top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ტურინის სუდარის ონლაინ დათვალიერება იქნება შესაძლებელი

2025 საიუბილეო წელს, ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, სპეციალური პროგრამისა და ონლაინ ტრანსლაციის დახმარებით, მილიონობით მორწმუნეს შეეძლება ონლაინ იხილოს რელიკვია. 

 


15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა საიუბილეო წლის ლიტურგიული ზეიმის დეტალები და ინიციატივები, ტურინის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა რობერტო რეპოლემ, თანამედროვე მსოფლიოში ტურინის სუდარის აქტუალობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „სუდარა არის ხილული სახე უსამართლოდ დასჯილი, ნატანჯი და მოკლული ადამიანისა, რაც ზუსტად ეხმაურება დღევანდელობის ტრაგედიას, ომებს, ეპიდემიებს, ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ტანჯვას, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, სუდარა არის იმედის მომცემი, იმიტომ, რომ იგი არ დასრულებულა მარცხით, არამედ მიმართულია მარადიულობისაკენ“.

 

ამ წელს, ჩვეულებრივი გამოფენის ნაცვლად, ტურინის სუდარას ხილვა  განსხვავებული ფორმატით იქნება შესაძლებელი. კასტელოს მოედანზე, საკათედრო ტაძრის უკან, კარავი დაიდგმება, რომელიც მიიღებს ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს. კარვის შიგნით ყველას შეეძლება უკეთ გაეცნოს რელიკვიის ისტორიას და მის მნიშვნელობას. სუდარის ასლი ორიგინალის ზომებში განთავსდება სპეციალურ მაგიდაზე, სადაც ნაჩვენები იქნება ისეთი დეტალები, როგორიცაა ქრისტეს სახე, ეკლის გვირგვინისა და ლურსმნების კვალი.

 

ტურინის სუდარის ლიტურგიული მოხსენიებაა 4 მაისს, ამ საიუბილეო წელს კი, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას  შეიძენს. რწმენა და იმედი, რომელსაც ეს სუდარა განასახიერებს, სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ ტურინში, სადაც იგი ინახება, არამედ მთელს მსოფლიოში.

 

კარდინალ რეპოლემ იმედი გამოთქვა, რომ ტურინის სუდარის საზეიმო წარდგენა ხელს შეუწყობს ფართო აუდიტორიის მოზიდვას, მათ შორის ახალგაზრდებისაც.

ქრისტეს სუდარა (აგრეთვე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა) — ქსოვილის ნაჭერია (სუდარა), რომელშიც იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ინახება ტურინის საკათედრო ტაძარში.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page