
“იმედის მომლოცველნი” – ასეთია საიუბილეო 2025 წლის თემა. ეს წელი წმინდა წლად პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა. მისთვის უკვე დამტკიცდა ოფიციალური ლოგო, რომლის პრეზენტაციაც 28 ივნისს, ვატიკანში შედგა.
ლოგოზე გამოსახულია ოთხი ფიგურა. ისინი განასახიერებენ კაცობრიობას, დედამიწის ოთხივე კუთხიდან. ფიგურები ერთმანეთში იკვეთებიან, რაც არის გამოვლინება სოლიდარობისა და ძმობისა, რომლებმაც ერები უნდა გააერთიანოს.
გარდა ამისა, ლოგოზე დატანილია ჯვარი, რაც არა მხოლოდ რწმენის ნიშანია, არამედ იმედისაც, რაზეც ვერასდროს იტყვი უარს, ვინაიდან იმედი ყველას სჭირდება, განსაკუთრებით, ყველაზე რთულ მომენტებში.
ჯვარი არ არის სიმეტრიული, იგი გადახრილია კაცობრიობისკენ, რომელიც ხელს უწვდის მათ და არასდროს ტოვებს მარტოს. ჯვარი ხშირად იქცევა ხოლმე ღუზადაც, რაც გამოიყენება, როგორც იმედის სიმბოლო.
კიდევ ერთი ნიშანი, რაც ლოგოზეა დატანილი, ეს არის ტალღები. რაც იმას მიანიშნებს, რომ ცხოვრებისეული მომლოცველობა მხოლოდ მშვიდ წყლებზე არ ხდება.
იმედს ასევე განასახიერებს ლოგოზე დატანილი დევიზის ფერი.
ლოგოს კონკურსში სულ 48 ქვეყნის 213 ქალაქიდან 294 განაცხადი მიიღეს. მონაწილეთა ასაკი 6-დან 83 წლამდე განისაზღვრებოდა.
”სინამდვილეში, მრავალი ხელით დახატული დიზაინი მივიღეთ მთელი მსოფლიოს ბავშვებისგან და მართლაც საინტერესო იყო ამ ნახატების განხილვა, რომლებიც წარმოსახვისა და რწმენის ნაყოფს წარმოადგენდა“, – ამბობს საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, არქიეპისკოპოსი რინო ფიზიკელა.
შეფასებისას, ნამუშევრები იდენტიფიცირებული იყო მხოლოდ ნომრით, რათა ავტორის ანონიმურობა დაცული ყოფილიყო.
11 ივნისს, არქიეპისკოპოსმა ფიზიკელამ პაპ ფრანცისკეს წარუდგინა სამი საბოლოო პროექტი, რათა შეერჩია ის, რომელიც მას ყველაზე მეტად მოეწონებოდა.
„ნამუშევრების რამდენჯერმე დათვალიერებისა და გადარჩევის შემდეგ, აირჩიეს ჯაკომო ტრავისანის პროექტი“, - განაცხადა არქიეპისკოპოსმა.
პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რომ „იუბილე ყოველთვის დიდი სულიერი, საეკლესიო და სოციალური მნიშვნელობის მოვლენა იყო ეკლესიის ცხოვრებაში“.
მან გაიხსენა, რომ 1300 წლიდან, როდესაც აღინიშნა პირველი წმინდა წელი, „ღვთის წმინდა და ერთგული ხალხი განიცდიდა ამ დღესასწაულს, როგორც განსაკუთრებულ მადლს, რომელიც ხასიათდება ცოდვების მიტევებით. ასევე, როგორც ღვთის წყალობის გამოხატულებას".
იუბილე ანუ წმინდა წელი ეკლესიაში დიდი რელიგიური მოვლენაა.
იუბილე არის „ჩვეულებრივი“, თუ იგი აღინიშნება ჩვეულებრივ 25 წლიან პერიოდში და იუბილე არის „არაჩვეულებრივი“, როდესაც ის გამოცხადებულია რაიმე გამორჩეული მოვლენისთვის.
ბოლო იუბილე 2000 წელს პაპის წმინდა იოანე პავლე I I -ის პონტიფიკაციის დროს შედგა. 2015 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა წყალობის საგანგებო წმიდა წელი.
შოთა გიქოშვილი