• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სულიერი წვრთნები წეროვანში


სულიერი წვრთნანი, წეროვანი, 2022 წლის 25-27 მარტი


საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სხვადასხვა საკრებულოს წარმომადგენლები 25 მარტს, ხარების დღესასწაულისთვის აღვლენილი წირვის შემდეგ, შევიკრიბეთ წეროვანში. ჩასვლისთანავე, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ მოგვიწვია ეკლესიაში განსაკუთრებული ლოცვისთვის - პაპმა ფრანცისკემ რუსეთი და უკრაინა მარიამის უმანკო გულს მიუძღვნა, მიძღვნის აქტში მონაწილეობა მიიღეს მთელი მსოფლიოს კათოლიკეებმა.


ზუსტად 20.00 საათზე ჩვენც შევუერთდით რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძრიდან კაპუცინი ბერებისა და ბენედიქტელი მონაზვნების მიერ ერთობლივად აღვლენილ "სავარდის" ლოცვას. სწორედ ეს ლოცვა ჩვენი სულიერი ვარჯიშების პირველ ნაბიჯად იქცა.


„კაცი, სათნო გულისა თვისისა“ (1 მეფ 13,14), დავით მეფის ფიგურა და ჩვენ“ - ასეთი თემა იყო შემოთავაზებული ჩვენი ეპისკოპოსის, ჯუზეპე პაზოტოს მიერ სულიერი ვარჯიშების მონაწილეთათვის. ვინ იყო დავითი? - უბრალო მწყემსი, ქნარზე დამკვრელი, უფლისთვის სასურველი (მისი სახელი „საყვარელს“ ნიშნავს), ღმერთს მინდობილი, ცხებული, მეფსალმუნე... მაგრამ, იმავდროულად, იგი სასტიკ ცოდვას სჩადის, ეს არის ცოდვილი ადამიანის სახე, რომელსაც ეძლევა შესაძლებლობა ღმერთს დაუბრუნდეს. ერთადერთი გამოსავალია გულწრფელი სინანული: დავითი აცნობიერებს თავის დანაშაულს, გულს უხსნის ღმერთს და შეწყალებას სთხოვს.


ექვსი მედიტაცია, მამა ჯუზეპეს განმარტებანი, დუმილის საათები, ერთად აღვლენილი ლოცვები, „ჯვრის გზა“, რომლის დროსაც მეუფის თხოვნით თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ლოცვა წარმოთქვა - ეს იყო საოცარი გამოცდილება ერთობის, სიყვარულისა და სულიერი აღზრდის, სულიერი საკვები, რომელიც ესოდენ გვჭირდება დღეს... დრომ მალე გაირბინა და ყველას სურვილი იყო - კიდევ შევიკრიბოთ!


მადლობა ჩვენს მასპინძლებს სოფოს და იოსებს! მადლობა მეუფე ჯუზეპეს, ჩვენზე მზრუნველ სულიერ მამას! მადლობა უფალს, რომელმაც გვიბოძა ეს შეხვედრა!




ლალი მარგველაშვილი