top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს სააღდგომო გზავნილი - 'ქალაქსა და მსოფლიოს'

 31 მარტს, წმინდა მამამ ტრადიციული, სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართა მორწმუნეებსა და ყველა კეთილი ნების ადამიანს. გზავნილს ‘Urbi et Orbi’ – ქალაქსა და მსოფლიოს ჰქვია.



წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 60 000 ადამიანს რომის ეპისკოპოსმა ასე მიმართა:

 

“ძვირფასო დებო და ძმებო, გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას! დღეს კვლავ გაისმის იერუსალიმში 2000 წლის წინანდელი შეძახილი: „ჯვარცმული იესო ნაზარეველი აღდგა!“ (მარკ. 16,6). დღეს ეკლესია ისეთივე გაოცებულია, როგორც მაშინ გაოცდნენ ქალები, რომლებიც შვიდეულის პირველ დღეს, განთიადზე მივიდნენ იესოს სამარხთან, რომელიც დიდი ლოდით იყო დახურული; დღესაც ადამიანის იმედები დამარხულია ომების მძიმე ლოდით, ჰუმანიტარული კრიზისების ლოდით, ადამიანთა უფლებების დამრღვევთა მიერ, ადამიანთა ვაჭრობითა და სხვა მრავალი რამით. ჩვენც იესოს მოწაფე ქალების მსგავსად ვეკითხებით ერთმანეთს: ვინ გადაგვიგორებს ლოდს? (მარკ. 16,3).

 

აი, აღდგომის განთიადზე აღმოვაჩენთ რომ ლოდი, ის ყველაზე მძიმე ლოდი უკვე გადაგორებულია. ქალების გაოცება ჩვენი გაოცებაცაა. იესოს სამარხი ღიაა და ცარიელი. სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ამ ცარიელ სამარხზე გადის გზა, რომლის გახსნაც არავის შეუძლია, გარდა ღვთისა. ეს არის სიცოცხლის გზა  სიკვდილს შორის, გზა მშვიდობისა ომებს შორის, გზა შერიგებისა სიძულვილს შორის, გზა ძმობისა მტრობას შორის.

 

ძმებო და დებო, იესო აღდგა და მხოლოდ მას შეუძლია ლოდის გადაგორება, რომელიც გვიღობავს სიცოცხლის გზას. ის, ცოცხალი ქრისტე, თავად არის სიცოცხლის გზა. გზა: სიცოცხლისა, მშვიდობისა, შერიგებისა, ძმობისა. ის გვიხსნის გადასასვლელს, სადაც ჩვენი ადამიანური ძალებით, მის გარეშე ვერაფერს გავხდებით, ვინაიდან მხოლოდ ის იღებს საკუთარ თავზე წუთისოფლის ცოდვებსა და გვპატიობს ცოდვებს. უფლის დახმარების გარეშე ამ ლოდის გადაგორება შეუძლებელია, ცოდვების მიტევების გარეშე შეუძლებელია თავი დავაღწიოთ ჩაკეტილ წრეს, ცრურწმენებს, ურთიერთეჭვებსა და ჩვევას სხვების დადანაშაულებისა და საკუთარი თავის მართლებისა. მხოლოდ აღმდგარი ქრისტე, რომელიც მოგვმადლებს ცოდვების მიტევებას, გვიხსნის გზას განახლებული მსოფლიოსაკენ.

 

მხოლოდ ის გვიღებს სიცოცხლის კარს, რომელსაც ჩვენ გამუდმებით ვკეტავთ სამყაროში აღმოცენებული ომებით. დღეს, ჩვენი მზერა, უპირველეს ყოვლისა მიმართულია იერუსალიმისაკენ, რომელიც არის მოწმე ქრისტეს ვნებებისა და აღდგომის საიდუმლოსი.

 

ჩემი გონება უპირველესად მიმართულია იმ მსხვერპლთა მიმართ, რომლებიც შეეწირნენ უამრავ კონფლიქტს ისრაელსა და პალესტინაში, ასევე უკრაინაში. დაე, აღმდგარმა ქრისტემ გაუხსნას გზა მშვიდობისაკენ მრავალტანჯულ ერებს ამ რეგიონში. დაე, დაიცვან მყისიერად საერთაშორისო პრინციპები და უფლებები. მოვუწოდებ უკრაინასა და რუსეთს ტყვეების საერთო გაცვლისაკენ. ყველა, ყველას სანაცვლოდ. 

 

გარდა ამისა, კვლავ მოვუწოდებ ყველას შექმნან აუცილებელი პირობები ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიღებისათვის, 7 ოქტომბერს გატაცებულთა დაუყოვნებელი განთავისუფლებისაკენ, ასევე ღაზას სექტორში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისაკენ.

 

მოდით, ნუ დავუშვებთ, რომ საომარმა მოქმედებებმა არ განაგრძონ ისედაც მრავალტანჯული მოსახლეობისა და განსაკუთრებით ბავშვების ჩაგვრა. რამდენ ტანჯვას ვხედავთ ბავშვების თვალებში. იქ, სადაც ომია, ბავშვებს სიცილი დაავიწყდათ. მათ გამოხედვაში ისმის კითხვა: „რატომ? რისთვის ამდენი ნგრევა და სიკვდილი?“ ომი ყოველთვის აბსურდულია; ომი ყოველთვის მარცხია. ნუ დავუშვებთ, რომ ომის ქარ-ცეცხლმა იქროლოს ევროპისა და შუა აზიის თავზე; ნუ გავხდებით შეიარაღებისა და გადაიარაღების ლოგიკის ტყვეები. მშვიდობა არ შენდება იარაღის დახმარებით, მისი შექმნისათვის საჭიროა ერთმანეთის მიმართ გაწვდილი ხელი და ღია გული.

 

ძმებო და დებო, ნუ დავივიწყებთ სირიას, რომელიც უკვე ცამეტი წელია იტანჯება ხანგრძლივი და დამანგრეველი ომით. ბევრი დაღუპული, დაკარგულია, უკიდურესი სიღარიბე და ნგრევა მოელის პასუხს ყველასგან, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისგან.

 

დღეს, ჩემი აზრები განსაკუთრებით ლიბანისკენაა მიმართული, რომელიც დიდი ხანია განიცდის ინსტიტუციურ ბლოკადას, ღრმა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს, რომელიც ახლა გამწვავებულია ისრაელის საზღვარზე სამხედრო მოქმედებებით. მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა ანუგეშოს ლიბანელ ხალხს და დაეხმაროს მთელს ქვეყანას მის მოწოდებაში, გახდეს შეხვედრის, თანაცხოვრების და პლურალიზმის ქვეყანა.

განსაკუთრებით მივმართავ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს, სადაც გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპულ პროექტში ინტეგრაციისთვის. დაე, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური განსხვავებები არ იყოს დაყოფის მიზეზი, არამედ გახდეს კეთილდღეობის წყარო მთელი ევროპისა და მსოფლიოსათვის.

 

მე ასევე მხარს ვუჭერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს, რათა მათ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით გააგრძელონ დიალოგი, დაეხმარონ დევნილებს, პატივი სცენ სხვადასხვა რელიგიური საკულტო ადგილს და რაც შეიძლება მალე მიაღწიონ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას.

 

დაე, აღმდგარი ქრისტე იყოს გზა იმედისა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ხალხებისათვის, რომლებიც იტანჯებიან ძალადობით, კონფლიქტებით, საკვების უსაფრთხოების არარსებობითა და კლიმატური ცვლილებებით. უფალმა ანუგეშოს ტერორიზმის მსხვერპლნი. ვლოცულობთ ყველა დაღუპულთათვის, ხოლო მათ, ვინც ჩაიდინეს ეს, მოინანიონ და მოიქცნენ.

 

დაე, აღმდგარი უფალი დაეხმაროს ჰაიტის მოსახლეობას, რათა ძალადობა, რომელიც ქვეყანას ხლეჩს და სისხლით რწყავს, რაც შეიძლება მალე იქნას შეჩერებული, რათა შეძლოს განვითარება ძმობისა და დემოკრატიის გზაზე.

 

უფალმა ანუგეშოს როჰინჯას ხალხი (როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფია, მაინმარის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობა), რომლებიც იტანჯებიან მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით. დაე, გამოინახოს შერიგების გზები მაინმართან, რათა ქვეყანამ საბოლოოდ შეწყვიტოს ძალადობა ნებისმიერი ფორმით.

 

ღმერთმა გაუხსნას გზა მშვიდობისაკენ აფრიკის კონტინენტს, განსაკუთრებით სუდანსა და მთელი საჰელის რეგიონს, აფრიკის რქის, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, კივუს რეგიონსა და მოზამბიკის პროვინციის კაბო დელგადოს მოსახლეობას. დასრულდეს გაჭიანურებული გვალვა, რომელმაც დააზარალა დიდი ტერიტორიები და მოსავლის უკმარისობა და შიმშილობა გამოიწვია.

 

აღმდგარმა უფალმა გაანათოს თავისი სხივით მიგრანტები და ყველა, ვინც ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის. მიჰმადლოს მათ ნუგეში და იმედი მძიმე წუთებში. დაე, ქრისტე წაუძღვეს ყველა კეთილი ნების ადამიანს სოლიდარობაში გასაერთიანებლად, რათა ერთად აღუდგნენ იმ მრავალრიცხოვან პრობლემას, რომლებსაც ღარიბი ოჯახები უკეთესი ცხოვრებისა და ბედნიერების ძიებისას აწყდებიან.

 

ამ დღეს, როცა განვადიდებთ აღმდგარი ძის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს, მოდით, გავიხსენოთ ღვთის უსაზღვრო სიყვარული ჩვენდამი, გავიხსენოთ სიყვარული, რომელიც ცდება ყოველგვარ საზღვარს და სძლევს უძლურებებს. თუმცა არც თუ იშვიათად დავინახავთ, თუ როგორ ითელება სიცოცხლის უძვირფასესი მადლი. რამდენ ბავშვს არა აქვს საშუალება მოევლინოს ამ სამყაროს; რამდენი ბავშვი კვდება შიმშილით, რამდენს აკლია მოვლა ანდა ხდება მსხვერპლი ძალადობისა და სისასტიკისა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ადამიანებით ვაჭრობას.

 

ძმებო და დებო, ამ დღეს, როცა ქრისტემ სიკვდილის მონობიდან გაგვათავისუფლა, მოვუწოდებ მათ, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია, ძალ-ღონე არ დაიშურონ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, დაუღალავად იმუშაონ მისი ექსპლუატაციური ქსელების განადგურებისა და თავისუფლების მოსაპოვებლად მათთვის, ვინც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. უფალმა ნუგეში და იმედი მოუტანოს მათ ოჯახებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან ამბებს საყვარელი ადამიანების შესახებ.

 

დაე, აღდგომის შუქმა გაანათოს ჩვენი გონება და მოაქციოს ჩვენი გულები, რათა დავაფასოთ ყოველი ადამიანის ცოცხალი ღირებულება, რომელიც უნდა მივიღოთ, დავიცვათ და გვიყვარდეს.

 

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დიდდღესასწაულს.

 

წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

 

 

Comentarios


bottom of page