რამდენი შეხვედრა მოაწყო სამთავრობო აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონფესიის წარმომადგენლებთან კეთილშობილური განზრახვით, რათა ესაუბრათ მათი მდგომარეობის შესახებ საქართველოში. თუმცა ხშირად უკითხავთ მის მონაწილეებს, ღირს კი შეხვედრების გაგრძელება, თუკი მიღებულ შედეგებს გავითვალისწინებთ. იმედგაცრუებულები დავრჩებით, როცა ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმეს ძებნას დავიწყებთ პარტიების საარჩევნო პროგრამებში; როგორც ჩანს, ყველაზე მეტად აინტერესებთ პატრიარქის წინაშე მუხლმოყრილი ან ანთებული სანთლით ხელში ფოტოების გადაღება, ისიც მართლმადიდებლურ დიდდღესასწაულებზე, და მეტი არაფერი. ამიტომაც კვლავ გრძელი და აღმართიანი გზაა გასავლელი. ეს პრობლემები რომ გადაიჭრას, უნდა არსებობდეს ძლიერი, საერთო საფუძველი...
როგორც ჩანს, საფუძველი ტოლერანტობაში, საზოგადოების დემოკრატიულ კონცეფციასა და ადამიანის საყოველთაო უფლებების დეკლარაციაში დევს. რა თქმა უნდა, ყველა იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის; მაგრამ ასკეტური შრომა, რასაც ტოლერანტობა მოითხოვს, როგორც დამაჯერებლობის, ისე სანდოობის კუთხით, როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციურ დონეზე, აღარ არის აქტუალური და გახდა გაუგებარი, შემთხვევითი, არარსებული, ამიტომაც შემაშფოთებელია კავშირი ავთენტურსა და არაავთენტურს, ბუნებრივსა და არაბუნებრივს, ინდივიდუალურსა და სოციალურს, სუბიექტურსა და ობიექტურს, უცვლელსა და ცვალებადს, მისაღებსა და მიუღებელს შორის, რაც არაერთ გარემოებას ტოვებს ორაზროვან და უსამართლო „დე ფაქტოში“. თუკი მართალია, რომ: „ჩემ გარდა სხვაგანაც არის ჭეშმარიტება“, მაშინ მანძილი ფრაზამდე: „განსხვავებების მიმართ გულგრილობა“, როგორც პოლ რიკიორი ამბობდა, ძალიან მოკლეა. და ეს ცვლილება დღევანდელ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება ყველას თვალწინ... მაშინ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის, რომ სხვისმა სიმართლემ არ გააღვივოს გულგრილობა? სწორედ აქ იჩენს თავს ინტოლერანტობის (აუტანლობა, ამტანიანობის დაკარგვა), როგორც ტოლერანტობის უკანასკნელი თავშესაფარი, ტოლერანტობა კი ჯერ კიდევ აქტუალურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აღარ რჩება დრო მოთმინებისთვის, ალტერნატიული მსახურებისთვის, შიმშილობით გამოხატული პროტესტისთვის...
გარკვეულად რომ ვთქვათ, კიდევ უნდა ვიჩენდეთ ტოლერანტობას იმის მიმართ, რომ საქართველოში არ არსებობს რელიგიებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისა და საეკლესიო ქონების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების სურვილი? ტოლერანტობა უნდა გამოვიჩინოთ იმის მიმართ, რაც პარიზში ოლიმპიადის გახსნისას ვიხილეთ? ნუთუ ტოლერანტობას უნდა ვიჩენდეთ იმის მიმართ, რომ მხოლოდ ზოგიერთს აქვს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და სხვები ყოველთვის ჩუმად უნდა იყვნენ, თორემ „ფანატიკოსებად და სულელებად“ შერაცხავენ? ინტოლერანტი ყოველთვის იწვევს აღშფოთებას, ანუ მძიმე რეაქციას, განსხვავებით მოდუნებული საზოგადოებისაგან, რომელიც მზად არის მიიღოს ყველაფერი თანაბრად უმნიშვნელოდ „ინკლუზიურობის“ და განსხვავებულობის სახელით. თუკი აღშფოთება ბარიერად აღიმართება, განსაკუთრებით მორალური გულგრილობის წინაშე, განგაშის ზარი უნდა შემოკრას, ახალი „გონივრული ბალანსი“ უნდა ეძიოს აღშფოთების „ცივილურ“ ბრაზს შორის და ხელახლა აღმოაჩინოს თანამედროვე კულტურის მტვერმოკიდებული წყაროები, რომელიც გამოიხატება მამაკაცისა და ქალის, ღმერთის შესახებ ობიექტური სიმართლის მიღებაში, ბუნების კანონებისა და საერთო სიკეთის დაცვაში. ცხადია, ინტოლერანტი პრობლემურია შეძენილი ტოლერანტობის კონტექსტში და სრულიად აქტუალურია მხოლოდ იმ კულტურაში, რომელიც ტოლერანტობით არის ნაკვები. ეს მოლოდინი რომ გამართლდეს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კი შესაძლებელი იყო და ვუპასუხეთ ზოგიერთ წინასწარ დასმულ კითხვას: როგორ ამოვიცნოთ ინტოლერანტი? რით ხასიათდება იგი? ვისი სახელით უნდა დაიგმოს? იქნებ მე თავად ვარ გულგრილი ტოლერანტი?
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა"/ სექტემბერი, 2024
Comments