top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სულთმოფენობის წირვა პაპმა ვერონაში აღავლინა

სულთმოფენობის დღესასწაულს პაპი ფრანცისკე იტალიის ქალაქ ვერონაში შეხვდა. რომის ეპიკოსკოპოსი ვერონას 18–19 მაისს ესტუმრა. მისი ვიზიტი ვერონის მფარველის, წმინდა ზენონის გარდაცვალებიდან 1650 წლის იუბილეს მიეძღვნა.  



სულთმოფენობის დღესასწაულზე პაპმა ფრანცისკემ წმინდა წირვა ვერონაში, ბენტეგოდის სახელობის მოედანზე აღავლინა. წმინდა წირვაზე 1500 ადამიანისგან შემდგარი მგალობელთა გუნდი გალობდა.


ქადაგებისას წმინდა მამამ მაგალითად მოიყვანა ბიბლიის ერთი ეპიზოდი, სადაც წმინდა პავლე მოინახულებს ერთ-ერთ საკრებულოს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა სულიწმიდის არსებობის შესახებ (საქმ. 19.1-2). თანამედროვე ადამიანმა არც თუ ბევრად მეტი იცის სულიწმიდაზე, რომელიც ქრისტიანული ცხოვრების პროტაგონისტია. ჩვენ იგი [სულიწმიდა] მივიღეთ ნათლობისას, უფრო ‘მეტი დოზით’ მირონცხების საიდუმლოში, მაგრამ ხშირად ყურადაც არ ვიღებთ მის რჩევებს, განსაკუთრებით კეთილისა და ბოროტის გარჩევისას“, - აღნიშნა პაპმა.


ასევე წმინდა მამამ სულთმოფენობის დღესასწაულის სიდიადეზე ისაუბრა. "სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ, შეშინებული მოწაფეები გამოვიდნენ და გაბედულად დაიწყეს ქადაგება. სწორედ სულიწმიდა გვაძლევს გამბედაობას ვიცხოვროთ ქრისტიანულად. ის კრებს სხვადასხვა ერს, ენასა და კულტურას ერთად და განამტკიცებს ეკლესიას სიყვარულში, ერთობითა და ჰარმონიით. ასეთია სულთმოფენობის სასწაული. ის გარდაქმნის ეკლესიაში შეერთებულ, შეშინებულ ადამიანებს გამბედავებად".


"ჩვენ ყველას გვჭირდება სულიწმიდა, რათა აღივსოს ჩვენო გულები, ოჯახები, ქალაქები, საკრებულოები, სამუშაო ადგილები ჰარმონიით. ამ ჰარმონიის საპირისპირო კი არის ომი და ურთიერთ კვლა. ომები და ერთმანეთთან ქიშპობა ნამდვილად ვერ იქნება სულიწმიდის საქმე, რადგან სულიწმიდა განმტკიცებულია მხოლოდ და მხოლოდ ჰარმონიაში. სულთმოფენობის ამ დღეს მოწაფეებთან ერთად იმყოფებოდა ქალწული მარიამიც. შევთხოვოთ მას, გამოითხოვოს ჩვენთვის სულიწმიდის მადლი", - თქვა პაპმა ფრანცისკემ 19 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე.



18 მაისს კი პაპი ფრანცისკე „სან ზენო მაჯორეს“ ბაზილიკაში, ვერონის  ადგილობრივ სასულიერო პირებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას, პაპმა ისაუბრა სასულიერო პირების მსახურების ძირითად ასპექტებზე, მოწოდებასა და მისიაზე.


„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის მომენტი, როდესაც უფალმა მოწყალე მზერა მოგვაპყრო და მოგვიწოდა, რომ გავყოლოდით. მისიონერს უნდა ჰქონდეს გამბედაობა და შრომისმოყვარეობა“, – აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა და გაიხსენა, რომ სწორედ ვერონელმა ხალხმა შექმნა „წმინდა საძმო“ ღარიბების დასახმარებლად. „მწყემსებს მოეთხოვებათ სიწმინდე და სიმამაცე მოწყალების საქმეებში, დროის ნიშნების ამოცნობის უნარი, ხოლო აღმსარებლებისგან უპირობო წყალობა მონანიეთა მიმართ. ეკლესიის ადამიანები უნდა იყვნენ შთაგონებული სახარებით, ამოწმებდნენ ღვთის სიკეთეს და ყველგან გაავრცელონ სიყვარული, რომელიც სიძულვილსა და სიკვდილზე ძლიერია“.


პაპი ასევე ესაუბრა ბავშვებსა და ახალგაზრდებს სან-ზენოს მოედანზე და ხაზი გაუსვა, რომ „უფლის მოწოდება ადამიანთა გულებს ყოველთვის ავსებს სიხარულით, რომელსაც თან ახლავს კეთილი საქმეები. იესო მოწაფეებს სთხოვს იყვნენ მშვიდობის ნიშანი. ახლა, როცა დედამიწაზე ამდენი ომია, მნიშვნელოვანია განერიდოთ კამათს, ისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და გაუზიაროთ ეს ცოდნა ერთმანეთს. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ რწმენა, გაბედულად უნდა წახვიდეთ დინების საწინააღმდეგოდ. უსმინოთ საკუთარ გულებს და სიკეთე გაუკეთოთ მოყვასს“, - ურჩია წმინდა მამამ.

შოთა გიქოშვილი





コメント


bottom of page