top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სარწმუნოებისათვის წამებული ცხრა კოლაელი ყრმა



კოლა ეწოდება ერთ-ერთ ხეობას მდინარე მტკვრის სათავეში.

ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ ხანაში (დაახლოებით VI საუკუნეში) აქ

მოსახლეობის უმეტესობა კერპთმსახური იყო, ქრისტიანები კი _

მცირერიცხოვანნი.


კერპთმსახური მშობლების ბავშვები ხშირად ქრისტიანთა შვილებთან

ერთად თამაშობდნენ; ისინი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და დამეგობრდნენ.

საღამოობით, როცა ხუცესი (მღვდელი) მწუხრის ლოცვის დაწყების

ნიშნად ზარს შემოჰკრავდა, ქრისტიანი ყრმები ეკლესიისაკენ მიეშურებოდნენ

ხოლმე. წარმართთა შვილებმაც მოინდომეს რამდენჯერმე ეკლესიაში შესვლა,

მაგრამ ქრისტიანები მათ იქ შესვლის ნებას არ აძლევდნენ და ეტყოდნენ

ხოლმე: "თქვენ მეკერპეთა შვილები ხართ და ღმრთის სახლში თქვენი

შემოსვლა არ შეიძლებაო". გულნაკლული ბავშვები უკან ბრუნდებოდნენ,

მაგრამ მომდევნო დღესაც, როდესაც მათი მეგობარი ქრისტიანი ბავშვები

ეკლესიისაკენ წავიდოდნენ, მათთან ყოფნის მსურველი კერპთმსახურთა

შვილები კვლავ ცდილობდნენ ეკლესიაში შეღწევას.


ერთხელ, ეკლესიის კარებთან მომდგარ წარმართთა შვილებს

ქრისტიანებმა უთხრეს: "თუ ჩვენთან, ეკლესიაში გნებავთ შემოსვლა, ირწმუნეთ

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოინათლეთ მისი სახელით, ეზიარეთ მის წმიდა

საიდუმლოთ, და შეგვიერთდით ჩვენ, ქრისტიანებსო".


წარმართთა შვილებმა სიხარულით მიიღეს ქრისტიანთა სწავლება და

გაქრისტიანების სურვილი განაცხადეს.


მაშინვე მოუწოდეს ხუცესსაც და გაემართნენ მდინარისაკენ.

მოსანათლავად გამზადებული ყრმები ცხრანი იყვნენ, ზოგი შვიდი წლისა, ზოგი

რვის ან ცხრისა. ნათლობას მთელი ხეობის ქრისტიანები დაესწრნენ.

რადგან დღისით კერპთმსახურთა შვილების მონათვლა ვერ გაბედეს,

ნათლობა ღამე შეასრულეს, მით უფრო, რომ, გადმოცემით, უფალმა ჩვენმა იესო

ქრისტემაც ღამე ნათელიღო იორდანეში.


ზამთარი იყო, სასტიკი სიცივე, როდესაც ჩავიდნენ ყრმანი მდინარეში.

ხუცესმა ნათელსცა მათ, მამისა და ძისა და სული წმიდის სახელით, და

როდესაც დასდებელთა გალობა დაიწყეს, სასწაულებრივად გათბა მდინარის

წყალი. ანგელოზებმა უხილავად შემოსეს ყრმები სპეტაკი სამოსლით, და ასე

გაქრისტიანდნენ ისინი. ნათლის მამებად მათ ქრისტიანთა ბავშვები ჰყავდათ.

ახალმონათლულმა ყრმებმა ქრისტიანებთან დარჩენა ამჯობინეს და

მშობლებთან აღარ დაბრუნებულან.


როდესაც კერპთმსახურმა მშობლებმა შეიტყვეს მათი შვილების

გაქრისტიანების ამბავი, ძალით წამოათრიეს შვილები შინისაკენ და

შეუბრალებლად სცემეს.


როდესაც ვერ დაითანხმეს ბავშვები ქრისტიანობის უარყოფაზე,

გამძვინვარებულმა მშობლებმა აცნობეს იმ კუთხის მთავარს, ნება დაერთო

მათთვის საკუთარი შვილების ჩაქოლვისა.


მთავარმა დანიშნა დღე ბავშვების წამებისა. შეიკრიბა კერპთმსახურთა

დიდი სიმრავლე; იმ ადგილას, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, გათხარეს ძალიან

ღრმა ორმო; მშობლებმა საკუთარი ხელით ჩაყარეს თავიანთი შვილები ამ

ორმოში და პირველი ქვა თვითონვე დაჰკრეს.


ყრმებმა ბევრი არაფერი იცოდნენ და მხოლოდ ამას ამბობდნენ: "ჩვენ

ქრისტიანები ვართ და მისთვის მოვკვდებით, ვის მიმართაც ნათელ-ვიღეთო".

მშობლების შემდეგ იქ შეკრებილმა დიდძალმა ხალხმა ქვა დაუშინა

ყრმებს, და მთლიანად ამოავსეს ქვა-ღორღით ის დიდი ორმო, რომელიც წმიდა

მოწამეებს საფლავად ექცა.


წმიდა მოწამე ყრმები კი პირველ წამებულ ყრმებთან ერთად შეირაცხნენ,

და გვირგვინშემოსილნი იხარებენ ცათა სასუფეველში.


ძველი ქართული ტექსტის მიხედვით გადმოსცა

გახუ მეგრელაურმა

コメント


bottom of page