• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუშვა შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ

2022 წლიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უფლებას აძლევს სამრევლოებს შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ. მათი განმარტებით, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა იგი რუსეთსა და მის ეკლესიას დაშორდეს, სადაც შობა, იულიუსის კალენდრის თანახმად, 7 იანვარს იზეიმება.



18 ოქტომბერს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც „მხედველობაში მიიღეს მრავალი თხოვნა და გათვალისწინებულ იქნა ის დისკუსია, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობს ეკლესიასა და საზოგადოებაში“.


უკრაინაში უკვე მრავალი წელია დისკუსია მიმდინარეობს, უნდა შეუერთდეს თუ არა უკრაინა დასავლეთს შობის აღნიშვნისას.


2017 წლიდან უკრაინაში 25 დეკემბერი სახელმწიფო დღესასწაულადაა აღიარებული და მორწმუნეებს საშუალება აქვთ საკუთარ ეკლესიებში ამ დღესასწაულზე ილოცონ. რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომმა, რომელიც თებერვალში დაიწყო, უფრო დააჩქარა რელიგიური და კულტურული კავშირის გაწყვეტა ქვეყნებს შორის, რაც გამყარებულია რუსეთის პატრიარქის, კირილეს მიერ ომის წახალისებით.


როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის დეკემბერში რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო. ეს ნაბიჯი კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის მიერ იქნა ნაკურთხი. რუსეთის ეკლესიიდან მყისიერად განდგომილი 7000 სამრევლო მოგვიანებით, უკრაინის საპატრიარქოს შეუერთდა. ომის შემდეგ კი, დაჩენილმა 1 600 სამრევლომ, რომლებიც კირილეს ერთგული იყვნენ, შეწყვიტეს ლოცვებში რუსეთის პატრიარქის მოხსენიება.

ოქტომბერში, უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ სამრევლო, რომელსაც სურს, რომ შობა 25 დეკემბერს აღნიშნოს, არჩევანში თავისუფალია. “ჩვენ არ გვსურს ვინმეს ვაიძულოთ... მრევლთან საუბრის შემდეგ, მე თავად გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე”, - განაცხადა არქიეპისკოპოსმა და უკრაინის საპატრიარქოს პრესმდივანმა, ევსტათი ზორიამ.


„უკეთესია, ეს პროცესი მომზადდეს ნელა და წარმატებით. ომამდე, მორწმუნეთა ერთ მესამედს სურდა შობის თარიღის ცვლილება, მაგრამ, ახლა კონსენსუსი გაცილებით მაღალია. 25 დეკემბერს შობის აღნიშვნა ასევე კარგი შესაძლებლობაა შემოწმდეს უკრაინის ეკლესიისადმი ერთგულების დონე“, – ამატებს უკრაინის საპატრიარქოს პრესმდივანი.

ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის, ეკლესიის ისტორიის პროფესორი, ტარას ფშენიჩნი ამბობს, რომ მისმა სტუდენტებმა სპონტანურად წამოჭრეს შობის 25 დეკემბერს აღნიშვნასთან დაკავშირებული საკითხი, რასაც ყველა დაეთანხმა.


მისივე თქმით, ამ წელს მის სახლში შობა ორივე თარიღზე აღინიშნება, რათა მშობლებს გული არ დაწყდეთ. „ტრადიციები შეიძლება იყოს პროგრესული ან რეტროგრადული. ჩვენ თავად უნდა გამოვეყოთ რუსულ კულტურას და მენტალურ ტრადიციებს, რომლებსაც დატყვევებული ვყავართ. ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. რუსეთი, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულთავის სამრევლოებს იყენებს იდეოლოგიის იარაღად. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება და პატრიარქი კირილე ომს სულ უფრო აპოკალიფსურ სახეს აძლევენ. ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სატანასთან დაპირისპირებასაც კი უწოდებს ამ ომს. ეს საშინელი ომი სულ უფრო აღრმავებს ორ ეკლესიას შორის უკვე წარმოქმნილ უფსკრულს“, - ამბობს პროფესორი.


ერთის მხრივ საჯარო და საეკლესიო (მართლმადიდებელი) საზოგადოება ერთგული დარჩა იულიუსის კალენდრისა, თუმცა მეორეს მხრივ, უკრაინა უკვე ემზადება პაპ გრიგოლ დიდის მიერ 1582 წელს დამტკიცებულ შობის თარიღზე გადასვლისთვის.


წყარო: www.adnkronos.com

შოთა გიქოშვილი