• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორ იქცა წმ. ნიკოლოზი ბავშვების საყვარელ სანტა კლაუსად



დღეს, 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს ის წმინდანია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ყველაზე მეტად იგი პატარებს უყვართ.


ეს წმ. ნიკოლოზი, რომელსაც კათოლიკე ეკლესია 6 დეკემბერს, მართლმადიდებელი კი 19 დეკემბერს იხსენებს, ცნობილი „სანტა კლაუსია“. მას ყოველ წელს მილიონობით ბავშვი საჩუქრებს აბარებს და შობის ღამეს (ზოგ ქვეყანაში ახალ წელს) ელოდება.


ჩვენ გიამბობთ ამბავს, თუ როგორ დაიწყო სინამდვილეში წმ. ნიკოლოზისა და საჩუქრების ამბავი:


გადმოცემის მიხედვით, ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდა ნიკოლოზმა გაიგო ამბავი ერთი ღარიბი ადამიანისა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მას კი საამისო შესაძლებლობა არ გააჩნდა. წმინდა ნიკოლოზი სამჯერ ჩუმად ესტუმრა მის სახლს. ის ბუხრის საკვამურიდან ჩადიოდა და ყოველ ჯერზე წინდაში ჩადებულ ფულს ტოვებდა. აქედან მოდის წარმოდგენა, რომ სანტა კლაუსიც ბუხრის საკვამურში ჩადის და იქ საგანგებოდ დატოვებულ წინდებში საჩუქრებს არიგებს.


სწორედ ამიტომ, ხორვატიაში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში საჩუქრებს შობასთან ერთად 6 დეკემბერსაც ჩუქნიან. სხვადასხვა ქვეყნებში სანტა კლაუსს სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგალითად ჰოლანდიაში გარდა სინტერკლაასისა, მას კერსტმანსაც (Kerstman) უწოდებენ, ლუქსემბურგში კლისჩენს (Kleeschen) პოლონეთში წმინდა ნიკოლოზს (Swiety Mikolaj), იტალიაში ბაბო ნატალეს (Babbo Natale), ჩეხეთსა და სლოვაკეთში - მიკულაშს (Mikuláš), უნგრეთში მიკულასს (Mikulás), უკრაინაში მიკოლაის (Mykolaj).

სანტა კლაუსის თანამედროვე სახე - თეთრწვერა მოხუცი, რომელიც წითელ ხიფთანშია გამოწყობილი სულაც არ ჰგავს ადრინდელ სანტა კლაუსს.


ამერიკულ პრესაში სახელწოდება სანტა კლაუსიპირველად 1773 წელს გაჩნდა. ამერიკელი მწერლის ვაშინგტონ ირვინის მიხედვით, სანტა კლაუსი მსუქანი ჰოლანდიელი მეზღვაური იყო, მწვანე ფორმაში ჩაცმული.


რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე იყენებენ სანტა კლაუსის სახეს, რომელიც ან წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული ან სასულიერო პირია. მიუხედავად იმისა, რომ სანტა-კლაუსის თანამედროვე სახე სათავეს შეერთებულ შტატებში იღებს და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია, დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ისევ აქტიურად იყენებენ სანტა კლაუსის ადგილობრივ როგორც სახელს, ასევე მის - სახეს, ჩაცმულობას.


შობის დღესასწაული საშობაო ზღაპრის (ქრისტეს შობის ამბავი), სანტა კლაუსისა და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მსგავსი ტრადიციები სათავეს ქრისტიანული რელიგიიდან იღებენ და ადგილობრივი კულტურების დამახასიათებელი ნაწილია.


მასალა მომზადებულია „მითების დეტექტორზე“ დაყრდნობით.