• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სიყვარული, აღსარება და შიში – პაპი ახალგაზრდების კითხვებს პასუხობს



სლოვაკეთში, კოშიცესის მხარეში პაპი სლოვაკ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ლოკომოტივის, საფეხბურთო კლუბის საშინაო არენაზე გაიმართა. ახალგაზრდებმა პაპს სამ მნიშვნელოვან თემაზე დაუსვეს კითხვები. ესენია: სიყვარული, აღსარება და შიში.


სლოვაკეთში ყოფნის დროს, წმინდა მამამ მოუსმინა სლოვაკ ახალგაზრდებს და მათ შეკითხვებს უპასუხა.


პირველი კითხვაშეყვარებულ წყვილს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს შეეხებოდა:


“სიყვარული არის ცხოვრების ყველაზე დიდი და ძვირფასი ოცნება, ის არა მხოლოდ ემოცია და გრძნობაა, არამედ ერთგულებაა მთელი ცხოვრების მანძილზე, მადლი და პასუხისმგებლობა. იმისათვის,რომ ცხოვრება მშვენიერი იყოს, აუცილებელია სიყვარული და გმირობა. ჯვარცმული ქრისტე მაგალითია სრულად თვითშეწირვის უსაზღვრო სიყვარულისა და გამბედაობისა.


ყოველი ადამიანი უნიკალური მადლიადა მას შეუძლია გადააქციოს თავისი ცხოვრება სხვისთვის მადლად. ნამდვილი სიყვარული დაკავშირებულია ოჯახთან, შვილებთან, საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც გიღებენ შენ, შენი ნაკლოვანებებით.


იმისათვის, რომ სიყვარულმა ნაყოფი გამოიღოს, არ უნდა დავივიწყოთ საკუთარი ფესვები. მოინახულეთ პაპები და ბაბოები, რაც ძალიან წაადგება თქვენს ცხოვრებას. დაუსვით მათ კითხვები, მეტი დრო გაატარეთ მათთან და ყურადღებით მოუსმინეთ მათ ისტორიებს. დღევანდელი ციფრული სამყარო შეიცავს ადამიანებისა და ნივთების მიმართ ვირტუალურ განზომილებაში მიდგომის საფრთხეს, შეიცავს საკუთარი ფესვების დაკარგვის რისკს”, – აღნიშნა წმინდა მამამ.


„დაუკავშირებლობა რეალურ ცხოვრებასთან – ბოროტის საცდურია. უფალს სურს, რომ მყარად ვიდგეთ მიწაზე, დავრჩეთ კავშირში ცხოვრებასთან და ვიყოთ ყოველთვის გახსნილები. სიყვარულს სჭირდება ეგოცენტრიზმის, უიმედობის, წუწუნისა და დამანგრეველი პესიმიზმისაგან გაფრთხილება. ჩვენ შექმნილი ვართ იმისათვის, რომ მზერა ზეცას მივაპყროთ“.


კითხვაზე, თუ როგორ უნდა გადალახოს ადამიანმა ღმერთის წყალობისკენ მიმავალ გზაზე არსებული წინაღობები, წმინდა მამამ უპასუხა შემდეგნაირად: “აღსარებისთვის მზადებისას, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ, თუ ვინ დგას მის ცენტრში, ცენტრში არა ცოდვები, არამედ ზეციერი მამაა, რომელიც გვაძლევს ცოდვების მიტევებას. აღსარებაზე მისვლისას დაემსგავსეთ ბავშვებს, რომლებიც მირბიან თავისი მოსიყვარულე მამისაკენ ჩასახუტებლად”.


რომის ეპისკოპოსმა ურჩია ახალგაზრდებს, აღსარების შემდეგ დარჩნენ ტაძარში რამდენიმე წუთით, რათა იფიქრონ მიღებულ მიტევებაზე – „აღსარების საიდუმლოში ცენტრალური ადგილი უნდა ეკუთვნოდეს მოსიყვარულე მამას, მაშინ ყველაფერი გალამაზდება, ხოლო აღსარება გადაიქცევა სიხარულის საიდუმლოდ, სადაც არ არსებობს შიში. ამიტომაც აუცილებელია, რომ სულიერი მოძღვრები იყვნენ გულმოწყალენი, არა ცნობისმოყვარენი, არა ინკვიზიტორები, არამედ ძმები, რომლებიც წინ წაგიძღვებიან მამის გულში ჩასაკრავად. ნუ დაივიწყებთ, ყოველ ჯერზე, როცა მიეახლებით აღსარების საიდუმლოს, ზეცაში ზეიმია. დაე, ასევე იყოს დედამიწაზეც“.


მესამე შეკითხვა დასვეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც გაიარეს მძიმე გამოცდა: “როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს შიშის გარეშე ჯვრისგულში ჩაკვრით?“


პაპმა მადლობა გადაუხადა მათ დამოწმებისათვის და აღნიშნა, რომ “ჩახუტება” – არის უმშვენიერესი ზმნა.


“ჩახუტება გვეხმარება შიშის დაძლევაში, როცა გვეხუტებიან, კვლავ ვიძენთ საკუთარი თავისა და ცხოვრებისადმი რწმენას. მაშ, დავრთოთ ნება იესოს ჩაგვიკრას გულში, ვინაიდან ქრისტეს ჩახუტება კვლავ გვძენს იმედს. ჯვარს ვერ ჩაეხუტები მარტო, ტკივილი ვერავის მოარჩენს, არამედ ტანჯვა გადაიქცევა სიყვარულად. გისურვებთ ამ სიხარულს, რომელზე ძლიერიც არაფერია ამ ქვეყნად. მსურს, რომ გადასცეთ ეს თქვენს მეგობრებს,არა როგორც დარიგება, არამედ როგორც სიხარული. არა სიტყვით, არამედ ღიმილით და ძმური სიახლოვით”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი