პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ
- sabamedia
- Apr 22
- 2 min read

სამშაბათს, 22 აპრილს, დილით ვატიკანში, კარდინალთა კოლეგიის პირველი გენერალრი კრება გაიმართა, რაც აღნიშნავს ლოცვის, სულიერი განსჯისა და მომზადების პერიოდის დაწყებას პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდგომ.
გენერალური კრება გაიხსნა ჩუმი ლოცვით, წმიდა მამის, პაპ ფრანცისკეს სულის მოსახსენებლად. კრებას სინოდის დარბაზში გაიმართა და მას დაახლოებით 60 კარდინალი დაესწრო.
კარდინალებმა დადეს საზეიმო ფიცი, რომ ერთგულად დაიცავენ ინტერრეგნუმის (პაპის გარდაცვალებასა და ახალი პაპის არჩევას შორის პერიოდი) შესახებ მოქმედ წესებს და რომის ახალი პონტიფიქსის არჩევის პროცედურებს. შემდეგ ერთად იგალობეს Adsumus — სულიწმიდის მოხმობის ტრადიციული ჰიმნი.
კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის ეკლესიის კამერლენგომ, კონგრეგაციას წაუკითხა პაპი ფრანცისკეს სულიერი ანდერძი.
კარდინალებმა დაადასტურეს წმიდა მამის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკრძალვის თარიღები. დაკრძალვის ცერემონია ჩატარდება შაბათს, 2025 წლის 26 აპრილს, დილის 10:00 საათზე.
მეორე გენერალური კრება ოთხშაბათს, 23 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაინიშნა.
კვირას, 27 აპრილს, წმიდა პეტრეს მოედანზე, გლოვის ცხრადღიანი ტრადიციული პერიოდის (Novemdiales) ფარგლებში, წირვა აღევლინება.
შემდგომში, ორშაბათიდან, ყოველდღიური წირვები გაიმართება საღამოს 17:00 საათზე, რაც მორწმუნეებს შესაძლებლობას მისცემს, ერთსულოვნად ილოცონ წმიდა მამის სულის მარადიული განსვენებისთვის.
Universi Dominici Gregis-ის წესების შესაბამისად, sede vacante-ს პერიოდში (პერიოდი, როცა პაპის ტახტი დაკავებული არ არის), ეკლესიის მმართველობაში კამერლენგოს დასახმარებლად, წილისყრით სამკაციანი კომისია შეირჩა.
სამი კარდინალი, რომლებიც ამ დროისთვის კომისიის წევრია, წარმოადგენენ კარდინალთა კოლეგიას სამი მიმართულებით:
პიეტრო პაროლინი (ეპისკოპოსთა წესრიგი)
სტანისლავ რუილკო (მღვდელმსახურეთა წესრიგი)
ფაბიო ბაჯო (დიკონთა წესრიგი)
ეს წევრები ყოველ სამ დღეში ერთხელ იცვლებიან.
––––––––––––
2025 წლის 21 აპრილს, ვატიკანში, იტალიის დროით 07:35 საათზე, 88 წლის ასაკში პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.
სამედიცინო დასკვნის მიხედვით, პაპის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, რომელსაც გულ–სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. მას ასევე ჰქონდა დიაბეტი ტიპი 2.
14 თებერვლიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, პაპი ფრანცისკე კლინიკაში მკურნალობდა ორმხრივ პნევმონიას.
გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ეტლში მჯდომმა პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს ტაძრის აივნიდან აღდგომა მიულოცა. მისი უკანასკნელი საჯარო სიტყვეი იყო:
– ქრისტე აღდგა!
Comments