top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორ მახსენდება რომის პაპ იოანე პავლე მეორის სტუმრობა საქართველოში


იმ დროს, 1999 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი და მახსოვს, ჩვენ შორის დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ცნობას იმის შესახებ, რომ ნოემბერში საქართველოს რომის პაპი, იოანე პავლე მეორე უნდა სწვეოდა.

ზოგი ამბობდა, რომ ეს ვიზიტი პირადად ედუარდ შევარდნაძის დამსახურება იყო, რადგან ამ გზით მაშინ ყველასგან მივიწყებული და ჩაბნელებული საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებოდა, - იყო ამაში რაღაც აზრი;

ზოგი ამბობდა, რომის პაპმა ჩეჩნეთის მხარდამჭერი განცხადება უნდა გააკეთოს და ამიტომ ჩამოდის კავკასიაში, - კავკასიიდან უფრო მძლავრად გაისმება მისი სიტყვებიო;


მახსოვს შავბნელი, კონსპირაციული მოტივების მთელი წყებაც, თითქოს რომის პაპის ვიზიტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენურ საბჭოში დაბრუნება უნდა მოჰყოლოდა, - ეკუმენიზმი ხომ იმ დროს აქ ყველაზე მძიმე ცოდვად, რაღაც დიდ აპოსტასიად იყო მიჩნეული. გარდა ამისა, როგორც ამბობდნენ, თვითონ კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს არ სურდა, იოანე პავლეს საქართველოში მოწვევა და მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის დაჟინებულმა მოთხოვნამ გადააწყვეტინა, შესაბამისი წერილი გაეგზავნა პაპისთვისო. როგორც ყოველთვის, საუბრობდნენ საქართველოს წინაღმდეგ რაღაც დიდ მასონურ შეთქმულებაზეც, რომელშიც რომის პაპი იყო ჩართული.


მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში იოანე პავლე მეორეს დახვდნენ უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი და პატრიარქი, სინოდის რამდენიმე წევრთან ერთად, მასპინძლობა, მაშინდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ ცივი გამოდგა. კათოლიკე ეკლესიამ ვერ მიიღო თანხმობა რიყეზე ღია საზეიმო წირვის გამართვის შესახებ, ამიტომ ლიტურგია სპორტის სასახლეში ჩატარდა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები არ დასწრებიან, ხოლო იმ მართლმიდიდებლებს, ვინც წირვაზე იყო, საპატრიარქომ საეკლესიო სასჯელები და დროებით ზიარებისაგან განყენება განუჩინა, მათ შორის, უშუალოდ ედუარდ შევარდნაძესაც. სვეტიცხოველში მისული რომის პაპისა და ილია მეორის ერთობლივი სანთლის დანთებაც იმ მართლმადიდებლების აზრით, ვისთვისაც რომის ეკლესია მწვალებლურად იყო მიჩნეული, თითქოს უმძიმეს ცოდვაში გვაგდებდა.


ასეთი იყო 25 წლის წინ, ჩემს თვალსაწიერში, რომის პაპის საქართველოში ვიზიტის უშუალოდ საეკლესიო ატმოსფერო, იმ პაპის ვიზიტისა, რომელიც აცხადებადა, რომ მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესია დები არიან, რომ ისინი მარცხენა და მარჯვენა ფილტვია, რითაც სუნთქავს ქრისტეს ეკლესიის სხეული.


თუმცა იმ ადამიანებს, ვინც გახარებული და ბედნიერი იყო რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლით, ყოველგვარი კონსპირაციისა და ეჭვების მიღმა, სიხარულისათვის გაცილებით დიდი და ნამდვილი საფუძველი ჰქონდათ: იმათთვის, ვინც ჩემსავით ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური განწყობით იყო გამსჭვალული, რომის პაპი საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი ერებისა და აღმოსაველთ ევროპის კომუნისტური რეჟიმებისაგან გათავისუფლების მთავარი ხმა და სიმბოლო იყო მსოფლიოში, - რეიგანთან, მარგარეტ ტეტჩერთან და ცნობილ დისიდენტებთან ერთად. იმათთვის, ვისთვისაც ეკლესიის სხეულის გამთლიანება იყო სანატრელი მიზანი, იყო იმედი, რომ იოანე პავლეს თამამი ნაბიჯებით აღმოსავლეთისა და დასავლეთის საქრისტიანო კიდევ უფრო მეტად დაახლოვდებოდა; იმ ქართველებისათვის, ვინც კარგად იცნობდა საქართველოში კათოლიკობის დიდებულ, მაგრამ, იმ დროს ისტორიის სახელმძღვანელოებიდან უკვე საგულდაგულოდ ამოშლილ ისტორიას, იცნობდა იმას, თუ რა ამაგი და წვლილი ჰონდა კათოლიკე ეკლესიას ჩვენში პოლიტიკური აზრის, კულტურის, მედიცინის, მეცნიერების, მწიგნობრობის, ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი, რომის პაპის ვიზიტი კათოლიკე ეკლესიის მთელი თავისი მშვენიერებით წარმოჩენის წინაპირობა იყო.


ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოსათვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის რომის ეკლესიის მწყემსმთავრის ისტორიაში პირველი ჩამობრძნება სამომავლოდ განვითარების სწორი გზების დანახვის საფუძველიც უნდა გამხდარიყო. კათოლიკე ეკლესია ყოველთვის დასავლეთთან პოლიტიკური და სტრატეგიული კავშირის განმტკიცების გზაზე ძლიერ მხარდამჭერად აღიქმებოდა და, უმეტესწილად, ჩემი აზრით, სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრებოდა რომის პაპის ვიზიტიც. მაგრამ, რაც მთავარია, იოანე პავლე მეორის საქართველოში ჩამოსვლა იყო დიდი იმედი თავად საქართველოს კათოლიკეებისათვის, რომლებიც მაშინაც იმავე გამოწვევების წინაშე იდგნენ, რაც კათოლიკეთა წინაშე ახლაც მწვავე საკითხად დგას: ჩამორთმეული და იერსახეშეცვლილი კათოლიკური ტაძრები, აგრესიული და შეურაცხმყოფელი ანტიკათოლიკური პროპაგანდა, რელიგიური შეუწყნარებლობა და დევნა, სახელმწიფოს მხრიდან ახალი ეკლესიების აშენების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, და კიდევ სხვა მრავალი დაბრკოლება, რომელსაც ჩვენი გარემო დღესაც უქმნის კათოლიკე მორწმუნეებს.

ამ ფონზე, საქართველოს მთავრობისა და ეკლესიის მხრიდან პონტიფექსის მასპინძლობა ალბათ ფარისევლობის ელემენტებსაც შეიცავდა და ეს, საბოლოოდ, კარგად გამოჩნდა იმაში, რომ იოანე პავლეს სტუმრობის შემდეგ, კათოლიკე მრევლისადმი დამოკიდებულების კუთხით, ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბევრი რამ შეიცვალა თავად კათოლიკე ეკლესიის მხრიდან, რომელმაც გააორმაგა საქართველოში ადამიანის მხარში დგომა: კიდევ უფრო გაძლიერდა ჰუმანიტარული, სოციალური მხარდაჭერისა და განათლების ხელშეწყობის საქმე, ხოლო ევროპაში საქართველოს მართლმადიდებლ ეკლესიას საღვთისმსახუროდ არაერთი კათოლიკური ტაძარი დაეთმო, ან გადაეცა.


ბექა მინდიაშვილი

ჟურნალი "საბა"/ 2024, ნოემბერი

Commenti


bottom of page