top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'რისთვის დავხოხავ, თუკი მხრებზე ფრთები მასხია?' - მამა პავლე შჩეპანეკი



სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მამა პავლემ წერილი გადმომცა და მისი ქართულად თარგმნა მთხოვა. თხოვნა სიამოვნებით შევუსრულე, რადგანაც სტატია ძალიან მომეწონა. გავიდა წლები და შემდეგ ეს წერილი აღარც კი გამხსენებია და სულ ახლახან შემთხვევით გადავაწყდი ჩემს ქაღალდებში. მაგრამ, როდესაც გამახსენდა, რომ 21 ივლისს მამა პავლე შტეპანეკის გარდაცვალებიდან 7 წელი შესრულდა, მივხვდი, ეს შემთხვევითობა არ იყო: ღმერთს სურდა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ჩვენთვის კამილიელთა საყვარელი შვილი, რომელმაც თავისი უანგარო მსახურებით სამუდამოდ დაამახსოვრა თავი გარშემომყოფთ.


მამა პავლემ თავისი სიცოცხლე იესოს მიანდო და ჩვენც ამასვე მოგვიწოდებს, მივდიოთ მის შეგონებებს!


14 ივლისს წმიდა კამილო დე ლელისის, კამილიელთა ორდენის დამაარსებლის, ხსენების დღეა.


ამ წერილის დაბეჭდვით პატივს მივაგებთ წმიდა კამილოსა და მამა პავლეს ხსოვნას.

მამა აკაკი ჭელიძე


"მოგზაურო,

შენ მე არ მიცნობ, სამაგიეროდ, მე გიცნობ კარგად. დიდხანს ვილოცე შენთვის, ვიდრე ამ ბარათს საფოსტო ყუთში ჩავაგდებდი. ჩემს ყურს სწვდებოდა შენი ჩურჩული, მოშრიალე ღამეულ ეჭვთა მარტოობაში. ტკივილისას, ვეხმარებოდი შენს სასთუმალთან მოდარაჯე მზრუნველ ღმერთს შენი ცრემლების შეგროვებაში, რათა არცერთი მათგანი არ მისცემოდა დავიწყებას უკუნისამდე. არადა, რამდენ ტკივილს დაუდია ბინა შენს ჭერქვეშ! სიძნელეები სამსახურში, ჯერ კიდევ ჩაუბარებელი გამოცდები, იმედგაცრუება ოჯახში, მონატრება, მარტოობა... ამდენი ტკივილი. სიხარულში ვიჭერდი შენს ღიმილს, როგორც პეპლებს, რათა გამომეშვა ისინი ზამთარში მოგონებათა თბილ მდელოებზე, რადგან ასე იშვიათად გვესტუმრებიან ხოლმე...


არ მიცნობ მაგრამ... ხომ შეგიძლია მოუსმინო სიტყვებს, რომლებიც მხოლოდ აჩრდილია იმისა, რის შესახებაც მსურს შენ მოგითხრო. "აჩრდილია", რადგანაც ასე რთულია სიტყვებში დაიჭირო ჩამავალი მზის მხურვალება, როდესაც მთელი ქვეყანა, სულ რაღაც რამოდენიმე წამით გავარდისფრდება მათთვისაც კი, რომელთაც არა სჩვევიათ ყოველდღიურად ვარდისფერი სათვალეების ტარება. როგორ აღვწერო მაისის დილით ერთი წუთით ატირებული წვიმის გემო? როგორ მოვუხმო მოგონებებში საზეიმო ნაძვის ხის სუნს, თუმც კი ყოველდღიურობის მორევში ვყვინთავთ, და განწყობაც სულაც არ ჰგავს ახალი წლისას?


სიტყვები მხოლოდ აჩრდილია... მე კი მსურს გიამბო იესოზე.


სიტყვები მხოლოდ აჩრდილია, მაგრამ შენ, მხოლოდ შენ, მოგზაურო, ძალგიძს სიცოცხლე შთაბერო მათ, ახალი სიცოცხლე. შენი სიცოცხლე. ისევე, როგორც ანგელოზის ხარებით გაოგნებულმა გოგონამ ნაზარეთიდან, ნაზარეთიდან, რომელიც ორი ათასი წლის წინათ სულ სხვა იყო ვიდრე დღეს არის, მაგრამ ხალხი კი ცხოვრობდა იქ ჩვენი მსგავსი, შენი და ჩემი. უდიდესი ხელოვნებაა უსმინო ისე, რომ მოისმინო მოსაუბრის მიერ ნათქვამი. ისე გატაცებით ისმენდა იგი, რომ მასში თავად სიტყვა ხორციელ იქმნა. გასაოცარია, რომ სწორედ მოსმენა გახდა ახალი დასაბამის დასაბამი.


მოგზაურო, ესაა შენი მოსმენის ჟამი. ჟამი, რომელსაც ძალუძს შეგიძღვეს შენ ახალ, გაცილებით უფრო მშვენიერ, სავსე, ნამდვილ ცხოვრებაში. ედით შტაინი – დღეისათვის შერაცხულია იგი წმიდანად, წარმოშობით ებრაელი. როგორც ზრდასმულმა პიროვნებამ მან გადაწყვიტა სრულად მიეძღვნა თვისი სიცოცხლე იესოსათვის. მოწოდების ხმის მიყოლით გახდა კარმელის მონაზონი.


დედამ, როდესაც მიაცილებდა მას მონასტრის კარიბჭესთან, სასოწარკვეთილმა უკანაკნელ ცდასღა მიმართა, რათა ქალიშვილს თავის გიჟურ ჩანაფიქრზე ხელი აეღო. ეკითხებოდა:

– განა არ შეიძლება ემსახურო ღმერთს მოსეს რჯულში?

– შეიძლება – მიუგო წყნარად მომავალმა და ბენედიქტამ.

– და განა არაა მშვენიერი ჩვენი ადათი, ლოცვები ან სინაგოგა?

– მშვენიერია.

– მაშ რაღად გვტოვებ?! – ქვითინით შესძახა დედამ.

– ხედავ, დედიკო, ყველაფერი, რაც თქვი, სწორია და მართალი ხარ შენ

სრულებით. მშვენიერია ჩვენი რჯული, ღმრთის სადიდებლად მონიჭებული. მშვენიერია სინაგოგა და რაბინთა მოძღვრებანი. ეს ყოველივე მშვენიერია, მაგრამ მე ვპოვე ის, რაც ყოველივეზე მშვენიერია. როდესაც აღმოაჩენ ყოვლადმშვენიერს, ვეღარა გყოფნის ის, რაც ძლივს თუ იმსახურებს მშვენიერის ეპითეტს. მიატოვო მშვენიერი, რათა განიცადო ყოვლადმშვენიერი. ხვდები რისი თქმა მწადია შენთვის? მიატოვო, რათა მოიპოვო. და ეს არა იმის გამო, რომ შენს ცხოვრებას თითქოს აკლდა სრულად აზრი ან მშვენიერება, არა! არამედ, რათა უფრო მაღლა ააღწიო. რათა გაარღვიო ახალი, აქამდე დაფარული ჰორიზონტები. ეს არის გამოწვევა. ეს არის მოწვევა.


იყო ერთი მდიდარი კაცი. მას ამქვეყნად უკვე ყოველივე ენახა და გამოეცადა. იცოდა გემო რჩეულ-რჩეული კერძებით გაძღომისა და მყიფე კმაყოფილება, ფლობისაგან მონიჭებული. იცოდა სიმწარე მეგობრის ღალატისა და უმიზნო ცხოვრებით ქანცგაწყვეტის გრძნობა. ბოლოს იპოვა რაღაც, რაც იქცა მისთვის ჭეშმარიტ გატაცებად – მან დაიწყო მარგალიტების შეგროვება. რაღა მარგალიტიო მაინც და მაინც, იკითხავ. ალბათ იმიტომ, რომ მარგალიტი იბადება მოლუსკების ტკივილისა და ტანჯვისაგან, თუმც იშვიათად თუ ახსენდებათ ამის შესახებ ადამიანებს მათი მშვენიერების ჭვრეტისას. და როგორა ჰგავს ეს ცხოვრებას ჩვენი მდიდრისას: ხალხი შენატრის, ის კი უბრალოდ იტანჯება. და ვიდრე ჩვენ ამ მსჯელობებში ცოტა შევყოვნდით, მდიდარმა უკვე მოასწრო და შეაგროვა პატიოსან თვალთა გორები. იქნებ ვიღაცას დაექადნა კიდეც, მე მაქვსო მსოფლიოში უდიდესი კოლექცია, მაგრამ არა მას. გაიფიქრა: "რაა სიმრავლე?!" და ინატრა მარგალიტი უძვირფასესი. დაუწყო ძებნა. დაუწყო და იმწამსვე ჰპოვა.

თითქოსდა არა მდიდარს ეძიოს მარგალიტი, მარგალიტს – იგი. მის მოლოდინს გადააჭარბა. იმაზე მეტად მშვენიერი იყო ვიდრე ძალგიძს წარმოიდგინო. გამყიდველმა დაადო ფასი, ძალზე მაღალი. მრავალნი მოდიოდნენ და ბრუნდებოდნენ ხელცარიელნი, თუმც კი თითეულს გააჩნდა თანხა მის შესაძენად. ყოველ ჯიბეს სწვდებოდა იგი. დიახ, ყოველს, შენც შეძლებდი მის შეძენას. გაინტერესებს მისი ფასი? ყოველივე, რაც გაგაჩნია. ყოველივე, რაც გაგაჩნია ამ ყველაზე მშვენიერისთვის. გასაოცარი გარიგებაა.


ღარიბისთვის იოლია მისი მიღება. უფრო ძნელია მდიდრისათვის, ამიტომაცაა, რომ უიმედოდ ცდილობენ თავიანთი სიმდიდრის ტვირთით გაძვრნენ გადაწყვეტილების ნემსის ყუნწში: "კი მაგრამ, ღირს კი?" ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა, შენ კი რას იზამ? მან დაიმკვიდრა განძი, რომელსაც მას ვერავინ შეეცილება. შენ, შენ რას იზამ? დაფიქრდი, ეს ძვირფასი მარგალიტი, რომელსაც ნატრობ, ეძებ უკვე დიდი ხანია, არის შენი და იესოს ერთად ცხოვრება. არაფერია ამ ქვეყანაზე უფრო ძვირფასი ან მშვენიერი, ვიდრე ცხოვრება იესოსთან. როცა მოიწვევ მას შენს ჭერქვეშ, მოვა მაშინვე, რადგან როგორც თავადვე ამბობს: "აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ მოისმენს ვინმე ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან და ვივახშმებ მასთან ერთად, და ის კი – ჩემთან" (გამოცხ. 3, 20). როდესაც მოიწვევ მას შენს ცხოვრებაში, უთუოდ მოვა, რამეთუ თავად დაგვპირდა ამას. მოვა მიუხედავად შენი ცოდვისა, და თვით მის გამოც, რამეთუ ძე კაცისა, როგორც ამბობს იესო საკუთარ თავზე, არ მოსულა შენს განსასჯელად ცოდვის გამო, არამედ შენს დასახსნელად ცოდვისაგან. იესოს მომტევებელ სიყვარულთან შეხვედრაში შენი ცოდვები, ისინიც კი, ძოწეულივით გაწითლებულნი, თოვლზე მეტად გათეთრდებიან, მოგეტევება და იქნები თავისუფალი. იესომ განვლო შემაძრწუნებელი აგონია და მოკვდა სასტიკი სიკვდილით, რათა ეხსენი შენს ცოდვათაგან. რათა თავისკენ მიეზიდე და მოეძღვნა შენთვის სიცოცხლე. და არა რაღაც საცოდავი არსებობა, არამედ "სიცოცხლე უხვად" (იოან. 10, 10), მშვენიერი, ზეციური სიცოცხლე, რომელსაც თავის დასაწყისი აქვს აქ, უკვე ამ ქვეყანაზე. მრავალი ზერელედ უყურებს მის სიყვარულს. შთანქმულნი შრომით, სახლის ლაგებით, ამხანაგებთან მასლაათით, ბავშვთა დატუქსვით, ანდა უამრავი სხვა საქმეებით ვივიწყებთ იესოს. განა არაა ძალზე ცოტა, თუკი უფალთან შენს შეხვედრებს შემოსაზღვრავ საკვირაო წირვით ტაძარში? შეხედე, კვირა ხომ შედგება ას სამოცდარვა საათისგან, შენ კი ერთი საათით გსურს გაუსწორო ანგარიში უფალს ღმერთს შენსას? შეადარე ეს საათი და ტელევიზორთან გატარებული საღამოები. ჰო, მე მგონი რომ საკმარისად შთამბეჭდავი სურათი ჩნდება.


ახლა შეხედე რამდენი საქმე არ გამოგდის: არასდროს არ კმარა ფული, ნაბიჯს გადადგამ, და ის თურმე ყოფილა მცდარი, ახლობლებთანაც მუდამ გიჭირს საერთო ენის გამონახვა. საღმრთო წერილი გვიმარტავს, თუ რად ხდება ასე:

"თუკი უფალი არ ააშენებს სახლს,

ამაოდ შრომობენ მისი მშენებლები.

ამაოდ დგებით მზის ამოსვლამდე,

აგვიანებთ მოსვენებას,

პურსა ჭამთ ჭმუნვით მოპოვებულს,

ამდენს იგი ძილშიც კი აძლევს თავის მოყვარულთ" (ფს. 126/127, 1-2)


ღმერთს სურს იზრუნოს შენზე. სურს გადაწყვიტოს შენი პრობლემა, აღმოგიჩინოს სიყვარული კონკრეტული დახმარების (სულიერის თუ ხორციელის) ნიშნის მიერ. ღმერთი იცნობს ადამიანთა საჭიროებებს. ამის შესახებ შეახსენებს მოსე რჩეულ ერს: "გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს უდაბნოში.(...) გაჭმევდა მანანას (...) აგერ ორმოცი წელია შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსიებია. (...) უფალს, შენს ღმერთს მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც წყალი უხვად მოედინება მთად და ბარად, ხორბლისა და ქერის, ყურძნის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში – ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში – ქვეყანაში სადაც არაფერი არ მოგაკლდება" (მეორე რჯ. 8. 3, შმდ.).


ყოველივე ამის მოძღვნა სურს კეთილ ღმერთს შენთვის, მოგზაურო, თუ შენც ისურვებ. ნუ იქნები ისე ზარმაცი, რომ არ მიიღო მისგან კურთხევა. ნუ შეგაშინებს თუ განგდევნიან იმ პატარა, ვიწრო გატკეპნილ გზიდან, რომელშიც თავად ჩაძვერი.


მერწმუნე, რადგან მე ამას უკვე განვიცდი საკუთარ თავზე: თუ კი სთხოვ იესოს, რომ შემოვიდეს შენს ცხოვრებაში და დაგარწმუნოს, რომ იგი კვლავაც იგივ ღმერთია, რომელიც ბიბლიურ ეპოქაში მოქმედებდა სასწაულებით, მაშინ შენი ცხოვრების სხვადასხვა მხარე შეცვლას დაიწყებს. წმიდაგყოფს შენ, გაგაბედნიერებს.


დღეს გმართებს ნაბიჯის გადადგმა. შეგიძლია უპასუხო "ჰო" ან "არა". გადაწყვეტილება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. იქნებ ფიქრობ: "გამბედაობა არ გამაჩნია. არ შემიძლია. არ მეყოფა ძალა იმისათვის, რომ იესოს ვუერთგულო, რა საჭიროა თვალთმაქცობა."


უფალი არ ელის რომ შენს თავში იპოვო ძალა. იგი თავად უზრუნველგყოფს საჭირო ძალით, ნამდვილად მნიშვნელოვანია გაითვითცნობიერო, რომ უძლური ხარ და საჭიროებ სრულად მინდობას ღმერთზე, ღმერთზე რომელსაც შესწევს ძალი. იგი მოელის შენს ნაბიჯს. მისცემ თუ არა შესაძლებლობას, რათა გაქციოს სრულიად ახალ ადამიანად. ღმერთს ვევედრები, რათა დასთანხმდე.


უძვირფასესო უფალო იესო, შენს წინაშე ვდგები და შეგთხოვ, რათა მიანიჭო ჩემს მეგობარს ძალი სწორი ნაბიჯის გადასადგამად, უფალო, დაეხმარე, რათა მთლიანად შენ მოგენდოს. ქმენ რათა არ წაბორძიკდეს. შეგთხოვ, მოაშორე შიშის გრძნობა, რომელიც, შეიძლება, აბრკოლებს მას, მიეც გამბედაობა, რათა გამოგყვეს შენ.


და ეხლა, თუკი გადაწყვიტე, მიანდო შენი უძვირფასესი სიცოცხლე იესოს, შეგიძლია ილოცო ჩემთან ერთად ამ სიტყვებით ან სხვა ლოცვით, რომელიც უფრო მართებულად მოგეჩვენება: უფალო იესო, ეხლა შენს ხელთ მოგიძღვნი მთელს ჩემს სიცოცხლეს. მე შენ

გეკუთვნი და მწადია ვიყო შენი უკუნისამდე. გთხოვ, გადმოხედე ჩემს გულს, რათა მიჩვენო ის ყველაფერი, რაც შენ გამწუხრებს მასში, უფალო. მწადია გარდავქმნა ჩემი ცხოვრება იმ ძალით, რომელსაც შენ მომმადლი.


მაკურთხე, რათა მივიღო შენში ცხოვრების მთელი სიუხვე. შემოაბიჯე ჩემს ყოველ სიძნელეში, იმედსა და ჩანაფიქრში. განკურნე ცოდვის წყევლისაგან ჩემი წარსული. დამიფარე ყოველგვარი ბოროტისაგან აწ და მარადის.

შენ ხარ იესო, ჩემი უფალი.

ამენ"


სურვიციუსი

(კამილიელი მამა პავლე შჩეპანეკი)

რომი

24.01.1996


ჟურნალი "საბა"/ 2006 წელი

Comments


bottom of page