top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სუროგატის ქალიშვილი

მისი მამა 37 წლის იყო, დედა კი 48-ის, როდესაც ისინი ამაოდ ცდილობდნენ შვილის გაჩენას. წყვილი საფრანგეთში ცხოვრობდა, საკმაოდ მდიდრები იყვნენ და როდესაც მიეცათ შესაძლებლობა, მათ დაიქირავეს ამერიკელი ქალი, რომელიც თავის კვერცხუჯრედს და საშვილოსნოს სხვებს სთავაზობდა. ასე დაიბადა ოლივია, იგი ახლა 32 წლისაა, სამი შვილის დედაა და იმ ჯგუფის წევრია, რომლებმაც კასაბლანკაში წარმოადგინეს დოკუმენტი, სახელწოდებით ,,საერთაშორისო დეკლარაცია სუროგაციის გაუქმების შესახებ“. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში ,,Avvenire“ (06.04. 2024), სათაურით: ,,ოლივია მაურელი, დაბადებული დაქირავებული საშვილოსნოდან: ამ საიდუმლომ კინაღამ მომკლა“.



სუროგატის ქალიშვილი, რომელიც ხდება სუროგაციის მთავარი მტერი. მაინც რა მოხდა, ოლივია მაურელ? 

მოხდა ის, რომ დაბადებისთანავე განვიცადე მიტოვების ტრავმა: ხელში არ ამიყვანა იმან, ვინც ცხრა თვის განმავლობაში  მუცლით მატარებდა, ვინც მესაუბრებოდა, ვინც მკვებავდა, სხვებს გადამცეს, რომ ამით დასრულებულიყო მასთან კონტრაქტი, ვინც სამყაროში ჩემი მოვლინებისთვის თანხა გადაიხადა. მე, ახალშობილს, მომთხოვეს დედაჩემისა და ჩემი წარმომავლობის გაწირვა უფროსთა სურვილის გამო.

 

ოლივია, შენ უკვე ზრდასრული იყავი, როცა სიმართლე გაიგე. გააცნობიერე თუ არა მოტივი, რაც შენს მშობლებს ამოძრავებდა?

მე მიყვარს ჩემი მშობლები. ძნელია, ხალხს გააგებინო, რომ ვებრძვი არა ადამიანებს, არამედ სისტემას.

მაინც რა მოხდა ?

მიტოვების ტრავმამ ღრმა კვალი დატოვა ჩემში. განვიცდიდი დამოკიდებულებას, ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, თვითმკვლელობაც ვცადე, ვერ ვამყარებდი ურთიერთობას, რადგან ყოველთვის მეშინოდა, რომ მიმატოვებდნენ. სწავლა არ დამიმთავრებია. საიდუმლო ტრიალებდა ოჯახში და შინაგანად ვგრძნობდი, რომ მე ვიყავი ბავშვი, რომელიც შეუკვეთეს, როგორც საქონელი.

 

როდის გაიგეთ, რომ სუროგატი დედისგან დაიბადეთ?

2022 წლის დასაწყისში ჩემი ეჭვები რეალობად იქცა, აშშ-ში ჩატარებული დნმ-ის ტესტის შედეგად. სხვადასხვა გამოკვლევის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მყავდა ნახევარძმები, ნახევარდები, ბიძაშვილები, ბიძები და სუროგატი დედა.

 

ცოტა ხნის წინ თქვენ გამოხვედით სუროგაციის წინააღმდეგ: ისაუბრეთ გაეროში, ჩეხეთისა და ხორვატიის პარლამენტებში... რატომ?

მსურს, არცერთმა ბავშვმა არ განიცადოს ის, რაც მე განვიცადე ჩემი წარმოშობის შესახებ სიმართლის დადგენისას. სუროგაცია ბავშვებსა და ქალებს ვაჭრობის საგნად აქცევს. ბავშვებს ფასს ადებენ, ხოლო ქალებს რეპროდუქციული უნარის გამო იყენებენ. ყველაფერი ელემენტარულია.

 

თუმცა, ბევრი იცავს ქალთა თავისუფლებას და მზად არიან ხელი მოაწერონ სუროგაციის კონტრაქტს.

არა მგონია, რომ ქალებს, რომლებიც სუროგაციაში ერთვებიან, სრული წარმოდგენა ჰქონდეთ იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს ორსულობის დროს და მას შემდეგ. მათ შეიძლება დაკარგონ ბავშვი, შეიძლება მასთან მიჯაჭვულობის გრძნობა გაუჩნდეთ და არ მოინდომონ მისი გადაცემა, შეიძლება  ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ მიღებული ჰორმონების გამო.

 

რთულია ბრძოლა ისეთ გლობალურ ბიზნესთან, როგორიც სუროგაციაა?

დიახ, ასეა, ჩვენ ვებრძვით გიგანტს, მაგრამ ამას სიმართლის გულისთვის ვაკეთებთ. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვაგრძელებ ბრძოლას. სუროგაციის შესახებ საერთო უცოდინრობა სუფევს: ცოტამ თუ იცის, როგორ მუშაობს ის. პოლიტიკოსებს შორისაც კი არიან ისეთები, ვისაც ხელეწიფება რაიმეს შეცვალა ამ მიმართულებით.

 

ზოგადად, სუროგაციის შესახებ ნარატივი სულ სხვა მიმართულებით მიდის...

დიახ, ჩვენ მივეჩვიეთ მშვენიერი ისტორიების მოსმენას იმ წყვილთა შესახებ, რომლებიც ამ გზით ახორციელებენ მშობლად გახდომის თავიანთ ოცნებას, ან ამბებს ბავშვების შესახებ, რომლებიც ბედნიერი არიან, სუროგაციის გზით რომ დაიბადნენ. მე არ ვამცირებ ამ გამოცდილებას, მინდა ყველა ბედნიერი იყოს და არ ვადანაშაულებ არც წყვილებს, არც ჩემს მშობლებს, რომლებსაც სუროგაციის არჩევანი ვერცხლის ლანგრით მიართვეს. მე ვადანაშაულებ ქვეყნებს, მთავრობებს, რომლებიც ნებას რთავენ, რომ სუროგაცია ლეგალურად არსებობდეს  და ზომებს არ იღებენ ამ პრაქტიკის წინააღმდეგ. თუმცა არის ერთი მომენტი: ვერ ვიტყვით, რომ ყველა პოზიტიური ამბავი, რომელსაც ვისმენთ, უმრავლესობის შესახებაა: მრავალი ადამიანი იტანჯება ამის გამო, არაფერს ამბობენ, რადგან ძნელია დაუპირისპირდე ამ პრაქტიკას. ეს ყოველივე მეც ძვირად მიჯდება: ხანდახან მიწოდებენ ჰომოფობს, ფაშისტს, ულტრაკონსერვატორს, მატყუარას... მას შემდეგ, რაც სუროგაციის საყოველთაო გაუქმებისთვის დავიწყე მუშაობა, 2023 წლის ივნისში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი: ოჯახის მრავალმა წევრმა ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა, ყველაფერში მადანაშაულებდნენ, მაგრამ, სანაცვლოდ, ვიგრძენი ძალა, სიმართლე, ზნეობა...


ახლა, როცა შენი წარმომავლობის შესახებ შეიტყვე, გაქრა ის სულიერი დისკომფორტი, რასაც განიცდიდი?

დიახ, ბოლოს და ბოლოს, ვიცი ვინ ვარ, გავიგე ჩემი გენეტიკური წარმომავლობის, ჩემი ოჯახის შესახებ, გავიცანი ჩემი ნახევარძმა და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, მატიასთან ქორწინებისა და შვილების გაჩენის შემდეგ. მე ვიცი, ვინ მინდა ვიყო: ადამიანი, რომელიც ავრცელებს სიმართლეს სუროგაციის შესახებ, იმ სიმართლეს, რასაც ჟურნალ-გაზეთებში ვერ შეხვდებით, ადამიანი, რომელსაც ძალიან ეშინია ვინმეს განაწყენების.

 

იტალიაში მალე მიიღებენ კანონს, რომელიც კრძალავს სუროგაციის პრაქტიკას მისი მოქალაქეებისათვის. ეს სწორი გზაა?

ეს ერთადერთი გზაა. თუ ადამიანი საზღვარგარეთ მიდის ბავშვის ასაყვანად, რაც არაეთიკურია, მან იცის, რომ ციხე ემუქრება, ეს კი ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია.


ხუთშაბათს (4 აპრილს) თქვენ რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდით, როგორ ჩაიარა ამ შეხვედრამ?

პაპმა კარგად იცის სუროგაციისთან დაკავშირებული პრობლემები, ის ეთანხმება იმ აზრს, რომ ეს არის დიდი ბაზარი. ამან შთამაგონა, რომ გავაგრძელო ბრძოლა.

 Iner Georgia - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში 

 

 ჟურნალი "საბა"/ 2024, ივნისი

 

Comments


bottom of page