top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘უპოვართა ექიმი’ – მუჰამედ მაშალი 50 წელი ღარიბებს უფასოდ მკურნალობდა

“უპოვართა ექიმი” – ასე ეძახდნენ ექიმ მუჰამედ მაშალის, რომელმაც აღთქმა დადო, რომ არასდროს აიღებდა ღარიბებისგან მკურნალობის საფასურს და 50 წელი ასრულებდა პირობას.


მუჰამედ მაშალიმ სამედიცინო უნივერსიტეტი 1967 წელს უმაღლესი შედეგებით დაამთავრა. მისი სპეციალობა იყო ეპიდემიოლოგია, შინაგანი ორგანოების მედიცინა და პედიატრია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რამდენიმე სოფლის კლინიკაში მუშაობდა, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქ ტანტაში საკუთარი კლინიკა გახსნა.

 

იგი პაციენტებს: მუსლიმებსა თუ ქრისტიანი კოპტებს, თავის მოკრძალებულ კლინიკაში უსასყიდლოდ მკურნალობდა. ყველაზე ღარიბ პაციენტებს კი წამლის საყიდლად ფულსაც აძლევდა. ყოველდღე, მის კლინიკასთან რიგში ათობით პაციენტი იდგა. თავად დღეში 10–15 საათი მუშაობა უწევდა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი განეკურნა.

 

ექიმ მუჰამედ მაშალის არც ავტომობილი ჰყავდა და არც მობილური ტელეფონი ჰქონდა. 80 წლის ასაკშიც კი კლინიკამდე ფეხით გადაადგილდებოდა.

 

იგი უარს ამბობდა შემოწირულობებზე მისი კლინიკის პირობების გასაუმჯობესებლად და ამის სანაცვლოდ დონორებს მოუწოდებდა, ეს შემოწირულობები გადაეცათ უსახლკაროების, ობლებისა და გაჭირვებულებისთვის.

 

ერთხელ, სპარსეთის ყურედან ერთმა ბიზნესმენმა ექიმის შესახებ შეიტყო და მას საჩუქრად 20 000 დოლარი და ავტომობილი გადასცა. ერთი წლის შემდეგ, ამავე ბიზნესმენმა გაიგო, რომ ექიმმა ავტომობილი გაყიდა და იმ ფულით ღარიბ პაციენტებს დაეხმარა.

 

“უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მივხვდი, რომ მამაჩემმა საკუთარი ცხოვრება შემომწირა, რათა მე ექიმი გამოვსულიყავი. ამიტომ, აღვუთქვი ღმერთს, რომ ღარიბებისგან ფულს საერთოდ არ ავიღებდი და ყოველთვის ვიქნებოდი მოყვასის მსახურებაში, მიუხედავად იმისა თუ რომელი კულტურის ან რელიგიის წარმომადგენელი იქნებოდა ჩემი პაციენტი”, – ამბობდა მაშალი.

 

ამ პიროვნებამ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა სხვების სიცოცხლის გადარჩენას და გაჭირვებულთა დახმარებას. 

 

ექიმი მუჰამედ მაშალი 2020 წელს, 76 წლის ასაკში, არტერიული წნევის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.




შოთა გიქოშვილი 

Opmerkingen


bottom of page