სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მასშტაბურ საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა
- catholic.ge
- Jun 2
- 1 min read
2025 წლის 27-30 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა - მასშტაბურ აკადემიურ პლატფორმას, რომელიც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან 25-ზე მეტ პროფესორს აერთიანებს და ქმნის ინტერდისციპლინურ სივრცეს ქართული და საერთაშორისო აკადემიური წრეებისთვის.

კვირეული საზეიმოდ 27 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონია მოიცავდა მისასალმებელ სიტყვებს, უნივერსიტეტის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას, ასევე ოფიციალურ მიღებას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, მამა აკაკი ჭელიძემ, უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და პრორექტორმა, პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ.
განსაკუთრებული იყო საქართველოსა და სომხეთში წმიდა საყდრის ელჩის, მისი აღმატებულება მონსინიორ ანტე იოჟიჩის გზავნილი, რომელიც გახსნაზე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, შორენა პარუნაშვილმა გააჟღერა.
საერთაშორისო კვირეული – 2025 გამორჩეული იყო თავისი მასშტაბით, თემატური მრავალფეროვნებითა და პროფესიული ღირებულებით - კვირეულმა გააერთიანა სხვადასხვა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციები, ისეთ თემებზე, როგორიცაა:
· სამედიცინო განათლების გამოწვევები
· თეოლოგია და რელიგიის კვლევები
· ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები
· განვითარების კვლევები
· შედარებითი და ევროპული სამართალი
კვირეულში მონაწილეობა მიიღეა მოწვეულმა მეცნიერებმა პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან და ინდოეთიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღონისძიების საერთაშორისო მნიშვნელობას.
საერთაშორისო კვირეული მხოლოდ აკადემიური კონტექსტით არ შემოიფარგლა. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილი იყო სოციალურ-კულტურული პროგრამებიც, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა გაეცნოთ ქართული კულტურა და დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები არაოფიციალურ გარემოში.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო საქართველოში იტალიის ელჩი, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ'ანტუონო და სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
Comments