2024 წლის 4 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდმა "საქართველოს კარიტასი" 30 წლის იუბილე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა.
ღონისძიება თბილისში, "გარდენ ჰოლში" გაიმართა და იგი სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დაუცველი მოსახლეობისათვის გაწეულ დაუღალავ მსახურებას მიეძღვნა.
ორგანიაზციის ინფორმაციით, 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა "საქართველოს კარიტასის", როგორც ადგილობრივი ორგანიზაციის სასიცოცხლო როლს, რათა აღიარებული იყოს, არა როგორც უცხოური გავლენის მქონე, არამედ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო დახმარების მიმწოდებელი და საზოგადოებაში ღრმად ინტეგრირეგული ორგანიზაცია.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კარიტასის პარტნიორები, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე „კარიტას ინტერნაციონალის“ გენერალური მდივანი ალისტერ დატონი და „კარიტას ევროპის“ პრეზიდენტი მაიკლ ლანდაუ.
ღონისძიება მოიცავს სამნაწილიან პროგრამას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს
კარიტასის მისიას მომსახურების, თანაგრძნობისა და თემის გაძლიერების კუთხით:
პირველი ნაწილი – „მრგვალი მაგიდა“ – დისკუსია თემაზე „დადებითი გავლენის გაზრდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით“; მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კარიტასის საერთაშორისო პარტნიორებმა, დონორებმა, ელჩებმა და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მეორე ნაწილი – საქართველოს კარიტასის საქველმოქმედო პროექტების ბენეფიციარებმა საზოგადოებას გაუზიარეს პირადი ისტორიები, გამოცდილება და შეხედულებები თემაზე: „კარიტასი სიყვარულია, სიყვარული მარადიულია“.
მესამე ნაწილი - საზეიმო შეკრება და დასკვნითი გამოსვლები. ეს სესია მიეძღვნა ყველა იმ ადამიანის წვლილს, ვინც ჩართული იყო ‘საქართველოს კარიტასის’ 30 წლიან მოგზაურობაში.
საქართველოს კარიტასი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1994 წელს დააფუძნა საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ, როგორც საერთაშორისო კარიტასის ქსელის ნაწილი.
მისი მისიაა მხარი დაუჭიროს მოწყვლად თემებს საქართველოში, მათ შორის ხანდაზმულებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ბავშვებს, შშმ პირებსა და სხვა საჭიროების მქონე ადამიანებს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას, ჯანდაცვას, განათლებასა და გადაუდებელ დახმარებას, რითაც ხელს უწყობს ღირსებისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას. საქართველოს კარიტასი მუშაობს ადგილობრივი პროგრამებისა და პარტნიორობის მეშვეობით, რათა შექმნას მდგრადი, გრძელვადიანი გავლენა მოწყვლადი ადამიანების ცხოვრებაზე.
Commentaires