წმიდა მამა ფრანცისკე 2025 წლის დიდმარხვის მორწმუნეებისთვის გზავნილს აქვეყნებს, თემაზე „ერთად ვიაროთ იმედით“.

ძვირფასო ძმებო და დებო!
თავზე დაყრილი ფერფლის ნიშნით, რწმენითა და იმედით შევაბიჯებთ ყოველწლიურ წმიდა დიდმარხვაში. ეკლესია, დედა და მასწავლებელი, მოგვიწოდებს მოვამზადოთ გულები და გავხსნათ საკუთარი თავები ღვთის მადლისთვის, რათა დიდი სიხარულით ვიზეიმოთ უფალ ქრისტეს აღდგომის გამარჯვება ცოდვასა და სიკვდილზე, როგორც ეს თქვა წმინდა პავლემ: “დაინთქა სიკვდილი ძლევით, სად არის სიკვდილო ნესტარი შენი? სად არის ჯოჯოხეთო ძლევა შენი?” (1კორ.15:54-55). სწორედაც, რომ, მოკლული და აღმდგარი იესო ქრისტე არის ჩვენი რწმენის ცენტრი და გარანტი ჩვენი იმედისა, ჩვენში აწ განკაცებულ მამის დიად აღთქმაზე, მის საყვარელ ძეში: მარადიული სიცოცხლე (შედ.იოან.10:28;17:3).
საიუბილეო წლის მადლით გამდიდრებულ ამ დიდმარხვაში, მსურს შემოგთავაზოთ რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს „ერთად ვიაროთ იმედით“ და აღმოვაჩინოთ ჩვენში მოქცევისაკენ მოწოდებები, რომელიც მიმართულია ყველას მიმართ – როგორც ცალკეულ ადამიანების, ასევე მთელი საზოგადოების.
პირველ ადგილს იკავებს „სვლა“. საიუბილეო წლის დევიზი: “იმედით მოგზაურნი” შეგვახსენებს ისრაელიანი ერის გრძელ გზას აღთქმული მიწისაკენ, რომლის შესახებაც გვამცნობს გამოსვლის წიგნი. მათ გაიარეს რთული, უფლის ხელით წარმართული გზა მონობიდან თავისუფლებისაკენ. უფლის, რომელსაც უყვარს თავისი ხალხი და რომელიც ყოველთვის თავისი ხალხის ერთგულია. ძნელია ისაუბრო „გამოსვლის წიგნზე“ და არ გაგახსენდეს ჩვენი დები და ძმები, რომლებიც დღეს გაურბიან ტანჯვასა და ძალადობას; რომლებიც მიდიან უკეთესი ცხოვრების საძიებლად. აქ იბადება პირველი მოხმობა მოქცევისაკენ, იმიტომ, რომ ჩვენ, ყველანი ცხოვრების მიმლოცველები ვართ, თუმცა ყოველ ჩვენგანს შეუძლია ჰკითხოს საკუთარ თავს: “რამდენად განვიცდი მე ამ მდგომარეობას? ნამდვილად ვიმყოფები მოგზაურობაში? თუ უფრო პარალიზებული, ერთ ადგილზე ვდგავარ უიმედობით შეპყრობილი? ან იქნებ არ გავდივარ ჩემი კომფორტის ზონიდან? ვეძებ კი გზებს ცოდვილი და უღირსი სიტუაციებიდან თავის დასაღწევად?” - კარგი სადიდმარხვო გაკვეთილი იქნებოდა თვალებში ჩაგვეხედა რეალურად რომელიმე მიგრანტის ანდა მომლოცველის ცხოვრებისათვის და პირადად შევხებოდით, რათა გაგვეგო, თუ რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან, რათა გავხდეთ უკეთესი მეგზურნი მამის სახლისაკენ. ეს არის მეგზურის კარგი “გამოცდა”.
მეორე - მოდით, „ვიაროთ ერთად“ ამ გზაზე. ერთად სვლა ნიშნავს სინოდურობას. სწორედ ეს არის ეკლესიის მოწოდება. ქრისტიანების მოწოდებაა ერთად სვლა და არა მარტოსულ მეგზურად ყოფნა. სულიწმიდა მოგვიხმობს გავიდეთ საკუთარი ნაჭუჭიდან, რათა ვიაროთ ღვთისა და ჩვენი ძმებისაკენ. და არასდროს ჩავიკეტოთ საკუთარ თავებში. „ვიაროთ ერთად“, ნიშნავს ვიყოთ ერთიანობის მქსოველები, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი, როგორც ღვთის შვილების საერთო ღირსებაზე (შედ. გალ.3;26-28). ეს ნიშნავს მხარდამხარ სიარულს, სხვისი გათელვისა და ჩაგვრის გარეშე, შურისა ან თვალთმაქცობის გარეშე. არავის მისცეთ უფლება ჩამორჩეს ან თავი უარყოფილად იგრძნოს. მოდით, წავიდეთ იმავე მიმართულებით, ერთი მიზნისკენ. მოვუსმინოთ ურთიერთს სიყვარულითა და მოთმინებით.
ამ დიდმარხვაში ღმერთი გვთხოვს გადავხედოთ – შეგვიძლია თუ არა ჩვენს ცხოვრებაში, ოჯახებში, სამუშაო ადგილებზე, სამრევლოსა თუ რელიგიურ ორგანიზაციებში – ვიაროთ სხვებთან ერთად, მოვუსმინოთ, დავძლიოთ საკუთარ თავში ჩაკეტვისა და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის ცდუნება? ვკითხოთ საკუთარ თავს უფლის წინაშე, შეგვიძლია თუ არა ვიშრომოთ ერთად, როგორც ეპისკოპოსებმა, მღვდლებმა, ბერ-მონაზვნებმა და საერო პირება ღვთის სასუფევლის სამკალში? მოწყალებით ვექცევით თუ არა მათ, ვინც ახლოს არის და ვინც შორს არის ჩვენგან? ვეხმარებით თუ არა ადამიანებს, თავი საზოგადოების ნაწილად იგრძნონ? თუ ვიშორებთ მათ? ეს არის სინოდურობისკენ მოქცევის მეორე მოწოდება.
მესამე ადგილს იკავებს ერთად „იმედით სვლა“ აღთქმულისაკენ. იმედი, რომელიც არასდროს არ გვიცრუვდება (შედ.რომ.5:5). საიუბილეო წლის ცენტრალური გზავნილი ჩვენთვის, დიდმარხვის გზის ჰორიზონტია სააღდგომო გამარჯვებამდე. როგორც პაპი ბენედიქტე XVI გვასწავლის ენციკლიკაში Spe Salvi: ადამიანს სჭირდება უპირობო სიყვარული. მას ესაჭიროება ის თავდაჯერებულობა, რომელიც მისცემს საშუალებას თქვას: „ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობანი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალნი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება, ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულის ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომ8:38-39). იესო, ჩვენი სიყვარული და ჩვენი იმედი, ცოცხლობს და მეფობს დიდებაში. სიკვდილი გადაიქცა გამარჯვებად და ეს არის ქრისტიანების რწმენა და დიდი იმედი - ქრისტეს აღდგომა!
ეს არის მესამე მოწოდება მოქცევისაკენ - იმედი, ღვთისა და მისი დიადი აღთქმისადმი, მარადიული სიცოცხლე. ვკითხოთ საკუთარ თავს: “დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი მომიტევებს ჩემს ცხოვრებას? თუ ისე ვიქცევი, თითქოს თავად შემიძლია საკუთარი თავის ხსნა? თუ ვეძიებ ხსნას და ვთხოვ ღმერთს დახმარებას მის მოსაპოვებლად? ვცხოვრობ თუ არა კონკრეტული იმედით, რომელიც მეხმარება ისტორიული მოვლენების წაკითხვაში და მაძლევს სამართლიანობის, ძმობის, საერთო სახლზე ზრუნვის მოტივაციას, ისე, რომ არავინ გამოვტოვო?”
ძმებო და დებო, იესო ქრისტეში ღვთის სიყვარულის წყალობით, ვინარჩუნებთ იმ იმედს, რომელიც არ გაგვიცრუვდება (რომ. 5:5). იმედი, სულის საიმედო და ურყევი ღუზაა. მასში ეკლესია ლოცულობს, რათა “თითოეული ადამიანი გადარჩეს”(1ტიმ.2:4) და მოუთმენლად ელის შეუერთდეს თავის ნეფეს, იესო ქრისტეს ზეციურ დიდებაში. როგორც ტერეზა იესოსი ამბობდა: “ამიტომ, მიენდე სულო ჩემო, მიენდე, ვინაიდან არ იცი, არც დღე და არც საათი. დააკვირდი ყველაფერს, ყველაფერი სწრაფად გადის, თუმცა თქვენი ლტოლვა ეჭვს იწვევს და ხანმოკლე დროს ახანგრძლივებს” (სულის ძახილი ღმერთთან 15,3).
დაე, ქალწულ მარიამმა იმედის დედამ დაგვიფაროს და გაგვიძღვეს დიდმარხვის გზაზე.
რომი. წმინდა იოანე ლატერანის ბაზილიკა.
6 თებერვალი, 2025 წელი.
წმინდა პავლე მიკისა და მეგობრების მოხსენიება.
პაპი ფრანცისკე
Comments