• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორია ვატიკანის პასუხი დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვაზე


ქართველი კათოლიკე მოწამის, ძმა დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვასთან დაკავშირებით, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მიერ გაგზავნილ წერილობით თხოვნას, ვატიკანმა ოფიციალური წერილით უპასუხა.



2021 წლის 9 აპრილს, საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სახელით პაპს წერილობითი თხოვნა გაუგზავნა, ქართველი კათოლიკე მოწამის, ძმა დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვასთან დაკავშირებით.


“ჩვენი აზრით, 700-ე წლისთავი კარგი და ხელსაყრელი შემთხვევაა რათა გავაცოცხლოთ მისი ხსოვნა ჩვენს კათოლიკე საკრებულოებში და ამავდროულად შევამოწმოთ, თუ არსებობს დოკუმენტები ან საკმარისი მოტივაციები, რომლებიც ადასტურებდეს, რომ ჩვენი ძმა დემეტრე უკვე იყო ‘ნეტარად’ მოხსენიებული, როგორც მისი მეგობარი სხვა ფრანცისკელები, და იმ შემთხვევაში, თუ ამის დოკუმენტირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვიკითხოთ, რისი გაკეთებაა უკეთესი იმისათვის, რომ ჩვენი ძმა დემეტრეც ვიხილოთ ‘ნეტარად’ შერაცხილი”, - ეწერია წერილში.


ამის საპასუხოდ, ვატიკანმა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ნეტარად შერაცხვასთან დაკავშირებით, ეკლესიამ ადგილობრივ დონეზე, უნდა შექმნას სპეციალური კომისია და შეაგროვოს ისტორიულ–დოკუმენტური და იკონოგრაფიული მასალები, იმისათვის, რომ შემდგომში ნეტარად შერაცხვის პროცესი დაიწყოს.


„შემდგომი ქმედებებისთვის, გთავაზობთ, ეპარქიამ (საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციამ c.g) მოკვლევა დაიწყოს ისტორიულ–დოკუმენტური და იკონოგრაფიული მასალების შეგროვებით, ისტორიული კომისიის დანიშვნით, აგრეთვე ტრიბუნალის შექმნით, რომელიც განიხილავს დაახლოებით 8-10 ტექსტს, რათა გაგრძელდეს დღემდე უკვდავი კულტი და სამი ფრანცისკანელის სიწმინდისა და წამების განდიდება. როგორც კი საქმე მიაღწევს – Super Martyrio et Super Culto ab Immemorabili Tempore Praestiti განყოფილებამდე, იგი გაგრძელდება ჩვეული პროცედურით, რომელიც მოიცავს ისტორიულ განხილვას და საღვთისმეტყველო კონსულტანტების, კარდინალებისა და ეპისკოპოსების რეგულარულ სხდომას“, – წერია საპასუხო წერილში.


ცნობისათვის, კათოლიკე ეკლესია საქართველოში მორწმუნეებს სთხოვს შეაგროვოს სხვადასხვა დამოწმება მოწამის შესახებ, რომელიც დაეხმარება მის ნეტარად შერაცხვის პროცესს.


“შევაგროვოთ ჩვენებები მათგან, ვისაც მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ დაადასტურონ ძმა დემეტრეს სიწმინდეზე მისი მხრიდან გარკვეული მოქმედების, ნიშნის, გამოცდილების, თაყვანისცემისათვის... და მოემზადონ მათ დასამოწმებლად კანონიკური პროცესის დროს, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ მალე დაიწყება”.


ქართველი კათოლიკე, ფრანცისკანელი ბერი, ძმა დემეტრე თბილელის შესახებ ცნობები მცირეა, თუმცა ჯერ კიდევ 1910 წელს, ქართველი კათოლიკე მღვდელი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მიხეილ თამარაშვილი წერდა: „ძმა დემეტრე ტფილელი მცირე ძმების ორდენში შევიდა, თავის ევროპელ თანამოძმეებთან ერთად ინდოეთში წავიდა და თანაში ეწამა 1321 წელს“....


ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ დემეტრე თბილელი ფრანცისკანელთა ორდენის ქართველი ბერი იყო, რომელიც ინდოეთში აწამეს.


მოწამეობრივი აღსასრულიდან 700 წლის შემდეგ, საქართველოში კათოლიკე ეკლესია ცდილობს მისი მოღვაწეობრივი აღსასრული სათანადოდ დააფასოს.


ამავე თემაზე:

დემეტრე თბილელი

ქართველი კათოლიკეები რომის პაპს დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვას სთხოვენ

ძმა დემეტრესადმი მიძღვნილი დღის ქადაგება

კათოლიკეები ითხოვენ თბილისის რომელიმე ქუჩას დემეტრე თბილელის სახელი მიენიჭოს

კათოლიკე ეკლესიამ ძმა დემეტრე თბილელის წამების დღე გაიხსენა


catholic.ge