top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რაითა ყოველნი ერთ იყვნენ

ეკუმენიზმი ქრისტიანულ კონფესიებს შორის ჩემს ქალაქ მარსელში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. კათოლიკეებს, მართლმადიდებლებსა და პროტესტანტებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, იმდენად, რომ საერთო რადიოსადგური გვაქვს!


საბედნიეროდ! ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხმელთაშუა ზღვის ამ პორტში ცხოვრობს უამრავი მუსლიმი და ათეისტი - და ისინი ჩვენ გვაკვირდებიან! ეკუმენური მოძრაობა დაკვირვებისაგან წარმოიშვა: ქრისტიანულ ეკლესიებს შორის განხეთქილება, ხშირი ძმათამკვლელი ომები არამორწმუნეებისათვის ან სხვა აღმსარებლობისა თუ რელიგიის წარმომადგენელთათვის ნამდვილი სკანდალი, თავის მომჭრელი ამბავი და საცდურიც კი იყო. როგორ შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე ქრისტეს, ერთსა და იმავე სამებას, ერთსა და იმავე სიყვარულის მცნებას აღიარებენ და ქადაგებენ, ერთმანეთი არ უყვარდეთ? სხვებმა კი იხილონ, თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს? მაშინ როგორ დაიჯერება მათი ნათქვამი, თუ მათ ერთმანეთის სიყვარულიც კი არ ძალუძთ?  თუკი სიტყვა ,,ეკუმენიზმი“ უხერხული და საჩოთირო გეჩვენებათ, მაშინ, მოდით, ვისაუბროთ მრავალფეროვნებაში არსებულ „ერთობასა და სიყვარულზე“, რადგანაც ერთობა სულაც არ ნიშნავს ერთფეროვნებას. თავად ქრისტე ლოცულობდა თავისი მოწაფეების ერთობისათვის: ,,რათა ყველა ერთი იყოს... რათა ირწმუნოს სოფელმა“ (იოან. 17, 21). ერთი, მაგრამ განსხვავებული, წმიდა სამების მსგავსად. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (იოან. 13, 35). ქრისტიანთა ერთობის ეს ძიება ღრმად არის ფესვგადგმული ეკლესიის ისტორიაში, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში.


ჯერ კიდევ 1902 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოაკიმ III-ის ენციკლიკაში, რომელიც გამოქვეყნდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქად მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენელთა მილოცვის შემდეგ, საუბარია ქრისტიანთა ერთობაზე: მან გამოხატა თავისი მხურვალე სურვილი გაერთიანებისა ყველა მათთან, ვინც იზიარებს რწმენას ქრისტეში. იგი  ხაზს უსვამს სხვადასხვა დასავლური ეკლესიის დოქტრინალური პოზიციების სირთულეებს, მაგრამ იმავდროულად ადასტურებს, რომ ერთობის ეს სურვილი მტკიცედ ასახავს მართლმადიდებელთა დამოკიდებულებას. სირთულის დასაძლევად, მისი თქმით, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ რას წარმოადგენს პრაქტიკული წესებიდან გამომდინარე  „განსხვავება“ (diaphora) და რას - „გაყოფა“ (diairesis).


1920 წელს, კიდევ ერთი ენციკლიკა გვევლინება ფუნდამენტურ ეტაპად ეკუმენური მოძრაობისათვის: კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანე V-ის მიერ გამოცემული ეს დოკუმენტი მოუწოდებდა „ეკლესიათა თანაზიარებისაკენ“ (Koinonia to Ekklesion), ეკლესიების „კურთხეული კავშირისაკენ“, რომლის განსახორციელებლად იწვევდა სხვადასხვა ტრადიციის მიმდევრებს, მონაწილეობა მიეღოთ ზიარების ცნების ირგვლივ არსებითი კითხვების ერთობლივ შესწავლაში. პატრიარქისათვის ეკლესიებს შორის კონტაქტების ხელშეწყობა არის პირველი არსებითი ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყვეს „ყოველგვარი ურთიერთუნდობლობისა და სიმწარის გაუქმება“, რათა „აღორძინდეს და განმტკიცდეს სიყვარული ეკლესიებს შორის“. იქვე, როგორც სამუშაო შეთავაზება ეკლესიებს შორის სამომავლო თანამშრომლობისათვის, ჩამოთვლილია თერთმეტი ფუნდამენტური პუნქტი. აღნიშნული სია საფუძველი გახდა ეკლესიების მსოფლიო საბჭოს პროგრამული მუშაობისათვის მისი შექმნის დროს.


დღესდღეობით, მრავალრიცხოვანმა თეოლოგიურმა გადაწყვეტილებამ და შეთანხმებამ, განსაკუთრებით წმიდა პაპ იოანე პავლე II-ის პირადი ძალისხმევის წყალობით, შესაძლებელი გახადა მრავალი უთანხმოების გადაჭრა და ზოგიერთი აღმოსავლური ეკლესიის მოხსენიება არა „ერეტიკოსად“, არამედ ჩვენი ენისაგან განსხვავებულ ენაზე იმავე ჭეშმარიტების გამომხატველად. ეკუმენიზმის საფუძველს წარმოადგენს სიყვარულით მოსმენისა და შესმენის სწავლა - ეს ხომ სახარების საფუძველია!.. იესომ თქვა: „პირველი (მცნება) არის ‘ისმინე ისრაელ! უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით“ (მარკ. 12, 29-30).


არ არსებობს ეკლესია სახარების გარეშე, არ არსებობს სახარება სიყვარულის გარეშე და არ არსებობს სიყვარული ორმხრივი და კეთილგანწყობილი  მოსმენის გარეშე!


მამა პიერ დიუმულენი

 ჟურნალი "საბა"/ 2025, იანვარი

0 comments

Comments


bottom of page