11 თებერვალს კათოლიკე ეკლესია სნეულთა რიგით 23–ე მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ ეპისტოლე გამოსცა.

ეპისტოლეში, პაპი ფრანცისკე წმიდა პავლე მოციქულის სიტყვებზე დაყრდნობით ქრისტიანული იმედის მნიშვნელობაზე საუბრობს: “სასოება არ გვარცხვენს” (რომ. 5,5). ეს სიტყვები გვესაუბრება რწმენის ძალაზე ცხოვრებისეული განსაცდელების დაძლევისას“.
„ხანგრძლივი ავადმყოფობა მძიმე ხდება და განსაცდელად იქცევა არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულისთვისაც. ასეთ მომენტებში ადამიანი თავს გრძნობს განსაკუთრებით სუსტად და დაუცველად. ყოველი სნეულის გულში ჩნდება კითხვა: “როგორ შევინარჩუნო რწმენა და იმედი, როცა ტანჯვამ დაჩრდილა ცხოვრების სიხარული? ამ მძიმე ვითარებაში ქრისტიანს სჭირდება ღვთის მადლითა და სულიწმიდის ძალით განსაკუთრებული მხარდაჭერა“, – აღნიშნავს წმიდა მამა.
პაპმა გაიხსენა იესოს სიტყვები, რომლებიც სნეულებს იმედს აძლევს: “ახლოს არის ღვთის სასუფეველი”(ლუკა 10,9). „ღმერთი არ ტოვებს ადამიანს სატანჯველში, ავადმყოფობა იქცევა დროდ, როცა ადამიანი პოულობს შინაგან საყრდენს, ურყევ ძალას, რაზეც შეიძლება დაყრდნობა და ცხოვრებისეული ქარიშხლების გადალახვა. მიუხედავად მსხვერპლისა, ეს გამოცდილება, აძლიერებს რწმენას და აჩვენებს, რომ ადამიანი მარტო არ არის. ხსნის საიდუმლო იმალება სნეულებაში, რადგან ის იძლევა შესაძლებლობას განიცადო ნამდვილი ნუგეში ღვთისგან, რომელიც ყოველთვის ახლოს არის“ - განმარტავს რომის ეპისკოპოსი.
„სნეულება არა მხოლოდ დროებითი გამოცდაა, არამედ ის არის პერიოდი მადლის მიღებისა. ასეთ მომენტებში ჩვენ განსაკუთრებულად ნათლად ვაცნობიერებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმედი და როგორი ფასდაუდებელია ცხოვრების ყოველი წამი. ტანჯვების მეშვეობით ვაცნობიერებთ, რომ ყოველგვარი იმედი მომდინარეობს ღმერთისგან, იგი უპირველეს ყოვლისა, მადლია, რომელიც უნდა მივიღოთ და გავზარდოთ ჩვენში ღვთის სურვილის ერთგულად დარჩენით.

ტანჯვისას ჩვენ ვგრძნობთ საჭიროებას, რომ ტკივილი გავუზიაროთ სხვებს. სნეულების ჟამს, ღვთის ყოფნისა და თანადგომის გარდა, ვხვდებით ირგვლივ მყოფთა მზრუნველობას. ჩვენ ვხდებით იმედის ანგელოზები მათთვის, ვინც ჩვენს გვერდით არის და ვსწავლობთ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების დაფასებას - ექიმის ღიმილს, ახლობლის გამოხედვას, მზრუნველი მეგობრის ყურადღებას. სწორედ ასეთ სოლიდარობაში ვლინდება ძალა მხარდაჭერისა.
ეპისტოლეს ბოლოს, წმიდა მამა ხაზგასმით აღნიშნავს: “ამ საიუბილეო წელს სნეულები და მათი დამხმარეები იქცევიან ნიშნად სხვებისათვის, ისინი ხდებიან იმედის საგალობლად და ადამიანური ღირსების ჰიმნად. მათი ხმა სცდება საავადმყოფოს პალატებს და მოუწოდებენ საზოგადოებას თანაგრძნობისა და ურთიერთ მხარდაჭერისაკენ. უწმიდესი ქალწული მარიამის ხელთ ვავედრებ თქვენზე ზრუნვასა და განკურნებას, ვლოცულობ თქვენთვის და გიგზავნით სამოციქულო კურთხევას ყველა ტანჯულთ და მათ, ვინც თქვენზე სიყვარულით ზრუნავს”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments