• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის მეთაურმა რუსეთისა და უკრაინის ეკლესიებს მიმართა



ევროპის ზეციერი მფარველებისა და სლავი ხალხის განმანათლებლების, წმინდა კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის მეთაურმა, ეპისკოპოსმა სტანისლავ გონდეცსკიმ, სპეციალური წერილი გაუგზავნა რუსეთისა და უკრაინის იერარქებს. მან მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსებს მიმართა.


მიმართვა დაიწერა შემდეგი ეპისკოპოსების მიმართ:


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე;

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე;

კიევისა და გალიჩსკის უმაღლესიარქიეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩუკი;

მუკაჩევის ეპარქიის სამოციქულო ადმინისტრატორი ლინო ლუშაკი;

რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის მეთაური,არქიეპისკოპოსი პაოლო პეცი;

უკრაინის ეპისკოპოსთა კონფერენციის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, არქიეპისკოპოსი მეჩისლავ მოკშიცკი.


პატივცემულო ძმებო!


ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამბობს: “ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან”. (მათ.5:9).


ბოლო დღეებში, საინფორმაციო საშუალებები ხშირად საუბრობენ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების სერიოზული რისკების თაობაზე. ყოველი ომი არის კაცობრიობის ტრაგედია. იღუპება ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანი. ორივე მხრიდან ზარალდება უამრავი ადამიანი, მილიონობით მათგანი რჩება სულიერი ჭრილობებით, რომლებსაც დრო რთულად კურნავს. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უფრო მეტ დრამატიზმს იწვევს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანაში ცხოვრობს ქრისტიანული და სლავური ერები. როგორც ადამიანურ, ასევე ღვთაებრივ ჭრილში განხილვისას, ამ ორ ერს ბევრი რამ უნდა აერთიანებდეს, უნდა გადაიხარონ არა სიძულვილის, არამედ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემისკენ. თუმცა ამისთვის უმთავრესი პირობა ერების უფლებების პატივისცემაა. მათ შორის, თვითმყოფადობისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლება.


ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს გასული საუკუნე, რომელიც ორი საშინელი ომის მომსწრეგახდა.


წმინდა იოანე პავლე მეორე, რომელმაც პირადად იწვნია საკუთარ თავზე ორივე ომის საშინელებადა ტოტალიტარიზმის რეჟიმი, წერდა: “ომები ხშირად ხდებიან ახალი ომების მიზეზი, ვინაიდან ისინი წარმოშობენ ფესვგადგმულ სიძულვილს, მიაქანებენ ყველაფერს უსამართლობისაკენ, ილახება ადამიანის პიროვნების უფლებები და ღირსება. ომები არ არის პრობლემების მოგვარების საშუალება, არამედ ისინი ხდებიან კონფლიქტების მიზეზი, შემდგომ კი არა მხოლოდ საშინელ დამანგრეველ მიზეზად იქცევიან ხოლმე, არამედ უშედეგონიც კი არიან“. (01.01.2000). ნებისმიერი ომი სიგიჟეა.


ძვირფასო ძმებო, მოგმართავთ, როგორც ეპისკოპოსი იმ ქვეყნისა, რომელიც ესაზღვრება როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას. ჩვენ დაკავშირებული ვართ საერთო ისტორიით და წმინდა ქრისტიანული რწმენით. გავაძლიეროთ სულიერი ძალისხმევა ქრისტეს მიმდევარ მრავალკონფესიურ რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში და ერთად აღვავლინოთ გულმხურვალე ლოცვა იმის მიმართ, ვინც თავადაა მშვიდობა, რათა აგვარიდოს მორიგი ომის საფრთხე ჩვენს რეგიონში.


დაე, ჩვენი ლოცვითი ძალისხმევა გახდეს ძახილი ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ყველაზე სუსტებისა და დაუცველების, რომლებიც ვერ პოულობენ ძალას და შესაძლებლობას გაექცნენ ომის აურზაურს.


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართე პოლონეთის კათოლიკე ეკლესიის ყველა მორწმუნეს მხურვალე თხოვნით, ილოცონ უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობისთვის. მე ასევე გთხოვთ, ძვირფასო ძმებო, მსგავსი მოწოდებით მიმართოთ თქვენს მორწმუნეებს, რათა უფალმა იხსნას ძალაუფლების მქონეთა გულები ომისა და განადგურების წყურვილისგან და მოაქციოს ისინი წყალობისა და მშვიდობისკენ.


ვინც ამგვარად ემსახურება ქრისტეს, ღმერთს მოსწონს და ხალხის მოწონებას იმსახურებს. ამიტომ, ვეძიოთ ის, რაც ემსახურება სამყაროს და ურთიერთაღშენებას" (რომ. 14:18-19).

ილოცეთ წმინდანებო კირილე და მეთოდე ევროპისთვის ღვთის მშვიდობის ძღვენისთვის.



შოთა გიქოშვილი








0 comments