პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „Patris corde“ ეძღვნება წმინდა იოსების, საყოველთაო ეკლესიის მფარველად გამოცხადების 150 წლისთავს.
შესავალი
მამობრივ გულს: აი, ასე უყვარდა წმინდა იოსებს იესო, რომელსაც ოთხივე სახარება უწოდებს იოსების ძეს.
მათე და ლუკა თავიანთ სახარებებში ყველაზე მეტად საუბრობენ იოსების შესახებ. მართალია, ძალიან ცოტა რამეს გვიყვებიან მის შესახებ, მაგრამ საკმარისია, რომ შევაფასოთ, თუ როგორი მამა იყო და რა მისია დააკისრა მას ღმერთმა.
ჩვენ ვიცით, რომ იოსები დურგალი იყო (მათ.13.55) და მარიამზე დანიშნული (მათ,1.18, ლუკ.1.27). იგი იყო „მართალი ადამიანი“ (მათ.1.19), რომელიც მუდამ მზად იყო ღვთის ნების აღსასრულებლად, რომელიც გამოეცხადა მას რჯულში (ლუკ.2.22-27) და ოთხ სიზმარში. (მათ.1.20; 2.13,19,22). ნაზარეთიდან ბეთლემში დიდხნიანი და დამღლელი მოგზაურობის შემდეგ, იხილა მესიის შობა ბოსელში, ვინაიდან არსად იყო მათთვის „ადგილი“. (ლუკ. 2.7). იგი მოწმე გახდა მწყემსებისგან იესოს თაყვანისცემისა (ლუკ.2.8-20) და მოგვების მოსვლისა, რომლებიც წარმოადგენდნენ ებრაელ ერს და წარმართ ერებს (მათ.2.1.12).
იოსებს ეყო გამბედაობა გამხდარიყო იესოს აღმზრდელი მამა. მან სახელი დაარქვა ისე, როგორც მას ანგელოზმა გამოუცხადა - „და უწოდებ მას სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის ადამიანებს თავიანთი ცოდვებისგან“(მათ.1.21). როგორც ვიცით, ძველ ერებში ვინმეს ან რაიმესთვის სახელის დარქმევა, ურთიერთობის დამყარებას ნიშნავდა, ისე, როგორც ეს ადამმა გააკეთა შესაქმეს წიგნში (დაბ.2.19-20).
როცა მარიამმა და იოსებმა 40 დღის იესო ტაძრად წარადგინეს და ღმერთს შესწირეს, მან სიმეონისგან მოისმინა წინასწარმეტყველება ყრმაზე და მის დედაზე (ლუკ. 2.22-35). იმისთვის, რომ ყრმა ჰეროდესგან დაეცვა, იოსები ეგვიპტეში გადაიხვეწა (მათ.2.13-18). თავის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი ნამცესისოდენა სოფელში, ნაზარეთში ცხოვრობდა უბრალოებით. წამოვიდა თავისი წინაპრების ქალაქ ბეთლემიდან, იერუსალიმისა და ტაძრის გარეშე. მაშინ ნაზარეთზე ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო იქიდან წინასწარმეტყველი გამოსულიყო: „განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე?“ (იოან.1.46). როცა იერუსალიმში მომლოცველობისას, იოსებმა და მარიამმა დაკარგეს იესო, იგი ტაძარში რჯულის მასწავლებლებთან მოსაუბრე ნახეს (ლუკ.2.41-50).
ღვთისმშობელი მარიამის შემდეგ, არცერთი წმინდანი არ მოიხსენიება პაპების ნაშრომებში ისე ხშირად, როგორც წმინდა იოსები, მარიამის ქმარი. იმისათვის, რომ უფრო ღრმა როლი მიენიჭებინათ ხსნის ისტორიაში მისთვის, ჩემი წინამორბედები ფიქრობდნენ იმ მწირე ინფორმაციაზე, რომელიც გადმოცემულია სახარებაში. ამიტომაც, პაპმა ნეტაატრ პიუს მეცხრემ იგი საყოველთაო ეკლესიის მფარველად გამოაცხადა. ღირსი პიუს მეთორმეტე მასზე საუბრობდა, როგორც მშრომელთა მფარველზე, ხოლო წმინდა იოანე პავლე მეორემ იგი მხსნელის დამცველად გამოაცხადა. იოსებს ყველგან კეთილი სიკვდილის მფარველს უწოდებენ.
ნეტარი პაპის, პიუს მეცხრის, წმინდა იოსების საყველთაო ეკლესიის მფარველად გამოცხადებიდან 150 წლის შემდეგ, (გამოცხადდა 1870 წლის 8 დეკემბერს), მსურს გაგიზიაროთ ჩემი რამდენიმე პირადი მოსაზრება ამ უდიდესი პიროვნების შესახებ, რომელიც ასე ახლოსაა ჩვენს ადამიანურ გამოცდილებებთან.
როგორც იესო ამბობს, „გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე“ (მათ.12. 34). ამის გაკეთების სურვილი ჩემში განსაკუთრებით აღიძრა ამ ბოლო თვეებში, პანდემიის დროს.
მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთარ თავებზე გამოვცადეთ, თუ რამდენად ჩაწნულია ჩვენი სიცოცხლეები ერთობასთან და მხარს გვიჭერენ ის ადამიანები, რომელთა შესახებაც ხშირად არ გვახსოვს. ადამიანები, რომლეთა სახელებიც არ ფიგურირებს ჟურნალ-გაზეთებისა და სხვადასხვა ტელე-შოუების სათაურებში. მით უმეტეს, ამ მძიმე და რთულ პერიოდში, ისინი განსაზღვრავენ ჩვენი ისტორიის მთავარ მოვლენას. ექიმები, მედდები და მედძმები, სუპერმარკეტების თანამშრომლები, ძიძები, მძღოლები, კაცები და ქალები, რომელბიც ახორციელებენ საზოგადოებრივი უსაფრთოების საქმეებს, მოხალისეები, მღვდლები და ბერ-მონაზვნები, ქალები და კაცები სხვადასხვა სფეროდან. ყველამ გაიგო და მიხვდა, რომ ვერავინ გადარჩება მარტო. ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ცდილობს და ზრუნავს, რომ არ დათესოს ხალხში პანიკა, ამიტომ იქცევიან ბუნებრივად. რამდენი მამა და დედა, ბებია და ბაბუა, რამდენი მასწავლებელი ცდილობს აჩვენოს ჩვენს ბავშვებს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ კრისიზს უმნიშვნელო ქმედებებით და აღძრავენ მათში ახალ შეხედულებებსა და ლოცვის სურვილს. რამდენი ადამიანი სწირავს ლოცვას ყველას საკეთილდღეოდ. ყოველ ჩვენგანს შეუძლია იოსებში, რომელიც შეუმჩნეველი რჩება, აღმოაჩინოს შუამდგომელი, დასაყრდნობი და წინამძღოლი რთულ სიტუაციებში. წმინდა იოსები შეგვახსენებს, რომ მათ, რომლებიც ხშირად შეუმჩნევლები და ჩრდილში არიან, შეუძლიათ უდიდესი როლი შეასრულონ ხსნის ისტორიაში. ჩვენი ვალია ვცნოთ ისინი და გამოვხატოთ მადლიერება მათ მიმართ.
/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/
Comments