• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი

9 ოქტომბერს, კათოლიკე ეკლესია საქართველოში აბატ პეტრე ხარისჭირაშვილს მოიხსენიებს.



"ქართველ ერს თითო-ოროლა მოღვაწეები ჰყვანდნენ, რომლებმაც საკმარისად იღვაწეს ქართველთა გვარის სასარგებლოდ; ამ მოღვაწე პირებმა ბევრი რამ შექმნეს და აღადგინეს ქართველთათვის, თვითონ ეს მოღვაწე პირები-კი ისე წყნარად და ჩუმათ სცხოვრობდნენ, რომ მათ მოქმედების ცნობებს ქართველობა სრულებით ვერ იცნობდა. ეს მოღვაწე პირები ისე დაიხოცნენ, რომ მათ შესახებ არსად კრინტი, სიტყვაც არ დაძრულა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქართველები ვერ იცნობდნენ ამ მოღვაწე პირებს და თვითონ ეს პირებიც არა ნდომობდნენ ამ ცნობას. ერთ ასეთ მოღვაწე პირად ჩვენ მიგვაჩნია აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება ისე წყნარად და საიდუმლოდ გაატარა, რომ ქართველები არამც თუ მისს ცხოვრების ცნობებს, არამედ თვით მის სახელსაც არ იცნობდნენ", წერდა 1895 წელს ზაქარია ჭიჭინაძე.


პეტრე ხარისჭირაშვილის დაბადების თარიღის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, დაიბადა 1804, 1805 ან 1818 წ. მისი წინაპრები ჯავახეთის სოფელ ბარალეთიდან ახალციხეში დასახლებულან. პეტრემ პირველდაწყებითი განათლება სტაფანე აბინაშვილის შინაურ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ახალციხის წმინდა ნათლისმცემლის ეკლესიის სკოლასა და ალექსანდრეპოლის სასულიერო სკოლებში განაგრძო. ბოლოს რომის უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა "საღმრთო–სამეტყველო" განხრით. სრულყოფილად შეისწავლა ფრანგული, იტალიური, გერმანული, ბერძნული, პოლონური და თურქული ენები.


1842 წ. პეტრე ხარისჭირაშვილი ახალციხეში დაბრუნდა და გასომხებული ქართველის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის თანაშემწედ დაინიშნა.


სამშობლოში დაბრუნებულ პეტრე ხარისჭირაშვილს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სასტიკი ბრძოლა გამოეცხადებინა ქართველ კათოლიკეთა გასომხებისათვის და პირველ რიგში ქართული სასულიერო სემინარიის გახსნა სურდა.


პეტრე ქადაგების იშვიათ ნიჭს ფლობდა და მალევე აიყოლია მთელი მესხეთის ქართველობა. ის კანონს ემორჩილებოდა და ვინაიდან კათოლიკურ ეკლესიებში ქართულად ღვთისმსახურება კანონით დაშვებული არ იყო, სომხურად წირავდა, თუმცა ქართულად ქადაგებდა.


მისმა მოღვაწეობამ მრევლში ზნეობა აამაღლა, წესად დანერგა ღარიბი ქალების უმზითვოდ გათხოვება, მთელ მრევლს ასწავლიდა წერა–კითხვას. მისი ავტორიტეტი ქართველ კათოლიკეთა შორის დღითიდღე იზრდებოდა, სამაგიეროდ სომეხ კათოლიკეთა რისხვა დაიმსახურა.


სომეხ კათოლიკეთა კრებამ დაადგინა ახალციხეში სომხური სემინარიის გახსნა. ამ ნიადაგზე პეტრე ხარისჭირაშვილსა და პავლე შაჰყულიანს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ პეტრე ახალციხეში ჩამოსვლიდან სულ რაღაც ერთ წელში ხიზაბავრაში (ასპინძის რ–ნი) გაააძევეს, საიდანაც ვალეში გადავიდა. ხიზაბავრაშიც და ვალეშიც გლეხკაცობას ნამდვილ მფარველად მოევლინა. ამის შემდეგ ერთხანს ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაშიც მოღვაწეობდა.


1856 წ. პეტრე ხარისჭირაშვილი საზღვარგარეთ წავიდა და ვენეციაში წმ. ლაზარეს კუნძულზე სომეხ მხითარისტთა ძმობაში ცხოვრობდა. აქ მან ქართული სტამბა დაარსა და ივანე მამულაშვილთან ერთად მის მიერ თარგმნილი წიგნი გამოაქვეყნა. წიგნში ორი ნაშრომი სომხურიდან იყო თარგმნილი (ორივეს ავტორი გასომხებული ქართველები იყვნენ). ამან პეტრეს სომხების კეთილგანწყობა მოაპოვებინა და საგამომცემლო საქმიანობის გაფართოების საშუალება მისცა. ვენეციაში მის მიერ გამოცემული წიგნებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლათინურიდან ქართულად თარგმნილი "იგავნი იეზებოს ფილოსოფოზისანი", სადაც შესულია 95 იგავი.


დაუღალავი შრომით პეტრე ხარისჭირაშვილმა ვატიკანის კარდინალთა ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა. მას ნება დართეს, კონსტანტინოპოლში ქართველ კათოლიკეთა კონგერაცია დაეარსებინა ქართული ენითა და ტიპიკონით. ნებართვებითა და ფირმანებით აღჭურვილი პეტრე სტამბოლში ჩავიდა და 1861 წ. ქველმოქმედ იაკობ ზუბალაშვილის დახმარებით ფერიქოიში (ქართ. "ანგელოზთა სოფელი") დაარსა ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე, რომელიც სულ მალე იქცა მძლავრ სულიერ და კულტურულ–საგანმანათლებლო კერად.



აშენდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დაფუძნდა დედათა და მამათა მონასტრები. 1870 წ. დაარსდა სტამბა, სადაც წიგნები ქართულ, მოგვიანებით კი ფრანგულ ენებზე იბეჭდებოდა. ფერიქოის ეკლესია–მონასტერთან გაიხსნა ქართულ–ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებელები, დაარსდა ბიბლიოთეკა. ცნობილია, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად ჩაყვანილი გურული ყმაწვილები გამოისყიდა და მათ თავის მიერ დაარსებულ სასწავლებლეში მისცა განათლების მიღების საშუალება.


მამა პეტრეს მიერ ჩამოყალიბებულმა საზოგადოებამ ეკლესია–მონასტერი დაარსა აგრეთვე სტამბოლის მეორე უბანში – უსქუდარში. საზოგადოებას ჰყავდა ხუთი სოფლის მრევლი, ჰქონდა შემოსავლიანი სახლები.


1881 წ. გახსნეს ქართულ–ბერძნული სკოლა. ქართველ მღვდლებს სკოლა და ეკლესია ჰქონდათ ჰერას უბანში, პაპასკვერებში.