top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადავიდა: შობა 25 დეკემბერს აღინიშნება

2023 წლის 24 მაისს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდმა დაამტკიცა ბრძანება ახალ კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეკლესია შობას 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავს.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ეკლესიის მორწმუნეების უმრავლესობა და უკრაინული საზოგადოების უმრავლესობა ჩვენგან ელოდებოდა. ეს გადაწყვეტილება ადვილი არ იყო. დიდი ხანია, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვუახლოვდებოდით და ფრთხილად ვიღებდით. მაგრამ ეს ისეთივე აუცილებელი გადაწყვეტილებაა, როგორც ერთ დროს აუცილებელიიყო ღვთისმსახურებაში უკრაინული ენის შემოტანა, ტრადიციული სლავური ენის ნაცვლად. გადაწყვეტილება, გადავიდეთ განახლებულ კალენდარზე, რომელიც უფრო ზუსტია ასტრონომიულად და ეკლესიურად მიღებული, ტრადიციული აღდგომის დაცვით, ჩვენთვის თანაბრად ჭეშმარიტი და სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისას.


ცვლილება შეეხო ასევე რიგ დღესასწაულებს:


მფარველი ღვთისმშობლის დღესასწაული 14 ოქტომბრის ნაცვლად 1–ელ ოქტომბერს აღინიშნება. უფლის ნათლისღება 19 იანვრის ნაცვლად – 6 იანვარს, ხოლო წმინდა ნიკოლოზის ხსენება 19 დეკემბრის ნაცვლად 6 დეკემბერს იქნება.


„აღდგომისა და უწმინდესი სამების დღესასწაულები დარჩება იულიუსის კალენდრის მიხედვით. სამრევლოები, რომლებიც უარს იტყვიან დღესასწაულების ახალი წესით აღნიშვნაზე, შეუძლიათ დარჩნენ ძველ წესზე“, – ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებაში.


ოფიციალური გადაწყვეტილება ახალ კალენდარზე საბოლოო გადასვლასთან დაკავშირებით, ძალაში შევა 27 ივლისს, თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, ეპიფანეს თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და 2023 წლის 1 სექტემბრიდან ეკლესია ახალ კალენდარზე გადავა.


„ახალი კალენდრის შემოღების საკითხი ახალი ძალით გაჩნდა რუსული აგრესიის შემდეგ. დღეს, იულიუსის კალენდარი აღიქმება, როგორც დაკავშირება რუსულ საეკლესიო კულტურასთან. ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე (ახალი წესით) კალენდარს იყენებენ ის ეკლესიები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ადგილობრივ ეკლესიას, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგეები და, პირველ რიგში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მიჰყვებიან ძველ (იულიუსის) კალენდარს. ამიტომ, ჩვენი უკრაინული სულიერი იდენტობის შენარჩუნებისა და დამტკიცების სურვილი – დაცვა "რუსული სამყაროს" აგრესიისგან, მოითხოვს ჩვენგან დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება - შევუერთდეთ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობას და შემოვიტანოთ ახალი კალენდარი“, – ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.


ცნობისთვის, 25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ შემდეგი მართლმადიდებელი ეკლესიები: კონსტანტინეპოლის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ალბანეთის, საბერძნეთის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ამერიკის.


7 იანვარს აღნიშნავენ შობას: რუსეთის, იერუსალიმის, პოლონეთის, სერბიის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები.



ความคิดเห็น


bottom of page