4 ოქტომბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ფრანცისკე ასიზელის მოხსენიებას აღნიშნავს, მსოფლიო კი - ცხოველთა საერთაშორისო დღეს.
წმინდა ფრანცისკე ასიზელი ცხოველთა მფარველ წმინდანად ითვლება, სწორედ ამიტომ 1931 წელს, ფლორენციაში ეკოლოგების კრებაზე ცხოველთა საერთაშორისო დღის თარიღად 4 ოქტომბერი, ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების დღე შეირჩა.
ბუნებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა, მას საშუალება მისცა ეპოვა საერთო ენა ნებისმიერ ცოცხალ არსებასთან. ლეგენდის თანახმად, წმინდანს შეეძლო არა მხოლოდ ცხოველებისა და ფრინველების გაგება, არამედ მათთან საუბარიც. ისინიც თავის მხრივ პასუხობდნენ მას ერთგულებით და საჭიროების შემთხვევაში იცავდნენ. ქადაგებებისას ის ცდილობდა ბუნებრივი პროცესების შესახებ ესაუბრა და ადამიანებში თანაგრძნობა და სიყვარული დაეთესა ველური ბუნების მიმართ.
ამიტომ თანამედროვე ეკოლოგები წმინდანს ველური ბუნების მფარველად თვლიან და მისი მოხსენიების დღე გახდა ცხოველთა დაცვის დღე.
ფრანცისკე ასიზელის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1182 წელი. დაიბადა იტალიის ქალაქ ასიზიში. მისი მამა პიეტრო ბერნარდონე, მდიდარი ასიზელი ქსოვილების ვაჭარი, ხოლო დედა, რომლის შესახებაც ცნობები მწირია, სავარაუდოდ პროვანსელი დიდგვაროვნების ოჯახიდან იყო. ფრანცისკეს ნათლობისას დაარქვეს ჯოვანი — სახელი, რომელიც მამამისმა მოგვიანებით შეუცვალა და დაარქვა ფრანცისკე, საფრანგეთში მისი საქმიანობის აღსანიშნავად.
თავდაპირველი განათლება ფრანცისკემ მიიღო ასიზელი მღვდლებისაგან, თუმცა სავარაუდოდ ის ასევე იღებდა განათლებას ტრუბადურების სკოლაში.
ფრანცისკე არ იჩენდა დიდ დაინტერესებას არც სწავლის და მიუხედავად მამის საქმიანობისა, არც სავაჭრო საქმის მიმართ. მას უდარდელი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა. კარგად ჩაცმული, სიმპათიური, მხიარული, ხელგაშლილი, გალანტური და ზრდილობიანი ფრანცისკე მალევე გახდა ახალგაზრდა ასიზელი დიდგვაროვნების ფავორიტი.
20 წლის ასაკში, ფრანცისკე, თანაქალაქელებთან ერთად მონაწილეობდა ბრძოლაში პერუჯელებთან სადაც ასიზელები დამარცხდნენ და ფრანცისკემ წელიწადზე მეტი პერუჯაში ტყვეობაში გაატარა. ტყვეობიდან გათავისუფლებული კვლავ უზრუნველ ცხოვრებას დაუბრუნდა და მოგვიანებით სამხედრო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. ამ პერიოდში ფრანცისკემ ორჯერ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომელმაც მის სულიერ ცვლილებას შეუწყო ხელი. 1205 წელს წავიდა პულიაში ჯარში ჩასაწერად, თუმცა უცნაურმა სიზმარმა იგი ასიზში დააბრუნა.
ამის შემდეგ ფრანცისკე თავს არიდებს ძველ მეგობრებს და დროს ძირითადად მარტო, ლოცვაში ატარებს. შემდეგ იწყებს კეთროვნების მოვლას ასიზის ლაზარეთებში. რომში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ის ტაძრის კარებთან ღარიბთათვის ლოცულობდა, ჰქონდა მისტიური ხილვა იესო ქრისტესი, სადაც ჯვარცმის ხატი სთხოვდა დახმარებას აღედგინა მისი სახლი, რომელიც ინგრეოდა. ფრანცისკემ ჩათვალა, რომ ეს იყო ის ტაძარი სადაც ის ლოცულობდა და მამის ქსოვილების გაყიდვით დაეხმარა მღვდელს ტაძრის აღდგენაში.
პიეტრო, მამამისი, ცდილობდა ფრანცისკეს ახალი ცხოვრების შეცვლას, ჯერ მუქარით, შემდეგ ცემით. ფრანცისკემ უარყო მამა და მთელი ქონება, საკუთარი ტანისამოსის ჩათვლით მას დაუტოვა, რის შემდეგაც რამდენიმე თვე ასიზის მიდამოებში მათხოვრობდა.
წმ. ფრანცისკე 1226 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა. 1228 წლის 16 ივლისს წმინდანად შერაცხეს.
catholic.ge
Comentários