიკე ეკლესიასა და კოპტურ-მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მზარდი მეგობრობისადმი თქვენი სწრაფვის გამო”.
თეოდორიუს II კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის 118-ე პაპი და პატრიარქია. იგი პაპად აირჩიეს საკუთარ დაბადების დღეზე 2012 წლის 4 ნოემბერს.
განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში. პაპად არჩევამდე იყო ეპისკოპოსი და კოპტური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments