ბულა, იგივე პაპის ბრძანებულება სახელწოდებით “Spes Non Confundit” (იმედი არ არცხვენს), ეხება ისეთ საკითხებს როგორებიცაა: ქრისტიანული ეკლესიებისათვის აღდგომის აღნიშვნა ერთი თარიღით; რომში, პაპის ოთხი ბაზილიკის კარების გაღებისა და დახურვის წესი.
დოკუმენტის მიხედვით, საიუბილეო 2025 წელი, წმინდა პეტრეს ბაზილიკის კარის დახურვით – 2026 წლის 6 იანვარს დასრულდება, ხოლო დანარჩენი სამი ბაზილიკის კარი, იმავე წლის, 28 დეკემბერს დაიხურება.
რომის ეპისკოპოსი იმედს გამოთქვამს, რომ „საიუბილეო წელი მშვიდობის მომტანი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ჩაეფლო ომის ტრაგედიაში“.
პაპი განიხილავს შობადობის შემცირების პრობლემას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ცხოვრების აჩქარებულ რიტმთან, მომავლის შიშთან, სამუშაო უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის ნაკლებობასთან და სოციალურ მოდელებთან, რომლებშიც ჭარბობს მოგებისკენ სწრაფვა.
ამ მდგომარეობიდან გამოსავლად კი რომის ეპისკოპოსი მორწმუნეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭირონ ახალგაზრდებს ადამიანური მოდგმის გაგრძელების სურვილში.
პაპი ითხოვს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, ხაზს უსვამს პატიმრობის ღირსეული პირობებისა და პატიმრების მიმართ უფრო ჰუმანური მოპყრობის აუცილებლობას. იგი მოუწოდებს მთავრობებს განიხილონ ამნისტიის ან სასჯელის შემსუბუქების ფორმები, აგრეთვე პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზები.
„საიუბილეო წელი უნდა აძლევდეს იმედს ავადმყოფებს, ახალგაზრდებს, მიგრანტებს და უამრავ ღარიბ ადამიანს, რომლებიც მოკლებულნი არიან სასიცოცხლო საჭიროებებს“. როგორც ამ პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა, რომის ეპისკოპოსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეიქმნას „მსოფლიო ფონდი შიმშილის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად“ სამხედრო ხარჯებით მიღებული სახსრების გამოყენებით. მდიდარ სახელმწიფოებს მოუწოდებს აპატიონ ვალები იმ ქვეყნებს, რომლებიც ვერასდროს დაფარავს მათ. ეს არის სამართლიანობის საკითხი, რომელსაც დღეს ამძაფრებს უკანონობის ახალი ფორმა: „ეკოლოგიური ვალი“, განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის.
“ჩვენ არ მივატოვებთ ხანდაზმულებს, რომლებიც მარტო დარჩნენ”.
პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს გადახედონ სხვადასხვა ქრისტიანული ტრადიციების მოწამეთა ჩვენებებს და გამოთქვამს სურვილს, რომ წმიდა წლის განმავლობაში "ეკუმენური დღესასწაულების ნაკლებობა არ იყოს".
მონანიების საიდუმლოზე საუბრისას, პაპმა განაცხადა, რომ გაგრძელდება „მოწყალების მისიონერების“ მსახურება და ეპისკოპოსებს მოუწოდა წარგზავნონ მისიონერები იქ, სადაც „იმედი განსაცდელშია“ და სადაც ადამიანის ღისრება შელახულია.
პაპმა მიმართა აღმოსავლური ეკლესიების მორწმუნეებს, რომლებმაც უამრავი ტანჯვა გაიარეს: “ჩვენმა ძმებმა განსაკუთრებულად სასურველ სტუმრებად უნდა იგრძნონ თავი რომში, რომელიც მათთვისაც დედაეკლესია”, - განაცხადა პაპმა და რომში ჩასულ მომლოცველებს მოუწოდა მიაშურონ ტაძრებს და ღვთისმშობელს გამოსთხოვონ შუამდგომლობა, რათა შეიგრძნონ დედებს შორის ყველაზე ნაზი დედის სიახლოვე, რომელიც არასდროს ტოვებს თავის შვილებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments