• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორია იყო კათოლიკე მისიონერი პაპუა ახალ გვინეაში

გასულ კვირას, საქართველოში იმყოფებოდა პოლონელი მისიონერი მიხალ სკუბისი, რომელიც უკვე 7 წელია პაპუა ახალ გვინეაში მოღვაწეობს. ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ტომებად ცხოვრობენ და განსხვავებული წეს–ჩვეულებები აქვთ, მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. როგორ ცხოვრობს კათოლიკე თემი პაპუა ახალ გვინეაში, რითაა მნიშვნელოვანი იქ მისიაზე ყოფნა და რაში დაეხმარა მღვდელს წლების წინ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება – ამის შესახებ, მამა მიხალ სკუბისი Catholic.ge–ს ესაუბრა.

პოლონელი მისიონერი, მიხალ სკუბისი მღვდლად 2008 წელს, პოლონეთში ეკურთხა. კითხვაზე, პირველად როდის ჩამოვიდა საქრთველოში, გვპასუხობს, რომ 2007 წელს, როცა მამა იეჟი პილუსს აფხაზეთში, სოხუმის სამრევლოში გამოჰყვა. მაშინ დიაკვანი იყო და გადაწყვიტა, რომ როცა მღვდელი გახდებოდა, მისიონერი უნდა ყოფილიყო:


„აფხაზეთში ყოფნამ მასწავლა, რომ ჩემს ჩარჩოებს უნდა გავცდე, რომ უნდა ვიმუშაო არა მხოლოდ ჩემი ეპარქიისთვის, არამედ უნდა ვაკეთო ის, რაც ღმერთს სურს. ხშირ შემთხვევაში, ამისათვის საჭიროა რისკიც და იმისთვის, რომ გავრისკოთ, საჭიროა გამბედაობა“, – ამბობს მისიონერი.


მისია


მღვდლად კურთხევიდან სამი წლის განმავლობაში, პოლონეთში, ერთ-ერთ სამრევლოში საკუთარ ეპარქიაში მუშაობდა; შემდეგ ვარშავაში, მისიონერთა ცენტრში ემზადებოდა; რამდენიმე თვე დიდ ბრიტანეთში, ენის შესასწავლად იმყოფებოდა; 2012 წელს კი, აფრიკაში, სამხრეთ სუდანში მისიაზე პირველად წავიდა.


„კარგი იქნება, თუ ამ ორ რამეს გავაერთიანებთ, რადგან მინდოდა მღვდლობა და მასთან ერთად, მინდოდა გავმხდარიყავი მისიონერი“.


აფრიკის შემდეგ, მისიაზე პაპუა ახალ გვინეაში წავიდა. უკვე შვიდი წელია იქ მუშაობს და ამბობს, რომ გამოწვევებს არ უშინდება: „რთული და სასიამოვნო მომენტები ყველგან არის, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, შენ როგორ განეწყობი ამ სირთულეების მიმართ. თავიდან, გადავწყვიტე გვერდიდან მეყურებინა ყველაფრისთვის, ჩემი გადასახედიდან არ განმესაჯა ეს ადამიანები, არ მეფიქრა, რომ ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც ჩემს ქვეყანაში... რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი განსხვავებულია, ადამიანებთან ურთიერთობები, დროის აღქმა... მაგალითად, თუ ევროპაში ვთანხმდებით გარკვეულ საათზე, ამას პაპუა ახალ გვინეაში ვერ გააკეთებ, რადგან მათი დროსთან დამოკიდებულება განსხვავებულია. რაც ყველაზე მეტად მომეწონა ის იყო, რომ მიუხედავად განსხვავებული კანის ფერისა, ამ ადამიანებმა თბილად მიმიღეს და უცხოობა არ მიგრძვნია“, – იხსენებს მღვდელი მიხალ სკუბისი.





დასახლება და ტომები


იმ ტერიტორიაზე, სადაც მამა მიხალ სკუბისის ცხოვრობს დაახლოებით ათი ტომია. მღვდლის დაქვემდებარებაში კი, ერთი მთავარი ეკლესია, იგივე სამისიონერო ადგილი და 14 სამლოცველოა, სადაც ლიტურგიებისთვის სიარული უწევს. სამლოცველოები დასახლებებშია და ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ შორს მდებარეობს. ერთი სამლოცველოდან მეორემდე მისასვლელად ზოგჯერ ექვსი საათი ფეხით სიარული უწევს (ყველაზე შორია, ისე ნორმალურად სამი). მანქანა ჰყავს, მაგრამ უგზოობის გამო, გადაადგილება შეუძლებელია.


არის პერიოდები, როცა ტომებს შორის შეიარაღებული ომი იწყება. მაშინ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და მხარეებს ურჩევს მშვიდობა დაამყარონ.


ევანგელიზაცია


როგორც მღვდელი ჰყვება, პაპუა ახალ გვინეაში ევანგელიზაცია ზღვისპირა დასახლებებიდან, 100 წლის წინ დაიწყო. კუნძულის ცენტრში კი, სადაც ახალა მისიონერი მუშაობს, სახარება 1960–იან წლებში იქადაგეს – „იმ ხალხს, რომელთანაც ახლა მე ვმუშაობ, მანამდე სწამდათ ღმერთი სახელწოდებით „იეგლი“, როგორც ისინი მიყვებიან, ისიც ერთღმერთიანობა იყო, თუმცა ევანგელიზაცია ხალხმა პოზიტიურად და აღტაცებით მიიღო. მისიონერთა ცენტრში მცხოვრებ მისიონერებს, ბელადები ეპატიჟებოდნენ, რომ მათ ტომში ექადაგათ სახარება“.



კათოლიკეები


კუარეს ქრისტე მეფის სამრევლოში, სადაც მამა მიხალი მუშაობს, 2000–მდე კათოლიკე ცხოვრობს. ისინი დასახლების 10%–ს შეადგენენ. მათ გარდა, აქ ცხოვრობენ პროტესტანტები, მათი განშტოებები და ასევე ათეისტები. მიუხედავად რელიგიური განსხვავებულობისა, მისიონერი ამბობს, რომ ყველა აღმსარებლობა ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრობს –„თუ ხარ მღვდელი, კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს სხვა აღმსარებელთან. ჯერ არ შევხვედრილვარ ადამიანს, რომელიც ჩემი აღმსარებლობის გამო, რაიმე ბოროტს გამიკეთებდა“...


სამრევლოში, როგორც მღვდელი, მარტოა, თუმცა ჰყავს დამხმარეებიც. მთავარ ეკლესიასა და თოთხმეტ სამლოცველოში არიან კატეხისტები და ზიარების მსახურები. იმ სამლოცველოებში, სადაც წინამძღვარი კვირა დღეს მისვლას ვერ ახერხებს, კატეხისტები აკეთებენ სიტყვის ლიტურგიას, ხოლო ზიარების მსახურნი – მრევლს აზიარებენ.


„ვცდილობ, თითოეულ სამლოცველოში თვეში ერთხელ მაინც მივიდე. თუ ერთმანეთთან ახლოა, ორ სამლოცველოში აღვავლენ წირვას. ჩემს მთავარ ეკლესიაში, კვირაობით 200–მდე ადამიანი მოდის. ზოგ სამლოცველოში ნაკლები, 100–მდე ადამიანი დადის წირვაზე. თითქმის ყველა ასაკის წარმომდგენლები. მაგალითად, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საეკლესიო საქმეში: ამზადებენ ლიტურგიას, ცეკვას ძღვენისთვის, როცა ერთი სამრევლოდან მეორეში მივდივარ, მომყვებიან და ა.შ.“


კითხვაზე, სტატისტიკურად მზარდია თუ არა მრევლის წევრთა რაოდენობა, გვპასუხობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მუშაობენ მღვდელი და კატეხისტები – „რასაც მეტს ვმუშაობ, უფრო მეტ ნაყოფს ვხედავ“...




სახელმწიფო და ეკლესია


პაპუა ახალი გვინეა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში, ახალი გვინეის კუნძულზე მდებარეობს... სახელმწიფო ჯერ კიდევ სუსტია, ამიტომ სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის აქ კათოლიკე ეკლესია კიდევ უფრო მეტს მუშაობს. როგორც მისიონერი ამბობს, სახარების უწყების გარდა, ეკლესია სახელმწიფოს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებითაც ეხმარება. „სახელმწიფო სკოლები პრივილეგირებული არ არის, ამიტომ ჩემს სამრევლოში არსებობს კათოლიკური სკოლა, რომელსაც კოორდინირებას ვუწევ, იმისთვის, რომ პროცესი იყოს უფრო მოწესრიგებული. ასეთი სკოლებია მთელს მენდის ეპარქიაში. გარდა ამისა, ეკლესიამ გახსნა სამედიცინო კლინიკები, სადაც შესაძლებელია პირველადი დახმარების მიღება, დასაქმებული არიან ექთნები, რადგან სამედიცინო განათლებს მქონე პირების ნაკლებობაა“, – ამბობს მამა მიხალი.


საქართველო


2009 წლის შემდეგ, მამა მიხალი საქართველოში კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ ჩამოვიდა. ამჯერად, გორისა და ბეთლემის მოძღვართან, მამა დარიუშ კომადოვსკისთან ერთად სხვადასხვა კუთხე მოიარა და ტურისტულ ადგილებს გაეცნო. 24 ივნისს, იესოს უწმინდესი გულის დღესასწაულზე, ხიზაბავრის ეკლესიაში იქადაგა, თავისი მისიონერული გამოცდილება ხალხს გააცნო, მეორე დღეს კი, საქართველოში ცხრადღიანი შვებულება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.



თაკო ფეიქრიშვილი


0 comments