top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რატომ, დედა? რატომ, მამა?

ჟურნალ ,,საბას“ რედაქციის გადაწყვეტილებით, 2022 წლის განმავლობაში ჩვენს მკითხველს შევთავაზებთ ახალ რუბრიკას ,,ბავშვების შეკითხვები მშობლებს“, რომლის მიზანია, ერთმანეთს გავუზიაროთ, რამდენად მნიშვნელოვანია შვილების მიერ დასმული შეკითხვები და მშობელთა პასუხები.



ჩვენ უნდა ვუპასუხოთ კითხვებს არა როგორც ფსიქოლოგებმა, პედაგოგებმა ან შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა, არამედ ბავშვებისთვის გასაგებ მარტივ ენაზე, ისე, როგორც ესაუბრებიან მშობლები შვილებს.


იყო მშობელი, საოცარ შეგრძნებასთან ერთად, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ, მშობლები, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჯანმრთელები, გაიზარდონ მშვიდ, ოჯახურ გარემოში, მიიღონ კარგი განათლება და ჰქონდეთ წარმატებული მომავალი. ამისთვის მშობლებს საკმაოდ დიდი მოთმინება და ძალისხმევა გვჭირდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი წლები, როდესაც ბავშვი იწყებს გარემოს გაცნობას და სვამს უამრავ შეკითხვას, ზოგჯერ შემაწუხებლად იმეორებს ერთსა და იმავეს და იძულებულნი ვართ, ვუპასუხოთ, რამაც შეიძლება ჩვენი გულისწყრომაც გამოიწვიოს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, ბავშვი იმიტომ სვამს კითხვას, რომ შეიმეცნოს სამყარო, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც მშობლების (ან აღმზრდელების) მიერ გაცემული სწორი პასუხები. მშობლებისა და შვილების კითხვა-პასუხზე საუბრისას, გამოვყოფდი რამდენიმე ფაქტორს, რომლის გათვალისწინებაც გვიწევს.



არ არსებობს უაზრო კითხვა: როდესაც ბავშვი კითხვას სვამს, ნიშნავს, რომ მას აინტერესებს მისთვის უცხო მოვლენა ან ნივთი და სურს მის შესახებ შეიტყოს: რა არის? რატომ არის? როგორ ხდება? სად არის? და ასე შემდეგ. ნურც პასუხის გაცემის შემდეგ დასმული კითხვების შეგვეშინდება, პირიქით, ამით ჩვენ სამყაროს უკეთ შემეცნებაში ვეხმარებით შვილს. რაც არ უნდა აბსურდულად მოგვეჩვენოს ბავშვის შეკითხვა, ვეცადოთ, ეს არ ვაგრძნობინოთ, რადგან მათ მოტივაციას მოუკლავს და შეზღუდავს. ბავშვები ყოველთვის ლოგიკურ კითხვებს სვამენ, ეს შეიძლება ჩვენ გვეჩვენებოდეს აბსურდად.


აუცილებლად გამოვნახოთ დრო ბავშვების კითხვების მოსასმენად და მათ საპასუხოდ: მშობლებს ხშირად რთულ პირობებში გვიწევს შვილების გაზრდა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ სახლის საქმეები გველოდება (განსაკუთრებით დედებს), რომელიც თითქმის არასდროს სრულდება. ყოველივე ამის ფონზე კი, ძნელია ყოველთვის გვქონდეს ბავშვებისთვის საპასუხო განწყობა. შეიძლება იმ წუთში ვერ ვუპასუხოთ, მაგრამ უნდა ავუხსნათ ისე, რომ მან უგულებელყოფილად არ იგრძნოს თავი. აჯობებს, ვუთხრათ, რომ ჯერ არ გვცალია და მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ თემაზე. რაც მთავარია, აუცილებლად შევასრულოთ დანაპირები.


ვეცადოთ, ბავშვის მიერ დასმულ კითხვას გავცეთ რეალური, მისი ასაკისთვის შესაფერისი პასუხი: ბავშვის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად კარგი იქნება თუ მოვიშველიებთ თვალსჩინოებებს, მაგალითებს, რაც მას გაუადვილებს მოვლენის აღქმას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც საქმე ეხება მისთვის ყველაზე საინტერესო კითხვას: როგორ ჩნდება ბავშვი? ამ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ ყოველგვარ მოგონილ ამბავს (წერომ მოგიყვანა, კომბოსტოში გიპოვეთ და ა. შ.) და ავუხსნათ მისი ასაკის შესაბამისად, რომ ის დედის მუცლიდან დაიბადა (დეტალების გარეშე). ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულებს, ძალიან მოსწონთ, როცა მათთან გულწრფელები არიან.


არ დავტოვოთ ბავშვი პასუხის გარეშე: ბავშვები მშობლებისა თუ აღმზრდელების მეშვეობით შეიმეცნებენ სამყაროს. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვნახოთ დრო მათ მოსასმენად და ვეცადოთ, ვუპასუხოთ გულწრფელად. პასუხი შეიძლება იყოს მარტივი და ლაკონური. მაგრამ თუ ვეტყვით: ,,რადგან გეუბნები, ასეა“, ვერ დავეხმარებით შვილს, პირიქით, მას უფრო მეტი კითხვა გაუჩნდება. ბავშვი იმიტომ სვამს კითხვას, რომ აინტერესებს პასუხი. თუ არ ვიცით, რა ვუპასუხოთ, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგრამ არ გვაქვს პასუხი, თუმცა მზად ვართ, მასთან ერთად მოვიძიოთ ინფორმაცია. ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, ეს პროცესი დღეს გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენი მშობლებისა და, მით უფრო, ბებია-ბაბუების დროს იყო. როდესაც ბავშვს უარს ვეუბნებით პასუხის გაცემაზე, ან უბრალოდ უგულებელვყოფთ, ამით მას მივანიშნებთ, რომ მისი შეკითხვა მნიშვნელოვანი არაა, რაც ბავშვის თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახება.


ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც, ჩემი აზრით, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან ურთიერთობისას. ,,საბას“ შემდგომ ნომრებში ვეცდებით, უშუალოდ კითხვა-პასუხები განვიხილოთ. კარგი იქნება, თუ მშობლები მოგვაწვდიან ინფორმაციას შვილების მიერ დასმული საინტერესო კითხვების შესახებ, ასევე, სურვილის შემთხვევაში, თავიანთ პასუხებსაც.



P.S. ტექსტზე მუშაობისას საინტერესო სტატიას წავაწყდი ინტერნეტში. ერთ-ერთი ცნობილი მარკეტინგული კომპანია Marketer.ge აქვეყნებს ერთგვარ ექსპერიმენტს სათაურით: რა კითხვები აქვთ ბავშვებს ღმერთთან? ეს იდეა, თავის მხრივ, კომპანიას აღებული აქვს ინგლისურენოვანი საიტიდან Boredpanda.com, რომლის მიხედვითაც მესამე კლასელ ბავშვებს მისცეს საშინაო დავალება, დაესვათ შეკითხვები ღმერთისთვის. პასუხები ორივე სტატიაში ძალიან გულწრფელი და საინტერესოა. ეს გვერდი რომ უფრო საინტერესო იყოს მკითხველისთვის, კარგი იქნება, ჩვენც ვიცოდეთ, რას ჰკითხავდნენ ჩვენი პატარა მკითხველები ღმერთს. მათ პასუხებს კი დროდადრო დავბეჭდავთ ჟურნალ ,,საბაში“. რაც მთავარია, ბავშვებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი კითხვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, საინტერესო იქნება, რადგან პატარებს ეკუთვნით, ბავშვები კი, როგორც ყოველთვის, ყველაზე ჭკვიანურ კითხვებს სვამენ.


მშობლებო, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი შვილების მიერ დასმული კითხვები შემდეგ მისამართზე: sh.parunashvili@gmail.com, ან დამიკავშირდით სოციალურ ქსელში Facebook: Shorena Parunashvili.

შორენა პარუნაშვილი

ჟურნალი "საბა"/ 2022, იანვარი



Comments


bottom of page