კარიტასი (ლათინურად - გულმოწყალება) კათოლიკე ეკლესიის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 162 ქვეყანაში ეწევა ჰუმანიტარულ მისიას. თავისი საქმიანობით, თანამშრომელთა და მოხალისეთა რაოდენობით საერთაშორისო კარიტასი თვით წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასაც კი აჭარბებს.
კარიტასის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1891 წლიდან, პაპ ლეონ XIII-ის ცნობილი ენციკლიკიდან ,,Rerum Novarum“ იღებს სათავეს. ამ პერიოდიდან სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის კოორდინაციისათვის 1950 წელს ვატიკანში დაფუძნდა საერთაშორისო კონფედერაცია ,,საერთაშორისო კარიტასი“, რომელიც საკონსულტაციო სტატუსით თანამშრომლობს გაეროსთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კარიტასი თავისი მისიის უკეთ განხორციელებისათვის მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის, ასევე მუსლიმურ, იუდაურ, ბუდისტურ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან.
1994 წლიდან კარიტასი უკვე საქართველოში ჩამოყალიბდა და სამი ათეული წელია აქტიურად არის ჩაბმული ქვეყანაში განხორციელებულ საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ პროცესებში. ,,საქართველოს კარიტასი“ ჰუმანიტარულ მისიას ახორციელებს ყველგან, სადაც კი ამის აუცილებლობაა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირდა საკვები პროდუქტების მოპოვება, ,,საქართველოს კარიტასმა“, წმიდა საყდრის სადესპანოს მხარდაჭერით, დანიიდან, იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მიიღო მრავალი ასეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც სამართლიანად ნაწილდებოდა ყველასთვის, ვისაც კი დახმარება სჭირდებოდა. ამავე წლებში კარიტასმა თბილისში დააფუძნა ჰუმანიტარული სასადილო, რომელიც წლების განმავლობაში ყოვედღიურად ათეულობით ადამიანს აპურებდა ხარისხიანი საკვებით. 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდგომ, სექტემბრის პირველი დღეებიდანვე, საქართველოს კარიტასმა უდიდესი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა ლტოლვილ მოსახლეობას.
სამი ათწლეულის განმავლობაში, ,,საქართველოს კარიტასმა“, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, განახორციელა მრავალი დიდი თუ მცირე პროექტი, რომლის აღნუსხვას ,,საბას“ ეს ნომერი არ ეყოფა. კარიტასის ჰუმანიტარულ საქმიანობაში აღსანიშნავია მისი უმთავრესი პრინციპი: დაეხმარო ყველას, ვინც საჭიროებს ქველმოქმედებას. არა აქვს მნიშვნელობა კონფესიურობას, უფრო მეტიც, დახმარება გაეწევა უკლებლივ ყველას, ნებისმიერი რელიგიის მიმდევრებსაც და მათაც, ვინც არ აღიარებს არცერთ რელიგიას. სწორედ ამიტომაც კარიტასს ფართოდ უღებენ კარს ყველა ქვეყანაში.
მართალია, კარიტასი კათოლიკური ეკლესიის მიერ არის დაფუძნებული, მაგრამ შორს არის ყოველგვარი პროზელიტიზმისაგან. ამის თვალსაჩინოდ, ერთ ფაქტს მოვიყვან საქართველოს უახლესი ისტორიიდან. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ,,საქართველოს კარიტასმა“ თბილისში ააშენა საქველმოქმედო ცენტრი, სადაც ბენეფიციარები მართლმადიდებელი ახალგაზრდები იყვნენ. კარიტასისა და წმიდა საყდრის სადესპანოს გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ცენტრთან აიგო სატაძრო ნაგებობა, ქართული ეროვნული არქიტექტურული ფორმების სრული დაცვით და საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს; უკვე ორი ათწლეულია, ამ ტაძარში აღესრულება მართლმადიდებლური მსახურება, რომელსაც, კარიტასის ბენეფიციარებთან ერთად, ნაძალადევის უბნის მართლმადიდებლი მრევლიც ესწრება.
,,საქართველოს კარიტასის“ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, ლუკა ქიმერიძეს. ,,საქართველოს კარიტასი“ კათოლიკე ეკლესიის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ,,სიყვარულის ცივილიზაციის“ დასამკვიდრებლად იღვწის; აქ დაცულია ყოველი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები, უზრუნველყოფილია მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალება და სოლიდარობა, საზოგადოებრივი ინტერესები პირად ინტერესებზე მაღლა დგას, ხოლო გარემოს დაცვა საყოველთაო საზრუნავია“, - აღნიშნა მან.
საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასის“ ისტორია, ფაქტობრივად, იწყება 1992 წლიდან, როდესაც დანიამ საქართველოს გაუწია ჰუმანიტარული დახმარება, რაც ესაჭიროებოდათ მარტოხელა ხანდაზმულებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საავადმყოფოებს, ომის ვეტერანებს და სხვ. თუმცა, ოფიციალურად, საქართველოს კარიტასმა 1994 წლის 28 ოქტომბერს მოიპოვა ,,საერთაშორისო კარიტასის“ (Caritas Internationalis) მიერ აღიარება, როგორც არაკომერციული, არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციისა და მასში გაწევრიანდა.
დღესდღეობით, კარიტასი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია, რომელიც აქტიურად მუშაობს სოციალურ, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროებში.
კარიტასს საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი საქველმოქმედო პროექტები აქვს განხორციელებული: მაგალითად, ჰუმანიტარული სასადილო, რომელიც ემსახურება უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ადამიანებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, ბავშვებს და, ამჟამად, უკრაინელ ლტოლვილებს. ხანდაზმულთა დღის ცენტრი „ჰარმონია“ არა მხოლოდ აკმაყოფილებს სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების საბაზისო მოთხოვნილებებს, არამედ მხარს უჭერს მათ სოციალიზაციას, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, სოციალურ აქტივობას, გართობასა და უფლებების დაცვას. ასევე, ძალიან აქტუალური პროექტია ტანსაცმლის შეგროვება და დარიგება, ან მიგრაციის პროექტი, რომელიც მუშაობს მიგრანტების საქართველოში ნებაყოფლობით რეინტეგრაციაზე.
ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობას განამტკიცებს ისეთი პროექტები, როგორიცაა დღის ცენტრები, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვების გაძლიერებას, ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობასა და ინსტიტუციებში განთავსების პრევენციას ემსახურება; მცირე, საოჯახო ტიპის სახლები, რომელთა მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ოთხჯერადი კვებით, ურიგდებათ სეზონური ტანსაცმელი, ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები. ყველა მათგანისთვის ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის დახმარება, უტარდებათ თემატური შეხვედრები სხვადასხვა თემაზე, როგორიც არის ბავშვთა უფლებები და სხვა. ბავშვები იღებენ დახმარებას სკოლაში მიცემული საშინაო დავალების მომზადებაში, აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები კარიტასის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრში, ამზადებენ ულამაზეს ხელნაკეთ ნივთებს კარიტასის სოციალურ საწარმოში. სხვა პროექტებთან ერთად, მნიშვნელოვანია წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი, მშობელთა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის აუცილებლობა ბავშვების ფსიქო-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა.
საქართველოს კარიტასს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში შინმოვლის განვითარების კუთხით, რაც გულისხმობს სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდებას საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი და საჭიროებენ ზრუნვას. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ასევე მოიცავს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრს, ზრუნვის სახლს და ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის ცენტრს.
კარიტასი, ასევე, მუშაობს დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ჯანდაცვის სფეროში, ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში გვაქვს მოწყვლადთათვის შინმოვლის სერვისი და ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი; სოციალურ სფეროში - ჰუმანიტარული სასადილო ქუთაისში, მათ შორის, შორ მანძილზე დახმარების ფონდი, უსახლკაროთა თავშესაფარი და „იმედის სახლი“ ბათუმში; ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ბავშვები, სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ოჯახებიდან, დახმარებას ღებულობენ სასკოლო საგნების მომზადებაში, დამატებით სწავლობენ მათემატიკას, ქართულ და ინგლისურ ენებს, ცეკვას, სიმღერას; გარდა ამისა, გამოიმუშავებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს და სხვ. სამხრეთ საქართველოში გვაქვს ეშტიის, არლისა და ვალეს ბავშვთა დღის ცენტრები, რომლებიც ადგილობრივ ბავშვებს ემსახურებიან და ქმნიან საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეს. შინმოვლის სამსახური სამხრეთ საქართველოშიც მუშაობს.
ერთ, მეტად მნიშვნელოვან საკითხზეც მსურს მკითხველის ყურადღების შეჩერება; როდესაც ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით კი საქველმოქმედო სფეროში მოქმედ სამსახურებზე, მნიშვნელოვანია მათი დაფინანსების წყაროების, დონორებისა და, რაც მთავარია, დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა. რა საშუალებებით ხდება მაღალბიუჯეტური დაფინანსება, როგორ ნაწილდება ეს თანხები, რამდენად ეფექტური შედეგი მოაქვს ამა თუ იმ განხორციელებულ პროექტს. ,,საქართველოს კარიტასის“ შემთხვევაში, ეს წყაროები ღია და საჯაროა.
"საქართველოს კარიტასის" პროექტები ხორციელდება სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ფონდიდან მოძიებული დახმარების წყალობით, კერძოდ კი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების მეშვეობით, ხოლო ერთჯერადი დახმარებები - კარიტასის სტუმრებისა და ვიზიტორების თანადგომითა და შემოწირულობით. მოსახლეობის სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით,საქართველოს კარიტასი თანამშრომლობს მთავრობასთან და ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ.
საქართველოს კარიტასის შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა სოციალური საწარმოები, რომლებიც შექმნილია ორგანიზაციის სოციალურ მიზნებში ინვესტირებისათვის. ამ საწარმოთა მიერ გამომუშავებული, ასევე საქართველოს კარიტასის ფასიანი სერვისებით მიღებული შემოსავალი უკანვე უბრუნდება ორგანიზაციის მისიას.
და კიდევ ერთი დეტალი: შესაძლოა, მავანმა იფიქროს, რომ ჩემს გარშემო ამდენი გაჭირვებულია და მათ კარიტასი არ ეხმარებაო. კი ბატონო, ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მრავალი გაჭირვებულია და ყველას ერთი რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია, თუნდაც მეტად მაღალბიუჯეტური, ვერ გასწვდება. ამიტომაც, რაც არ უნდა მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაცია ფუნქციონირებდეს, მთავარი მაინც სამთავრობო სტრუქტურების მიერ აღმოჩენილი ხელშეწყობა და დახმარებაა. კათოლიკე ეკლესიას კი, რომლის მრევლის ხვედრითი წილი ქვეყანაში 0,5 პროცენტია, და საქართველოში მოქმედ რელიგიათა შორის მეოთხე ადგილზეა, ვერ მოვთხოვთ შეჭირვებულ ადამიანთა პრობლემის სრულად გადაწყვეტას.
დაბოლოს, კიდევ ერთი საკუთარი გამოცდილება ,,საქართველოს კარიტასის“ საქველმოქმედო პროექტებთან მიმართებაში: რამდენიმე წლის წინ ვსტუმრობდი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელ ეშტიას, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკეა, მოქმედებს კარიტასის ადგილობრივი ფილიალი, ეშტიელი მოზარდებისათვის არის სხვადასხვა ინტერესთა წრე, მათ შორის, ქართული ენის შემსწავლელი, რომელიც კარიტასის აქტივობით გაიხსნა. სწორედ ამ წრის დამსახურებაა, რომ ჯავახეთის სოფელში, სადაც ვერ მოხერხდა მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის შესწავლისათვის ხელშეწყობა, ვერც საბჭოთა ხელისუფლების, ვერც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ეპოქაში, დღეს მასში გაერთიანებული მოზარდები თავისუფლად საუბრობენ ქართულ ენაზე, რაც ამ რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ, ,,საქართველოს კარიტასი“, თავისი საქმიანობის 30 წლის განმავლობაში, მრავალრიცხოვან მოხალისესთან ერთად, ნამდვილად ეროვნულ საქმეს ახორციელებს და სწორედ ეს არის სახარების სიხარულით გაწეული ქრისტიანული სამოქალაქო მსახურება.
ნუგზარ ბარდაველიძე
ჟურნალი "საბა"/ ნოემბერი, 2024
Comments