პირველი ლოცვა, რომელიც ვალელმა კათოლიკე მორწმუნემ, ეთერ ნასყიდაშვილმა დედისგან ისწავლა „მამაო ჩვენო“ იყო. ამბობს, რომ დედა ასწავლიდა და მაგალითს აძლევდა თუ როგორ უნდა ეცხოვრა ქრისტესადმი სიყვარულში.
იხსენებს, რომ მის ბავშვობაში, ვალის ეკლესიაში მღვდელი არ იყო და წირვაც არ აღევლინებოდა, თუმცა სხვა ვალელ მორწმუნეებთან ერთად, ეკლესიის ნანგრევებს ლოცვისთვის ხშირად სტუმრობდა.
„მღვდელი არ გვყავდა, მაგრამ ხალხი ეკლესიის გვერდით ნანგრევებთან მაინც იკრიბებოდა და ერთად ლოცულობდა, როგორც შეეძლო“, – ამბობს ეთერი.
75 წლის მორწმუნე იმ პერიოდს იხსენებს, როცა ვალელ დიაკვნებს ლიტურგიის წესების სასწავლებლად წასვლა სხვა ქალაქში უწევდათ:
„ორი დიაკვანი გვყავდა: სიმონი და ყაზრო. ესენი ატარებდნენ ვალეში ლიტურგიას, მაგრამ მანამდე ჩადიოდნენ ბორჯომში და იქ მღვდლისგან სიტყვასიტყვით იწერდნენ იმ ტექსტს, რაც ლიტურგიისას უნდა ეთქვათ“.
ბავშვობიდან დღემდე კათოლიკე ეკლესიას არ მოშორებია. არც ბედნიერი წუთებისა და არც ტრაგედიების დროს. ამბობს, რომ უფრო მეტად მაშინ გააქტიურდა, როცა 90–იანი წლების შემდეგ ვალეში მღვდელი იეჟი შიმეროვსკი მოვიდა.
„როცა მამა იეჟი მოვიდა ჩვენთან, ისე გამიღრმავდა რწმენა, რომ ყოველდღე ეკლესიაში სიარული დავიწყე. არცერთი წირვის გამოტოვება მინდოდა. ერთხელ ჩემმა შვილმა ისიც მითხრა, დედა ეკლესია სამსახური ხომ არის ყოველდღე რომ დადიხარო?“, - იხსენებს კათოლიკე მორწმუნე.
ამავე პერიოდს უკავშირდება ვალის სამრევლოში ეთერ ნასყიდაშვილის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მისიაც – უკვე 22 წელია იგი ცდილობს დასახლებაში მოძებნოს და მღვდელი მიუყვანოს ისეთ კათოლიკეებს, რომლებიც ვერც ეკლესიაში დადიან და ვერც ეზიარებიან.
„ჩვენს ეკლესიაში 60-იან წლებში იყო ასეთი წესი, რომ მოხუცებთან, მღვდლებთან, დავრდომილებთან, მწოლიარეებთან მიგვყავდა მღვდელი ან დიაკონი და ვაზიარებდით. ამ წესს მე უკვე 22 წელია ვასრულებ“.
ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური რელიკვია, რომელიც ეთერ ნასყიდაშვილს აქვს, ესაა ისრაელიდან ჩამოტანილი „პარტეზი“ (ლოცვის წიგნი). ამბობს, რომ იგი საჩუქრად მონაზონმა გადასცა და მისთვის დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
„ჩემი ყოველი დილა ამ "პარტეზის" კითხვით იწყება. „პარტეზმა“ რწმენა უფრო გამიღრმავა და სიხარული მომცა ცხოვრებაში. აი, როგორც მშიერი კაცი ნაყრდება საკვებით, ასე ვნაყრდები მეც სულიერად „პარტეზის“ წაკითხვის დროს".
75 წლის ეთერ ნასყიდაშვილისთვის კათოლიკური ტრადიციების შენარჩუნება დღემდე მნიშვნელოვანია.
მედეა ხითარიშვილი
Comments