top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს ეპისტოლე ბავშვთა პირველი მსოფლიო დღისადმი

ბავშვთა პირველ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ ეპისტოლე გამოაქვეყნა. ბავშვთა დღე 2024 წლის მაისში, რომში გაიმართება.



„ძვირფასო ბავშვებო, ახლოვდება ბავშვთა პირველი მსოფლიო დღე, რომელიც 24-25 მაისს, რომში გაიმართება. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის ეს ეპისტოლე გამომეგზავნა. მოხარული ვარ, რომ შეძლებთ მის მიღებას და მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამაში დაგვეხმარება.

 

პირველ რიგში, ყოველ თქვენგანს მოგმართავთ. მოგმართავ შენ, ძვირფასო ბიჭო, ძვირფასო გოგონა. იმიტომ, რომ შენ ძვირფასი ხარ ღვთის თვალში (ეს.43,3), ამას ბიბლიაც გვასწავლის და ეს არაერთხელ უჩვენებია იესოს.

 

ამ ეპისტოლეს ასევე ვუგზავნი ყველა ბავშვს იმიტომ, რომ თქვენ ყველა მნიშვნელოვანი ხართ და იმიტომ, რომ ერთად, ერთმანეთის სიახლოვით  შორს აჩვენებთ საყოველთაო სურვილს ზრდისა და განახლებისა. თქვენ გვახსენებთ, რომ ჩვენ, ყველა ბავშვები და ძმები ვართ და რომ ვერავინ იარსებებს მომავლინებლის გარეშე, ვერ შეძლებს ზრდას სხვების გარეშე.

 

თქვენ ყველანი, ბიჭებო და გოგონებო, თქვენი მშობლებისა და ოჯახების სიხარულები ხართ, ასევე კაცობრიობისა და ეკლესიის ნუგეში ხართ, რომელშიც ყოველი თქვენგანი წარსულიდან მომავლისკენ მიმავალი ძალიან დიდი ჯაჭვის ერთი რგოლია და ის მოიცავს მთელს დედამიწას.

 

მოგიწოდებთ, ყურადღებით უსმინოთ უფროსების ისტორიებს: თქვენი მშობლების, ბებია-პაპების, დიდი ბებიებისა და დიდი ბაბუების. ამავდროულად, არ დაივიწყოთ მოზარდები, რომლებიც ებრძვიან ავადმყოფობებს საავადმყოფოებსა და სახლებში; არ დაივიწყოთ ისინი, რომლებიც გახდნენ ომისა და ძალადობის მსხვერპლი; ისინი, ვინც შიმშილითა და წყურვილით იტანჯებიან; ვინც ქუჩაში ცხოვრობს და იძულებულია იყოს ლეგიონერი ან დევნილია და გადასახლებულია მშობლების გარეშე; ისინი, ვინც ვერ დადიან სკოლაში; ისინი, ვინც გახდნენ კრიმინალური დაჯგუფებების, ნარკოტიკების ანდა მონობის სხვა ფორმის მსხვერპლნი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა იმ ბავშვებისათვის, რომელთა ბავშვობაც დღეს ძალიან მძიმედ მიდის. მოდით მოვუსმინოთ მათ, ვინაიდან საკუთარი ტანჯვებით ისინი გვესაუბრებიან რეალობაზე. მათი თვალები ცრემლებით არის გაწმენდილი, ისინი ჯიუტად ისწრაფვიან სიკეთისაკენ, რომელიც იბადება მათ გულებში, ვინც თავად გახდა ბოროტების თვითმხილველი.

 

ჩემო პატარა მეგობრებო, საკუთარი თავისა და სამყაროს განახლებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ერთად ყოფნა, საჭიროა ვეზიაროთ იესოს. მისგან ვიღებთ გამბედაობას, ის მუდამ გვერდით გვყავს, მისი სული მიგვიძღვის მშვიდობის გზაზე. იესო ამბობს: “აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს” (გამოცხ. 21,5). სწორედ ეს ფრაზაა თქვენი პირველი მსოფლიო დღისათვის არჩეული თემა. ეს სიტყვები მოგვიწოდებენ გავხდეთ ბავშვურები, რათა აღმოაჩინოთ ახალი, რომელიც ჩვენში და ჩვენს ირგვლივ იბადება სულიწმინდით. იესოსთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ ახალ კაცობრიობაზე და მივუძღვნათ თავი უფრო ძმურ და საერთო სახლისადმი უფრო ყურადღებიან საზოგადოებას. უნდა დავიწყოთ ისეთი უბრალო რამეებით, როგორებიცაა მისალმება, ნებართვის თხოვნა, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა. სამყაროს განახლება იწყება უბრალო რამეებიდან, როდესაც არ გვრცხვენია პატარა ნაბიჯების გადადგმა. უფრო მეტიც, ჩვენი უბრალოება გვახსენებს იმას, რომ ჩვენ ვართ სუსტები და გვჭირდება ერთმანეთი, როგორც ერთი მთლიანი სხეულის ასოები (რომ. 12,5; 1კორ. 12,26).

 

ეს ყველაფერი არ არის. ძვირფასო ბავშვებო, სინამდვილეში ბედნიერები ვერ ვიქნებით მარტოობაში, იმიტომ, რომ სიხარული იფურჩქნება იმ დოზით, რა დოზითაც მას გავცემთ, ის იბადება მიღებული საჩუქრებისათვის მადლიერებით, რომლებსაც ვუზიარებთ სხვებს. როდესაც ხარბად ვინახავთ მიღებულს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ანდა როდესაც ისტერიკაში ვვარდებით, რათა მივიღოთ გარკვეული საჩუქარი, გვავიწყდება, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენ თვითონ ვართ.

 

ეს ჩვენ ვართ ერთმანეთისთვის საჩუქარი. ჩვენ ვართ ღვთის ძღვენი. რა თქმა უნდა, სხვა საჩუქრებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად ვიყოთ. თუ მას არ გამოვიყენებთ ამ მიზნით, მაშინ ვიქნებით უკმაყოფილონი და თვალგაუმაძღარნი.

 

და პირიქით, თუ თქვენ ერთად ხართ, ყველაფერი შეიცვლება. იფიქრეთ თქვენს მეგობრებზე, თუ რაოდენ საოცარია მათთან ერთად ყოფნა: სახლში, სკოლაში, სამრევლოში, ორატორიუმში, ყველგან; რა კარგია მათთან ერთად თამაში, სიმღერა, ახლის აღმოჩენა, ერთად მხიარულება, არავის გარიყვა. მეგობრობა მშვენიერია და ის იზრდება მხოლოდ ერთობით, მიტევებით, მოთმინებით, გამბედაობით, შემოქმედებითობითა და წარმოსახვებით, შიშებისა და ცრურწმენების გარეშე.

 

ახლა კი ერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს გაგიმხელთ: იმისათვის, რომ მართლა ბედნიერები იყოთ, ბევრი უნდა ილოცოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ლოცვა პირდაპირი კავშირია ღმერთთან, აღავსებს ჩვენს გულებს ნათელითა და სითბოთი, გვეხმარება ყველაფერი ვაკეთოთ ნდობითა და მშვიდობით. იესოც ყოველთვის ლოცულობდა მამის მიმართ და იცით, როგორ მიმართავდა მას? თავის ენაზე მას უწოდებდა “აბბა”, რაც ნიშნავს “მამა, მამიკო” (მარკ. 14,36). მოდით, ჩვენ ასე მოვიქცეთ და ყოველთვის ვიგრძნობთ მის სიახლოვეს. თვით იესო დაგვპირდა ამას: “სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის” (მათე. 18,20).

 

ძვირფასო ბიჭუნებო და გოგონებო, ვიცი, რომ რომში ძალიან ბევრი იქნებით მთელი მსოფლიოდან. იმისათვის, რომ კარგად მოემზადოთ, თქვენც იმავე სიტყვებით ილოცეთ, რომელიც იესომ გვასწავლა: “მამაო ჩვენო”. ილოცეთ ყოველ დილით და ყოველ საღამოს მთელს ოჯახთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ბებია-პაპებთან ერთად. ლოცვას ნუ ჩაიკითხავთ დაზეპირებული ფორმულასავით, არა. ჩაუღრმავდით იმ სიტყვებს, რომლებიც ქრისტემ გვასწავლა. უფალს სურს დაგიძახოთ, რათა მასთან ერთად გახდეთ ამ მსოფლიო დღის მთავარი მოქმედი პირები, ახალი, უფრო ადამიანური, სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოს მშენებლები.

 

მან, ვინც თავი ჯვარზე შესწირა, რათა ჩვენ ყველანი შევეკრიბეთ; ის, ვინც სიკვდილი დაამარცხა და შეგვარიგა მამასთან, სურს თავისი საქმის გაგრძელება ეკლესიაში ჩვენი მეშვეობით. იფიქრეთ ამაზე, განსაკუთრებით თქვენ, ვინც პირველი ზიარებისთვის ემზადებით.

 

საყვარელნო, უფალმა თავიდანვე მოგიცვათ თავისი სიყვარულით (იერემ. 1,5), მოგაპყროთ მოსიყვარულე მამისა და დედობრივი ნაზი მზერა. ის არასდროს გვივიწყებს (ეს. 49,15), ის ყოველდღე მიგვიძღვის და გვანახლებს თავისი სულით.

 

ღვთისმშობელ მარიამთან და წმინდა იოსებთან ერთად, აღვავლინოთ ეს ლოცვა:

 

მოდი სულო წმინდაო,

გამოგვიმჟღავნე ამ მიწის შვილებში

არეკლილი შენი სილამაზე.

მოდი იესო,

ყველაფრის განმაახლებელო.

შენ ხარ გზა ზეციერი მამისკენ,

მოდი და დარჩი ჩვენ შორის.

ამენ.

 

რომი, ლატერანის წმინდა იოანეს ბაზილიკა.

2024 წელი, 2 მარტი

პაპი ფრანცისკე.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

 

შოთა გიქოშვილი

Comentarios


bottom of page