top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საზაფხულო ბანაკების ანიმატორთა მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა


კათოლიკე ეკლესიის მესხეთის დეკანატში ანიმატორობის მსურველთა მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, ახალგაზრდები ბავშვებთან მუშაობის მეთოდებსა და იმ კონკრეტულ აქტივობების გაეცნენ, რომელთა შესრულებაც ბანაკის განმავლობაში მოუწევთ.




11 ივნისს ანიმატორობის მსურველთა შეხვედრა ახალციხეში, კაპუცინ ძმების სამრევლო სახლში გაიმართა. მესხეთის დეკანატის სამრევლოებიდან შეიკრიბა დაახლოებით 15 ახალგაზრდა და მათი მოძღვრები: არლის სამრევლოს ვიკარი მამა ბექა ჩილინგარაშვილი, ხიზაბავრის სამრევლოს წინამძღვარი მამა აკაკი ჭელიძე და ვალის სამრევლოს წინამძღვარი მამა მიხეილ სურმავა.


შეხვედრა ბანაკისთვის დაგეგმილი კონკრეტული აქტივობების გაცნობით დაიწყო. როგორც მამა ბექა ჩილინგარაშვილმა განმარტა, საზაფხულო ბანაკის ყოველი დღის ბოლოს, ჯგუფებში დაყოფილ ბავშვებსა და ანიმატორებს მოუწევთ საგაზეთო მასალების მომზადება. ეს მასალები, როგორც მცირე ჟურნალი ყოველი დღის ბოლოს დაიბეჭდება, ასევე შესაძლებელი იქნება მათი ელექტრონულ ფორმატში ხილვაც.


ასეთი აქტივობიდან გამომდინარე, ახალგაზრდები გაეცნენ საგაზეთო მასალების მომზადების თავისებურებებს. Catholic.ge–ს რედაქტორი, თაკო ფეიქრიშვილი მომავალ ანიმატორებს ესაუბრა ტექსტის წერის, ფოტოს გადაღებისა და ვიდეოს მომზადების პრინციპებზე. აღინიშნა, რომ ბავშვებთან მუშაობა სენსიტიური მიმართულებაა, ამიტომ ანიმატორებმა ფოტო–ვიდეო გადაღებისა და მასალების მომზადების დროს ეს უნდა გაითვალისწინონ.


შეხვედრის მეორე ნაწილი სალელთა ორდენის მღვდელს, მამა მიხალ იახს დაეთმო, რომელიც ამავდროულად კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის სულიერი მოძღვარია. მამა მიხალმა ახალგაზრდებთან ისაუბრა თუ როგორ მუშაობს მათი ორდენი ბავშვებთან და მოზარდებთან, ასევე ხაზი გაუსვა ანიმატორობის საჭირო უნარ–თვისებებს, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებებსა და სულიერ მიმართულებებს.


როგორც ცნობილი გახდა, საზაფხულო ბანაკებისათვის მესხი კათოლიკე ბავშვები სამ ჯგუფად გადანაწილდებიან. მათი გამართვის სავარაუდო თარიღი ივლისის დასაწყისია. ბანაკები შერეული ტიპის იქნება, ანუ თითოეულ ჯგუფში ბავშვები სხვადასხვა სამრევლოდან შეირჩევიან.


ანიმატორთა შესარჩევი პირველი შეხვედრა 30 აპრილს გაიმართა.



Catholic.ge
0 comments
bottom of page