top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რატომ იმოსებიან კათოლიკე მღვდლები შავი შესამოსელით?



ალბათ ყველას უნახავს კოჭებამდე გრძელ, შავ სამოსში შემოსილი მღვდელი. რაში სჭირდებათ მათ ასეთი შესამოსელი? რას აღნიშნავს შავი ფერი? ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ არ ხდება.


პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიაში, სასულიერო პირების შესამოსელი არაფრით იყო გამორჩეული სხვებისგან. ისინი იმ დროის ტიპური ტანისამოსით დადიოდნენ და საეროებისგან მხოლოდ მაშინ განსხვავდებოდნენ, როცა წირვის აღსავლენად იმოსებოდნენ სამღვდელო შესამოსელით.


დროთა განმავლობაში, იცვლებოდა ტენდენციები და იმის ნაცვლად, რომ ეკლესია აჰყოლოდა დანარჩენი სამყაროს ფეხის ხმას, სასულიერო პირებმა შეინარჩუნეს შესამოსელის პირველი სახე.


რომაული სუტანა (ანაფორა) მხოლოდ XII-XIII საუკუნეებში გავრცელდა მღვდლებში, როგორც ყოველდღიური სამოსელის ელემენტი, რაც განასხვავებდა სასულიერო პირებს საეროსგან. სწორედ მას შემდეგ, ეკლესიამ დაადგინა, რომ მღვდელი ვალდებული იყო ეტარებინა საეროებისგან განსხვავებული შესამოსელი ღვთისმსახურების გარეშეც.


თავდაპირველად, სუტანა გრძელი, ხალათის მსგავსი სამოსელისგან შედგებოდა, წელზე სარტყელი ჰქონდა და არ გააჩნდა თეთრი საყელო („კოლორატკა“, როგორც ეს დღეს არის მიღებული). სუტანის ფერი კი, ცოტა მოგვიანებით განისაზღვრა და სავარაუდოა, რომ შავი ფერი დაკავშირებული იყო ამავე ფერის საღებავის მარტივად მოპოვებასთან.

ისტორიულად, შავი ფერი იაფი იყო და შესაბამისობაში მოდიოდა სამრევლოს მღვდლის შესაძლებლობებთან.


ზოგიერთი სასულიერო პირი, თავისი იერარქიული წოდებინდან გამომდინარე, განსხვავებული ფერის სუტანას ატარებდა (მაგ.: ეპისკოპოსი ატარებდა მეწამული ფერის შესამოსელს, ხოლო კარდინალი ცეცხლისფერს). XVI საუკუნიდან რომის პაპების შესამოსელი თეთრი ფერის გახდა, ისე, როგორც დღეს რომის პაპის სუტანის ფერია.


შავ სუტანას დღემდე ბევრი მღვდელი ატარებს, თუმცა ეპისკოპოსთა კონფერენციებმა ნებართვა გასცეს სუტანის ნაცვლად მღვდლებს შავი ფერის პერანგი გამოეყენებინათ.

შავი ფერი განასახიერებს უბრალოებასა და თავმდაბლობას, ეს კი მღვდელბს შეახსენებს ამ სათნოებების მიბაძვის ვალდებულებაზე.


შავი ფერი ასევე ასოცირდება სიკვდილსა და გლოვასთან, მღვდლებს კი შეახსენებს, რომ ისინი თავიანთი თავისთვის უნდა მოკვდნენ და ღმერთი აღამაღლონ საკუთარ ცხოვრებაში.


მღვდელი მოწოდებულია ყოველდღიურად აიღოს უფლის ჯვარი და მოკვდეს ცოდვისთვის, რათა აღდგეს უფლის მადლში.


მართალია, რომ მღვდელი ვალდებულია ატაროს შავი ფერის შესამოსელი, თუმცა ცხელ ქვეყნებში მათ შემსუბუქების ნებართვა მიიღეს და კლიმატთან შესაბამისი ფერის შესამოსელის ტარების უფლება მიენიჭათ.


ასევე შეიძლება ნახოთ მღვდლები, რომლებიც არ არიან შავი სუტანით შემოსილნი, ისინი არიან გარკვეული ორდენების ან კონგრეგაციების ბერები და ატარებენ შესაბამისი ფერის შესამოსელს (ჰაბიტი).


ასეთი სახასიათო ფერის მღვდლის შესამოსელი სასულიერო პირებს საეროთაგან გამოარჩევს. ეს კი შეგვახსენებს მღვდლის მისიას და მისი მსახურების არსს ღმერთისა და ადამიანებისადმი, გამოარჩევს მას დანარჩენი ადამიანებისაგან. მღვდელი წარმართავს ჩვენს გულებს ქრისტეს ზეციური სახლისაკენ, ფერი კი მხოლოდ და მხოლოდ ხაზს უსვამს ამ რეალობას და გარკვეულწილად იგი იქცევა ხოლმე მცირე ქადაგებად, როდესაც მღვდელს ვხედავთ.



ტექსტი მომზადებულია Aleteia-ს მასალებზე დაყრდნობით
ადაპტირებული თარგმანი catholic.ge

Comments


bottom of page