
შობის დღეს, თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, მრავალი მორწმუნისა და დამსწრე საზოგადოების გასახარებლად, საზეიმოდ ეკურთხა ახალი ორგანი; ორგანისტმა ვანო საღიარიშვილმა სიცოცხლე შთაბერა ახალ ორგანს; ეს იყო ჩვენი მეუფე ჯუზეპეს დიდი ხნის ოცნება, რომელიც საბოლოოდ განხორციელდა Renovabis-ისა და კელნის ეპარქიის (გერმანია) მიერ გაღებული წვლილის შედეგად, სწორედ მათ გამოგზავნეს კომპანია STOCKMANN-იდან 1974 წელს აწყობილი ორგანი, რომელიც აღარ სჭირდებოდა ეკლესიას; ინსტრუმენტი ხელახლა ააწყო ორგანის ექსპერტმა, ვერონელმა დიეგო ბონატომ, თანაშემწე ფედერიკო მაესტრელთან ერთად;
ინსტრუმენტი ამჟამად აღჭურვილია 1322 მილით, სხვადასხვა რეგისტრითა და აქსესუარით, ეს ყველაფერი მას ძალიან ძვირფას ინსტრუმენტად აქცევს. გასულ საუკუნეში, აქ, საქართველოში, გაანადგურეს (რა ბარბაროსობაა) ბათუმის, ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის ორგანები, მაგრამ ასევე განადგურდა ან დაზიანდა არაერთი საეკლესიო ორგანი სხვა ქვეყანაშიც, გაიხსენეთ 2020 წლის 18 ივლისს ნანტის საკათედრო ტაძარში (საფრანგეთი) გაჩენილი ხანძარი, ახლა დადგა დრო, როდესაც მათი აღდგენა შესაძლებელია. თუ ინსტრუმენტი ემსახურება კათოლიკური ეკლესიის ლიტურგიულ ცხოვრებას, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ის საზოგადოების სამსახურშიც იყო. ქართული საზოგადოებაც აუცილებლად შეძლებს ამით ისარგებლოს.
ორგანის ლიტურგიული ღირებულების გასარკვევად გავიხსენოთ ციტატა Sacrosanctum Concilium-დან (ვატიკანის მეორე კრების დოკუმენტი ლიტურგიის შესახებ): „ლათინურ ეკლესიაში დიდად პატივსაცემია ორგანი (Organum tubulatum), როგორც ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტი. მის ხმას შეუძლია საეკლესიო ცერემონიებს განსაცვიფრებელი ბრწყინვალება მიანიჭოს, სულები კი ღმრთისკენ და ზეციურისკენ ძლიერად აღამაღლოს. სხვა ინსტრუმენტები შეიძლება დაშვებულ იქნას საღმრთო კულტმსახურებაში ადგილობრივი უფლებამოსილი ხელისუფლების განსჯითა და თანხმობით... რამდენადაც ისინი სასულიერო მიზნებისათვის შესაფერისი არის, ან შეიძლება ასეთი გახდეს, აგრეთვე თუ ისინი უპასუხებენ ტაძრის ღირსებას და ხელს შეუწყობენ ერთგულთა ჭეშმარიტ აღზრდას“ (120).
ორგანის ფუნქციები ლიტურგიული ლოცვის დროს
კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების მუსიკალური ტრადიცია მთელი თავისი სილამაზითა და სიმდიდრით გადმოიცემა ორგანის დახმარებით. ბევრმა, აქაც კი, საქართველოში, მიიღო კათოლიკობა ან მოიხიბლა სწორედ ამ ინსტრუმენტის ჟღერადობის წყალობით, რომელიც დაეხმარა მათ ცხოვრებაში ახალი განზომილების აღმოჩენაში: ლოცვა, ჭვრეტა, სულიერება, ღმერთის არსებობა. ამ ინსტრუმენტს ყოველთვის გააჩნდა ორი ძირითადი ფუნქცია: პირველი იყო ის, რომ თანხლება გაეწია მორწმუნეთა დასისა და გუნდის გალობისათვის. თავისი ძლიერი ხმის წყალობით, რომელსაც დიდი სივრცის დაპყრობა შეუძლია და თავისი ტკბილხმოვანებით, ჭვრეტასა და მედიტაციაში რომ შევყავართ, ორგანი ხდება ლიტურგიული გალობის ძმა, მისი დიდებული მეგობარი, რომელიც მორწმუნეთა სხვადასხვაგვარ ხმას ერთად ჰკრებს და ზეცად აღმავალ ერთ დიდებულ ხმად აქცევს.
ორგანის მეორე ფუნქცია ეკლესიაში არის ის, რომ მას შეუძლია თავად ილაპარაკოს, ეს ერთგვარი უსიტყვო მუსიკაა: მდუმარებაში მყოფ ჩვენს გონებაში შემოაღწევს და ჩვენი გულის ღრმა სიმებს ეხება, რათა მასში აღძრას რელიგიური გრძნობები, ავთენტური, ინტუიციური ემოციები. ეს ყოვლისმომცველი სახე მუსიკალური ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. ღმერთის საიდუმლომდე აღმავალ ფიქრებს მაშინვე რაღაც აუხსნელი ინტუიცია გააჩნია, ისეთი კონტურები, რაც არ შეიძლება აღინიშნოს ხაზებით. გონებაში შეიძლება უსიტყვოდ შეიქმნას ღმერთის სახება, თუნდაც ხმოვანებით, რასაც თან არ ახლავს სიტყვები. ზოგიერთი ცივილიზაცია ღმერთს ხმოვანებით მიმართავს (მაგ. ინდური Aòm). თავად ბიბლია ამბობს, რომ შესაქმეში „ღმერთმა თქვა...“: ანუ გამოსცა ბგერა, ვიბრაცია, სავსე გამოუთქმელი ძალით. ორგანის ხმა გვეხმარება ღმერთის საიდუმლოს განჭვრეტაში შესაღწევად.

უგალობეთ ღმერთს ხელოვნებით
ქრისტიანობის ისტორია ლოცვისა და წმინდა გალობის ისტორიასაც მოიცავს. პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული, ვითარდება ძველი აღთქმის კვალდაკვალ: ფსალმუნები მუდმივად გვიწვევენ, რომ ვუგალობოთ ღმერთს „ხელოვნებით“: ვიცეკვოთ, დავუკრათ საკრავებზე, ვიგალობოთ ალელუია. ღვთისთვის შეწირული ლამაზი ძღვენი, რისი შეთავაზებაც ადამიანს ხელეწიფება, ოდითგანვე საკულტო ხასიათს ატარებდა: გავიხსენოთ საკრალური ხელოვნების ისტორია (არქიტექტურა, მხატვრობა, ქანდაკება, პოეზია, მუსიკა...), საგუნდო საკრალური მუსიკის დიდი ისტორია, ასევე ინსტრუმენტული საკრალური მუსიკა: საუკუნეების მანძილზე მრავალმა კომპოზიტორმა, შეუდარებელმა იოჰან სებასტიან ბახმა, ჰენდელმა, ვივალდიმ, მენდელსონმა, სკარლატიმ, პერგოლეზიმ, შთამაგონებელი მუსიკალური ნაწარმოებების საბადო შექმნეს, მათი ხელოვნება მათივე რწმენისა და ნიჭის ნაყოფია, ყველასთვის ხელმისაწვდომი.
არსებობს გარკვეული ანალოგია საეკლესიო ხუროთმოძღვრების ისტორიასა და ორგანის ტექნიკური განვითარების ისტორიას შორის: ორივე არის ხალხისგან შემდგარი, ეკლესიისთვის შექმნილი სტრუქტურა, ისინი ქრისტიანობის ისტორიაში შეიქმნა „სილამაზის“ და ხელოვნების და არა მხოლოდ „სარგებლის“ კრიტერიუმით. ამიტომაც საეკლესიო ორგანი ძვირფასი ინსტრუმენტია, რომელიც ამდიდრებს ლოცვასა და სულიერებას. ხელოვნება საუკუნეებს აღემატება, ყველა ზღვარს ლახავს, რადგან ადამიანის სურვილია საკუთარი თავის უზენაესი და იდეალური ხატება დატოვოს, მშვენიერების ის ხატება, რისი შექმნაც მას ძალუძს. ბუნებრივია, რომ იგი ადამიანის ცხოვრების უმაღლეს ეტაპს, ანუ ღმერთთან მის ურთიერთკავშირს გამოსახავს. ხელოვნება ჩვენი, ადამიანური, ნიჭია, რომ უფრო მარტივად გავაცნობიეროთ იმ სამყაროს სილამაზე, სადაც შემოქმედმა მოგვიხმო და რომ ჩვენ, რომლებსაც გველის მასთან პირისპირ შეხვედრა, აღვიქვათ მის ხატად ყოფნის სილამაზე.
ორგანის შექმნის ისტორია
თავდაპირველად სიტყვა ,,ორგანი“ აღნიშნავდა ზოგადად მუსიკალურ ,,ინსტრუმენტს“. ძველად ოსტატურად აგებულ ამ ტიპის ინსტრუმენტებს უწოდებდნენ ,,ორგანას“ (organa), მათ გამოიყენებდნენ როგორც ყოფით გარემოში, ასევე წმიდა ცერემონიების დროს. სიტყვის ეტიმოლოგია უნდა ვეძებოთ სანსკრიტზე ,,urgas“ (ძალის, ენერგიის გამოშვება), ხოლო ბერძნულად ,,org“ და ,,erg“ (ენერგია, ძალა, თრობა, აღტკინება..). ჰიდრავლოსის ანუ წყლის ორგანის გამოგონება მიეწერება ბერძენ ინჟინერს, კტესიბიოსს, რომელიც ცხოვრობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. ორ საუკუნეზე ნაკლები დასჭირდა, რომ ეს ინსტრუმენტი ფართოდ გავრცელებულიყო ელინურ სამყაროში; დელფოში, რომელიც განთქმული იყო აპოლონის სანკტუარიუმით, ორგანი მუსიკალურ-რელიგიური ზეიმების ობიექტი იყო. შემდგომში ორგანი იმდენად გავრცელდა, როგორც იმპერიულ რომში ფორტეპიანო.
საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ბარბაროსთა შემოსევების გამო ინსტრუმენტს აღარ გამოიყენებდნენ დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ბიზანტიის იმპერიამ მისი გადარჩენა შეძლო. საიმპერატორო ორგანების მილები შეიძლებოდა ყოფილიყო ოქროსი, ვერცხლის ან მოოქროვილი სპილენძის, ხოლო კორპუსის პანელები სადაფითა და ძვირფასი თვლებით იყო მოჭედილი. ორგანის დასავლეთში დაბრუნების თარიღად 757 წელს მიიჩნევენ, სწორედ მაშინ, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე კოპრონიმუსმა ძვირფასი ორგანი საჩუქრად გაუგზავნა ფრანკთა მეფეს პიპინ მოკლეს. შემდგომ წლებში ინსტრუმენტმა სწორედ მონასტერთა სიმყუდროვეში, და არა სასახლეებსა და ციხე-სიმაგრეებში, იპოვა შესაფერისი გარემო და კულტურული პირობები თავისი, როგორც ლიტურგიის ბრწყინვალე და წარმატებული მსახურის, განვითარებისათვის.
შემდგომში, ხშირად გვხვდება დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ორგანის გავრცელებას ევროპის საკათედრო ტაძრებსა და დიდ მონასტრებში. აღორძინების ხანიდან ორგანი გახდა მთავარი ინსტრუმენტი ეკლესიებში და ხელოვნების ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიკავა მდიდარი მუსიკალური ნაწარმოებების წყალობით: ჰიმნები, ვარიაციები, ტოკატები, საგალობლები... ბაროკოს პერიოდში დიდი მუსიკალური ფორმების აფეთქება მოხდა: ფუგები, ფანტაზიები, საგუნდო პრელუდიები და ვარიაციები. კლასიკურ პერიოდში საორკესტრო კომპოზიციის განვითარებამ ორგანის მიმართ ინტერესი გაანელა, მაგრამ რომანტიზმის ეპოქაში ორგანის მრავალმხრივმა ექსპრესიულობამ კიდევ ერთხელ შთააგონა კომპოზიტორები, რომ შეექმნათ ახალი და მრავალფეროვანი მუსიკალური ფორმები. ორგანისთვის შექმნილი კომპოზიციები მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ვითარდება და იხვეწება.

ორგანის აგებულება
ორგანი ყველაზე დიდი სასულე მუსიკალური ინსტრუმენტია, როგორც ზომით, ასევე წარმოებული ბგერების მრავალფეროვნებით. მისი მთავარი ნაწილებია: მილები, კლავიატურა და პედალი. ვერტიკალური ლითონის მილები დაწყვილებულია 3 ან 4 ჯგუფად თითო გასაღებისთვის, მათი რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს 200-დან 30000-მდე. არსებობს ორი ძირითადი ტიპი: ფლეიტა (ლამელების გარეშე) და ლერწამი (მოქნილი ლითონის ან ხის ლამელებით). კონსოლი ორგანის ის ნაწილია, რომელიც შეიცავს კლავიატურებს, რეგისტრებს, პედალს და ინსტრუმენტის მუშაობისთვის აუცილებელ ყველა სამართავ კლავიშს. ხმოვანება მილებში შემავალი ჰაერის სვეტის წნევის ცვალებადობით წარმოიქმნება, იმის ანალოგიურად, როგორც ჩვენი ხმა გამოიცემა ამოსუნთქვის გზით. ძლიერი პოლიფონიური უნარი ანუ ერთდროულად მრავალხმიანობის წარმოქმნა ორგანს ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტს შორის უნიკალურს ხდის.
რომელია ყველაზე დიდი ორგანები მსოფლიოში?
მსოფლიოში სამი უდიდესი ორგანია:
ატლანტიკ სიტი - ნიუ ჯერსი - საკონფერენციო დარბაზი - 33,114 მილით
ფილადელფია - პენსილვანია - უონამეიკერის დიდი უნივერმაღი (!) - 28,604 მილით.
ვესტ პოინტი - ნიუ-იორკი - სამხედრო აკადემიის კადეტთა სამლოცველო (!) - 23 500 მილით, ყველაზე დიდი ორგანი რელიგიურ შენობა-ნაგებობაში.
გამონათქვამები ორგანის შესახებ
„ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ორგანი... ქარისა და კლდის, ჰაერისა და ფორმებისაგან შექმნილი ზეადამიანური ინსტრუმენტია. ჩვენს ეკლესიებში ორგანი ღვთაებრივ ხმას გამოსცემს, რადგან ის აკავშირებს შემოქმედის გონებას ადამიანის გონებასთან“ (იეჰუდი მენუჰინი, 1916-1999 წწ.).
„ორგანი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი, ყველაზე მასიური, ყველაზე ბრწყინვალე ინსტრუმენტია, რაც კი ადამიანის გენიას შეუქმნია. ის მთელი ორკესტრია, გარკვეული თვალსაზრისით, კვარცხლბეკია, რომელზედაც სული დაივანებს, რათა შემდგომ სივრცეში აიჭრას და ფრენისას ათასგვარი წარმოსახვა შექმნას, დახატოს გზა, განვლოს უსასრულობა, რომელიც ცასა და მიწას ჰყოფს. რაც უფრო მეტად უსმენს პოეტი ამ დიად ჰარმონიებს, მით უფრო მეტად ხვდება, რომ მუხლმოდრეკილ ადამიანებსა და საკურთხევლის თვალისმომჭრელ სხივებში მიმალულ ღმერთს შორის, მიწიერი გულის ასობით ხმას - მხოლოდ მათ - ძალუძს გადალახოს მანძილი და მოგვევლინოს შუამავლად, საკმაოდ ძლიერად, რომ ზეცამდე აიტანოს ადამიანთა ლოცვები“ (ონორე დე ბალზაკი - ,,ჰერცოგინია დე ლანჟე“).
„ორგანი ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელზეც შესაძლებელია ნოტის საკმარისად დიდხანს დაყოვნება, რათა წარმოქმნას დროისა და მარადისობის შთაბეჭდილება“ (ოლივიე მესიანი).
„ჩემს თვალში და ჩემი ყურისათვის ორგანი ყველა ინსტრუმენტის მეფეა. მეტისმეტად ბევრი იმისთვის, რასაც ვაკეთებ, მეტისმეტად ცოტა იმისთვის, რისი გაკეთებაც შემიძლია“ (ვოლფანგ ამადეუს მოცარტი, წერილი მამისადმი, 1777 წლის 18 ოქტომბერი).

ლიტურგიის ორგანისტი
თუკი ესოდენ მნიშვნელოვანია ორგანის როლი, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ორგანზე დამკვრელი პირის მოვალეობაც. იყო ლიტურგიის ორგანისტი, გუშინდელის მსგავსად, დღესაც ნიშნავს ნამდვილად ლიტურგიის მსახურს, რაც „ყოვლად არსებითია საკრებულოსთვის, ასევე ნიშნავს სპეციფიკური მსახურების შეთავაზებას მუსიკალური ანიმაციის კუთხით. ინსტრუმენტის ფლობის სათანადო გამოცდილების გარდა, მან უნდა იცოდეს და სიღრმისეულად შედიოდეს ლიტურგიის სულში, სულიერი მომზადებით და შინაგანი სიმდიდრით. უზრუნველყოს დღესასწაულების გამდიდრება სხვადასხვა ნაწილის ხასიათის მიხედვით და წაახალისოს მორწმუნეების ჩართულობა“. ცხადია, რომ ქრისტიანული რწმენისა და მისი არსის გათავისების გარეშე, ამ მუსიკალურ ფუნქციას სარწმუნოდ ვერ განახორციელებ. ამიტომ, აუცილებელია სულიერ და ლიტურგიულ მომზადებაზე ზრუნვა, იმისათვის, რომ ორგანისტმა მორწმუნე კრებულთან ერთად შეიგრძნოს ლიტურგია, მთელი თავისი ცოდნა ჩადოს (პროფესიული უნარი) იმაში, რომ უფლის სახელით შეკრებილ ზეიმის ნამდვილ გმირს ახსოვდეს „mirabilia Dei“ და ადიდოს ღმერთი. მადლიერება გვმართებს მათ მიმართ, ვინც წლების მანძილზე სთავაზობდა ამ მსახურებას ჩვენს საკრებულოებს, მადლობა დიეგო ბონატოს, თანაშემწე ფედერიკო მაესტრელისთან ერთად და ჩვენს ეპისკოპოსს ამ საჩუქრისათვის!
მადლობა, რამეთუ ამ მუსიკალური ინსტრუმენტის მეშვეობით თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების ეკლესია, დიადი წარსულის კვალდაკვალ, იქნება უფლისადმი ლოცვაში მყოფი ერთსულოვანი და სტუმართმოყვარე, სამაგალითო და მიმზიდველი, ლაღი და გულმხურვალე სამრევლო ჩვენი დედაქალაქის ცენტრში.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა"/ თებერვალი, 2024
Bình luận