top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სოხუმის კათოლიკური ტაძრის დღესასწაული – 28 ოქტომბერი

Updated: Nov 5, 2023


28 ოქტომბერს კათოლიკე ეკლესია სოხუმში წმინდა სიმონ კანანელის სახელობის კათოლიკური ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს. ამჟამად, ტაძრის წინამძღვარი მამა იეჟი პილუსია.



XIX საუკუნის მეორე ნახევარში, პოლონეთის აჯანყების შემდეგ, აფხაზეთში ჩამოასახლეს პოლონელები, რომლებმაც ამ მიწაზე დააარსეს ერთ–ერთი დიდი კათოლიკური სამრევლო.


ტირასპოლის ეპარქიის, 1864 წლის კატალოგის თანახმად, სოხუმის სამრევლოში იმ დროისათვის 2 759 მორწმუნე იყო.


1860–იან წლებში, ახლანდელი ლეონის ქუჩის (იმდროინდელი დიდი ქუჩის) კუთხესა და პოლიციის, ახლანდელი გულიას ქუჩის კუთხეში მდებარეობდა პოლკოვნიკ ზავადსკის სახლი, რომელმაც იგი საჩუქრად გადასცა კათოლიკე საზოგადოებას (ახლანდელი სოხუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელი). ამ შენობაში განათავსეს ტაძარი.

1877–1878 წლებში, რუსეთ–თურქეთის ომის დროს, შენობა განადგურდა. XX საუკუნის დასაწყისში, სოხუმელ კათოლიკეებს არ ჰქონდათ შენობა სალოცავად, ამიტომაც ისინი კერძო სახლებში იკრიბებოდნენ. 1908 წელს მათ ააგეს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის მცირე ტაძარი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.


სოხუმში კათოლიკე საზოგადოების უმეტეს ნაწილს პოლონელები წარმოადგენდნენ. ტაძრის მშენებლობის დასაწყისისათვის აქ 1000–ზე მეტი პოლონელი ცხოვრობდა. თავდაპირველად, ეკლესიას არ ჰყავდა მღვდელი, ამიტომაც აქ მოდიოდნენ:1908–1911 წლებში მღვდელი რუბინსკი, ხოლო შემდგომ,1911–1917 წლებში, მღვდელი ალექსანდრ შტანგი. ეს მღვდლები სოხუმში ჩამოდიოდნენ ნოვოროსისკიდან.


1917 წლის 28 მაისს აქ პირველი ადგილობრივი მღვდელი მამა პოტროვსკი დაინიშნა. რომაულ–კათოლიკურ სამრევლოში პოლონელი მორწმუნეების მიერ ასევე დაარსდა ეროვნულ–კულტურული საზოგადოება “Dom Polski” (პოლონური სახლი). საზოგადოების ხელმძღვანელად დაინიშნა მოძღვარი მამა პოტროვსკი. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამკვიდრების შემდეგ, ადგილობრივი კათოლიკეები სასტიკად იდევნებოდნენ. უამრავმა მორწმუნემ რეპრესია განიცადა. სოხუმის ტაძარი დაიკეტა და 1993 წლამდე მასში იყო განთავსებული აფხაზეთის სახელმწიფო არქივი.


1992 წლიდან, შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირებს არ შეეძლოთ ემსახურათ აფხაზეთში, სამრევლო გადაეცა წმინდა კლიმენტის სახელობის სარატოვის ეპარქიას. სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა წმინდა სიონისა და თადეოსის სახელობის, სოჭის სამრევლოს მღვდელი, მამა ბოგდან სევერინი, რომელიც პერიოდულად ჩამოდიოდა სოხუმში ღვთისმსახურების აღსასრულებლად და ადგილობრივი კათოლიკეების დასახმარებლად.


1996 წლამდე ღვთისმსახურება აღევლინებოდა სოხუმის ბოტანიკური ბაღის კლუბში, ხოლო შემდგომ ტაძარი აღდგა და გადაეცა სამრევლოს. ამ დროიდან ტაძარში რეგულარულად აღევლინებოდა წმინდა წირვები.


2011 წლიდან დღემდე, სოხუმის კათოლიკურ სამრევლოში 150 ადამიანია, აქედან 80 ადამიანი სოხუმში ცხოვრობს.


2005 – 2006 წლებში აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა იმდროინდელი სამოციქულო ნუნციუსი საქართველოსა და სომხეთში, მისი აღმატებულება არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი (ამჟამად ნუნციუსი დიდ ბრიტანეთში) და შეხვდა აფხაზეთის ე.წ. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.


2011 წლიდან, თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წმინდა სიმონ კანანელის სახელობის კათოლიკურ სამრევლოს სოხუმში უსასყიდლოდ გადაეცა ტაძრის შენობა,რომელიც ეკუთვნის აფხაზეთის კულტურულ–ისტორიულ მემკვიდრეობას.

სოხუმის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარია მამა იეჟი პილუსი.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page