11 იანვარს, პაპი ფრანცისკე რომის ცენტრში უძველეს მუსიკალურ მაღაზიას ესტუმრა. მან იქ სულ 10 წუთი დაყო. პაპის ასეთმა ვიზიტმა მედია და საზოგადოების ნაწილი დააინტერესა.
პაპის დაუგეგმავი ვიზიტი ისტორიული ქალაქის ცენტრში დაახლოებით საღამოს შვიდი საათისკენ დაიწყო და 10 წუთს გაგრძელდა. პაპმა ფრანცისკემ მოინახულა რომის ცენტრში არსებული უძველესი მუსიკალური მაღაზია “Stereosuond”. მაღაზია მდებარეობს პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე და მის მფლობელს პაპი ჯერ კიდევ არქიეპისკოპოსობის პერიოდიდან იცნობს. ეს ის უბანია, სადაც ხორხე ბერგოლიოს ხშირად უწევდა გავლა,როცა რომში ჩადიოდა და ახლო მდებარე სასტუმროში რჩებოდა.
წმინდა მამა გაესაუბრა თავის ძველ ნაცნობსა და მაღაზიის მფლობელს ლეტიციას, მის ქალიშვილსა და სიძეს და აკურთხა ცოტა ხნის წინ გარემონტებული შენობა. თბილი მასპინძლობის დასასრულს, მაღაზიის მეპატრონემ სტუმარს კლასიკური მუსიკის ძველებური ფირფიტა გადასცა საჩუქრად.
მას შემდეგ, რაც პაპი რეზიდენციისკენ გაემართა თავისი თეთრი ავტომობილით Fiat 500, მაღაზიის მეპატრონემ მედიასთან ძალიან მოკლედ განმარტა პაპის ვიზიტი და თქვა: “პაპი ჩვენი ძველი მომხმარებელია, რომელიც ჯერ კიდევ, როცა ბუენოს აირესის კარდნიალი იყო და რომში ჩამოდიოდა, ხშირად გვსტუმრობდა, დღევანდელი მისი ვიზიტი კი იყო მშვენიერი და უბრალოებით სავსე”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comentários