top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საშობაო ღონისძიება ‘ტალითა კუმში’

18 იანვარს, „კამილიელთა სამედიცინო ცენტრის“ ახალციხის ფილიალში, დღის ცენტრ „ტალითა კუმის“ ბენეფიციარებმა საშობაო ღონისძიება გამართეს.


ღონისძიებას ესწრებოდნენ კათოლიკე ეკლესიის მღვდლები და ბერ-მონაზვნები, ახალციხის მერიის წარმომადგენლები, „კამილიელთა სამედიცინო ცენტრისა“ და „კარიტასის“ წარმომადგენლები და ბენეფიციართა ახლობლები.


ღონისძიებას წინ უძღოდა მენეჯერთა და სასულიერო პირთა მისასალმებელი სიტყვა, ხოლო მსვლელობისას, აუდიტორიისთვის შეკითხვების სახით მცირე კონკურსი მოეწყო. სწორი პასუხის ავტორებს ცენტრის ბენეფიციარების მიერ დამზადებული საჩუქრები გადაეცათ.


“იცვლებიან ადამიანები, იცვლება საზოგადოება. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უკვე ისწავლა მათგან განსხვავებული ადამიანების მიღება, ამის დასტურია ახალციხის მერიის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და გვერდში დგომა, რის გამოც განსაკუთრებული მადლობა მერიას, დაე, ყოველი თქვენგანის გულში დაიბადოს ყრმა ქრისტე, რომელიც არის იმედისა და მშვიდობის მომტანი”, – თქვა კამილიელმა მღვდელმა, მამა ლაშა მანუკიანმა.


როგორ დასრულდებოდა საშობაო ღონისძიება წმინდა ნიკოლოზის (სანტა კლაუსი) სტუმრობის გარეშე?! მან ბენეფიციარებს საჩუქრები მიუტანა. სანტას ღონისძიებაზე გამოჩენა ცენტრის მოხალისის, საშა კანდილჯიანის დამსახურებაა.


“გვსურდა საშობაო ღონისძიება უფრო ადრე ჩაგვეტარებინა, თუმცა ვირუსებმა ცოტა შეგვაშინა და გადავწყვიტეთ მოგვიანებით, მაგრამ ყველა ბენეფიციარის დასწრებით მოგვეწყო. სტუმრებს შორის დღეს უნდა ყოფილიყო ახალციხის მერიც, თუმცა მან ვერ მოახერხა მოსვლა და მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები გვეწვივნენ – მადლობა მათ. მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენს გვერდით იყო და ამხნევებდა ბენეფიციარებს. ეს ყველა ჩვენგანის, როგორც ერთი ოჯახის სიხარულია. აქამდე სტუმრებს ჩვენი ბენეფიციარები ასაჩუქრებდნენ, დღეს კი მათ მიიღეს საჩუქრები წმინდა ნიკოლოზისგან”, – ამბობს მენეჯერი, ქრისტინე ლაზარაშვილი.


შეგახსენებთ, რომ დღის ცენტრი „ტალითა კუმი“ 2010 წელს დაარსდა და დღემდე დიდი სიყვარულით ზრუნავს მათდამი მინდობილ ბენეფიციარებზე.


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page