• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში კათოლიკე მონაზონი გარდაიცვალა

წმ. ნინოს დების კონგრეგაციის უფროს საქართველოში, მონაზონი მარიეტ დეროშე გარდაიცვალა. იგი საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში მსახურობდა.



დაახლოებით ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, 2022 წლის 6 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, მონაზონი მარიეტ დეროშე გარდაიცვალა.


19 ივნისს მას ინსულტი ჰქონდა, ჩაუტარდა გარკვეული სამედიცინო პროცედურა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ავადმყოფობის განმავლობაში მას თბილისში უვლიდნენ წმ. ნინოს კონგრეგაციის დები: დედა ჟორჟეტი და დედა შარლოტა. უგონო მდგომარეობაში მონაზონი ბოლო ორი კვირა გორის სამრევლოში იმყოფებოდა, სადაც მასზე წმ. კამილოს ქალიშვილები ზრუნავდნენ.


დედა მარიეტა კანადიდან იყო. იგი წმინდა ნინოს დების კონგრეგაციას 1964 წელს შეუერთდა და 58 წელი მსახურებდა. საქართველოში 5 წლის წინ, 4 თებერვალს ჩამოვიდა და კონგრეგაციას სათავეში ჩაუდგა.

„ბედნიერი ვარ აქ საქართველოში, არასდროს მინანია, რომ ჩამოსვლის შეთავაზებას დავთანხმდი. და მსურს მქონდეს ძალა და ჯანმრთელობა, რათა გავაგრძელო ჩემი საქმე", – თქვა მან 2021 წელს, Catholic.ge– სთვის მიცეულ ინტერვიუში.

დედა მარიეტს საქართველოში დაკრძალავენ, მისი სულის მოსახსენიებელი წირვა 8 აგვისტოს, ახალციხეში, რაბათის სავარდის ღვთისმშობლის ტაძარში აღევლინება. ლიტურგიას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო გაუძღვება.


კონგრეგაციის დების თხოვნით, Catholic.ge წმ. წირვიდან ლაივს შემოგთავაზებთ.


თაკო ფეიქრიშვილი