• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება



18 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება – ამის შესახებ, ვატიკანში საქართველოს ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ–მუხრანბატონმა ისაუბრა.


საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში 16-19 ივნისის ჩათვლით დარჩება და რომის პაპთან ვიზიტის გარდა, იგი სახელმწიფო სამდივნოს დონეზე გამართავს სხვადასხვა შეხვედრას, მათ შორის, პაპის კულტურის საბჭოს წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.


„პრეზიდენტისა და პაპის შეხვედრა დაგეგმილი იყო 26-27 აპრილს, თუმცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, შეხვედრა გადაიდო. ახლა კი პრეზიდენტი შეუდგა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო განვითარებას“, – განმარტა სააგენტო ACI Stampa-სთან ქეთევან ბაგრატონ–მუხრანბატონმა.


მისივე თქმით, გარდა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობებისა, პრეზიდენტს სურს წმინდა საყდართან ურთიერთობა კულტურის თვალსაზრისითაც განავითაროს.

საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დაიწყო. 1999 წელს საქართველოში იმყოფებოდა პაპი წმინდა იოანე პავლე II, ხოლო 2016 წელს – პაპი ფრანცისკე.


„საქართველოს აქვს დიდი რელიგიური და კულტურული წარსული, ქვეყანა ქრისტიანობაზე მოაქცია წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ხოლო გაქრისტიანდა კაბადოკიიდან მოსული ქალის, წმინდა ნინოს ქადაგებით, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა 319 წელს. აქ ქრიტიანობა სახელმწიფო რელიგიად 337 წელს გამოცხადდა. ჩვენ, წმინდა ნინოს მოვიხსენიებთ, როგორც მოციქულთა სწორს“, - ამბობს ელჩი ქეთევან ბაგრატიონი– მუხრანბატონი – „საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის, იმთავითვე ჩამოყალიბდა საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები. იმდენად მჭიდროდ, რომ ვატიკანის არქივებში ინახება პაპ ჰონორიო მესამისა და დედოფალ რუსუდანის მიმოწერილი წერილები“, - აღნიშნავს ელჩი.


გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდება პაპის კულტურის საბჭოს წარმომადგენლებს, მის დღის წესრიგში ასევე გაწერილია ვიზიტი ერთა ევანგელისაციის კონგრეგაციის ისტორიულ არქივში, სადაც ინახება 1622 წლიდან საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული მიმოწერა.


„პრეზიდენტს სურს, მისი ვიზიტი მრავლისმომცველი იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია უკვე არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება“, - განაცხადა ქეთევან ბაგრატიონ–მუხრანბატონმა.


წყარო: https://www.acistampa.com


შოთა გიქოშვილი