top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რელიგიური გაერთიანებების სარჩელი, იმპორტის გადასახადზე საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი – ამის შესახებ ინფორმაციას "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)" აქვეყნებს, რომელიც მოსარჩელეთა ინტერესებს იცავს.


სარჩელით რელიგიური ორგანიზაციები:


სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“,

ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“,

სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“,

ა(ა)იპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“,

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“,

სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“,

ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“,

სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“,

სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“


ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც რელიგიური დანიშნულების საგნების უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებისას, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას იმპორტის და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის ვალდებულებას აკისრებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

კერძოდ, სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი, 195-ე მუხლი და მე-11 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-16 მუხლებთან მიმართებაში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევას, როდესაც წარმოიშობა დღგ-ს გადასახადის გადახდის ვალდებულება იმპორტის დროს: ეს არის ნებისმიერი განსაზღვრული საგნის, მათ შორის რელიგიური საგნების იმპორტი. საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლი კი განსაზღვრავს, ვინ არის იმპორტის გადასახადის გადამხდელი: ეს არის ნებისმიერი პირი, მათ შორის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებს საქონელს, მათ შორის რელიგიური დანიშნულების პროდუქციას. აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელიც, სხვა გადასახადებთან ერთად, თავისუფლდება იმპორტის დროს გადასახადებისგანაც (კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი).

სარჩელით აგრეთვე მოთხოვნილია საგადასახადო კოდექსში რელიგიური საქმიანობის განმსაზღვრელი ნორმის იმ შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც რელიგიური საგნების იმპორტს რელიგიურ საქმიანობად არ განიხილავს. მოსარჩელეთა პოზიციით, ამით ირღვევა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის უფლება, ისე, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით უზრუნველყოფილი რელიგიის თავისუფლება. აღნიშნულ ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად.

წყარო – TDI

Comentários


bottom of page