top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში ‘სიქსტეს კაპელას’ ფრესკების ლაზერული გამოსახულება დამონტაჟდება

მალე, საქართველოში შესაძლებელი იქნება „სიქსტეს კაპელას“ ფრესკების ციფრული ვერსიის ნახვა.



მიქელანჯელოსა და სხვა მხატვრების მიერ შესრულებული ფრესკების ლაზერული გამოსახულებები თბილისში, სავარაუდოდ, ივნისში დამონტაჟდება.


ვატიკანის ციფრულ არქივებში უკვე მზადდება საქართველოში გამოსაგზავნი ფაილები. მათ ადგილზე ვატიკანის საელჩოს წარმომადგენელი, ჯაბა გაბიტაშვილი ჩამოიტანს: „ახლა მზადდება ეს ფაილები წამოსაღებად. მათში მთელი სიქსტეს კაპელაა ციფრულ ფორმატში, დაახლოებით 80 ფაილია“, – ამბობს ჯაბა გაბიტაშვილი catholic.ge–სთან.



„სიქსტეს კაპელას“ ფრესკების საქართველოში ჩამოტანის იდეა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანს, პაპის ნუნციუსს, ჟოზე აველინო ბეტანკურს ეკუთვნის. მისი თქმით, საქართველო მეორე ქვეყანა იქნება, მექსიკის შემდეგ, სადაც „სიქსტეს კაპელას“ ციფრულ ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება: „რომი მზად არიან რომ ეს ყველაფერი დააორგანიზონ“, – ამბობს მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური.



სიქსტეს კაპელა არის სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, იგი პაპის ოფიციალური რეზიდენცია. ის 1473-1481 წლებში ააგო არქიტექტორმა ჯორჯე დე დოლჩიმ ბაჩო პონტელის პროექტის მიხედვით, პაპ სიქსტუს IV-ის ბრძანებით. სახელწოდებაც აქედან გაჩნდა.


სიქსტეს კაპელა აღორძინების ეპოქის დიდებული ნიმუშია, ამჟამად კი - მუზეუმი, თუმცა აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები ახალ პაპს ირჩევენ. კაპელას მსოფლიო დიდება მოუტანა მიქელანჯელოსა და სხვა მხატვრების ფრესკებმა და იმან, რომ ის საოცრად ჰგავს სოლომონის ტაძარს ძველი აღთქმიდან.


სიქსტეს კაპელა მდებარეობს ვატიკანის მუზეუმებში, სადაც 54 გალერეა, ანუ დარბაზია. სიქსტეს კაპელა მათ შორის ბოლოა.


2022 წლის 26 ივნისს სიქსტის კაპელაში თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა. კონცერტი საქართველოს პრეზიდენტსა და პაპს შორის 2021 წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. სიქსტის კაპელაში ქართველებმა პირველად იგალობეს. საქართველოს საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.




თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page