მარიამის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე, პაპმა ფრანცისკემ ღვთისმშობლის თაყვანისცემის პირადი აქტი აღავლინა. მან ღვთისმშობლის ქანდაკების წინ სნეულთა და ტანჯულთათვის ილოცა.
უბიწო ჩასახვის დღესასწაულზე, რომელიც კათოლიკე ეკლესიაში ლიტურგიულად 8 დეკემბერს აღინიშნება, პაპი ფრანცისკე პიაცა დი სპანიაში გაემგზავრა და ოთხშაბათს დილის 6:15 საათზე ღვთისმშობლის ქანდაკებას თაყვანი სცა.
წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა პაპმა თეთრი ვარდების თაიგული მარიამის ქანდაკების სვეტის ძირში დადო და ლოცვით მიმართა ღვთისმშობელს. მან მარიამს შუამავლობა სთხოვა ავადმყოფების განკურნებისათვის სასწაულის მოსახდენად – ომებითა და კლიმატური კრიზისით დაავადებული ხალხის გამოჯანმრთელებისთვის.
წმინდა მამამ ასევე ილოცა იმ ადამიანთა გარდასახვისა და გულის გათბობისათვის, რომლებიც სხვისი ტკივილისგან თავის დასაღწევად კედლებს აშენებენ.
პაპმა პიაცა დი სპანია დაახლოებით დილის 6:20 საათზე დატოვა და წმინდა მარია მაჯორეს ეკლესიაში წავიდა. იქ მან ილოცა მარიამის ხატის წინაშე. ხოლო დილის 7:00 საათზე ვატიკანში დაბრუნდა.
27 ნოემბერს გამოცხადდა, რომ Covid-19–ით გამოწვეული კრიზისის გამო, პიაცა დი სპანიაში პაპი არ წარუძღვებოდა ტრადიციულ ცერემონიას, მაგრამ აღასრულებდა ერთგულების პირად აქტს.
წყარო: www.vaticannews.va
თაკო ფეიქრიშვილი
Comments